მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პრესა
The Georgian International Festival of Art – Looking Back
11/15/2015
დადა მაზილოს თავბრუდამხვევი „კარმენი“

მაკა ვასაძე

 

 

  დადა მაზილოს „კარმენი“ - ემოციური, ექსცენტრიკული, ექსპრესიული, ტრადიციული, კლასიკური, პროფესიული, თანამედროვე, ეთნიკური, სიყვარულითა და ვნებით აღსავსე სანახაობა.განსაზღვრებები, რომლებიც ბიზეს, ბიზე-შჩედრინის, არვო პიარტის, მარია კალასის შესრულებითხაბანერას არიის ნაწყვეტებითა და სიჩუმის ეპიზოდებით შექმნილ ქორეოგრაფიულ სპექტაკლზე ფიქრისას და გადმოცემისას გიჩნდება, როდესაც გსურს ვინმეს გაუზიარო ნანახით გამოწვეული ემოცია, შთაბეჭდილება. ეს, დადა მაზილოსეული  ინტერპრეტაციაა - პროსპერ მერიმეს ცნობილი მოთხრობის, კლასიკად ქცეული ოპერის, ბალეტის, თუ, დადგმაზე მუშაობისას მის ცნობიერებაში ამოტივტივებული თანამედროვე მუსიკის. უცნაური, თავბრუდამხვევი, ეროტიკული, ულამაზესი თანამედროვე, პოსტპოსტმოდერნული  ბალეტი, სადაც ადამიანის, მოცეკვავის სხეულის ენა უმთავრესია, სადაც სხვა დანარჩენი მხოლოდ დამხმარე, შემავსებელი კომპონენტებია. დადა მაზილოს სპექტაკლში სცენოგრაფია მხოლოდ განათებით შემოიფარგლება, სხვადასხვა ეპიზოდში ფერთა გრადაციით იქმნება ატმოსფერო. ამ ემოციური მუხტით აღსავსე ბალეტში, წარმოუდგენელიც კი არის რაიმე დეკორაციის თუ რეკვიზიტის არსებობა სცენაზე, პირიქით, ალბათ, ხელისშემშლელიც კი იქნებოდა. კოსტიუმები ძირითადად შავ-თეთრ ფერებშია, მხოლოდ დადა მაზილოს კარმენია - წითელში შავი შტრიხებით გადაწყვეტილი. სხვადასხვა ჟანრის, სტილის, ფორმის მუსიკას თუ ცეკვას, ერთი შეხედვით,თითქოს ეკლექტურ ნაზავს, დადა მაზილო ფანტასტიკურად კრავს პოლისტილისტურ ქორეოგრაფიულ ნახაზში. დადა მაზილო - კარმენი ბუნებრივი ცეცხლით, ვნებით, სიამაყით აღვსილი პერსონაჟია. ქალისა და მამაკაცის ერთმანეთისადმი ბუნებრივი ლტოლვის, ვნების, სიყვარულის პრიზმაში აქვს გადაწყვეტილი ქორეოგრაფს სპექტაკლი. დადა მაზილოს „კარმენის“ სამყარო (როგორც ზოგადად ჩვენი სამყარო) - ამ ორი საწყისის ერთობასა და დაპირისპირებაზე, სიყვარულსა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზეა აგებული.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა „საჩუქარი“ - თავბრუდამხვევი დამაგვირგვინებელი აკორდით დაასრულა წლევანდელი სპექტაკლების პროგრამა. „კარმენი“ სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგის „ცეკვის ფაბრიკის“ (The Dance Factory) პროდუქციაა. თავად დადა მაზილო, თანამედროვე ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ვარსკვლავი, სამხრეთ აფრიკელია და სწორედ „ცეკვის ფაბრიკაში“ ეუფლებოდა ბავშვობიდან ცეკვის ხელოვნებას,შემდეგ სწავლა ბრიუსელის საბალეტო სკოლაში განაგრძო. დამთავრებისთანავე მშობლიურ „ცეკვის ფაბრიკაში“ დაბრუნდა და დღემდე იქ მოღვაწეობს. ახალგაზრდა ქორეოგრაფმა, მსოფლიოში სახელი გაითქვაკლასიკური ბალეტის გათანამედროვეობით, უფრო სწორად რომ ვთქვა, ინტერპრეტაციებით. იგი კლასიკურ ევროპულ ბალეტს, აფრიკულ ტრადიციულ, ფოლკლორულ ცეკვებს და თანამედროვე საცეკვაო მიმართულებებს ერთმანეთში ხლართავს და ჰარმონიულად კრავს.ამასთანავე არ ერიდება ამბის, ფაბულის ინტერპრეტაციებსაც. მაგალითად, „კარმენში“ ხოსე კვდება და არა კარმენი, „გედების ტბაში“ უფლისწულ ზიგფრიდს „შავი გედი“ უყვარდება და არა „თეთრი გედი“, რომელთან ურთიერთობაც არ სურსდაგაურბის. შავი გედის პარტიას კი, შავ „პაჩკაში“ გამოწყობილი, ბალერონი (მამაკაცი) ასრულებს. ხოლო, „რომეო და ჯულიეტაში“ ვერონა მულტიეთნიკურ ქალაქად აქცია. დადა მაზილო თავის დადგმებში მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა პრობლემას აქტიურად ეხმიანება. იქნება ეს, უმცირესობების თუ გენდერეული საკითხები, ქალთა თუ ზოგადად ადამიანთა უფლებები, აფრიკის კონტინენტზე არსებული სხვადასხვა სახისძალადობისა თუ  დაავადებათა პრობლემატიკა. მოკლედ რომ ვთქვა, მისი შემოქმედება ევროპული და აფრიკული კულტურების გადაძახილია. ერთ-ერთ ინტერვიუში დადა მაზილო ამბობს: „ჩემი ინტერპრეტაციები, არავითარ შემთხვევაში არ არის უპატივცემულობა უდიდესი ნაწარმოებებისადმი, მაგრამ ვუარყოფ კლასიკური ნაწარმოებების ხელშეუხებლობის პრინციპს“.

„კარმენი“ სიჩუმეში დადა მაზილო - კარმენის ცეკვით იწყება, რომელიც ვერბალური, ემოციური მოკლე მონოლოგით სრულდება.  დადა მაზილოს მშობლიურ ენაზე წარმოთქმულ წინადადებას, ინგლისურად გაჟღერებული „გინება“ აგვირგვინებს. ამიტომაც, გიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენთვის გაუგებარ ენაზე წარმოთქმულშიც ბევრი იქნებოდა სალანძღავი სიტყვა. ამით დამდგმელი კარმენის სოციალურ წარმომავლობაზე მიანიშნებს. ამ ორიგინალურ პროლოგს მოსდევს საოცარი ტემპერამენტითა და რიტმით განხორციელებული მასობრივი სცენა, სადაც იკვეთება კარმენის თავისუფლების მოყვარული ლიდერის ხასიათი. კარმენში არსებული ქალური, ვნებიანი საწყისი წინა პლანზე წამოსწია ქორეოგრაფმა და მოცეკვავემ. საერთოდ, ერთ საათიან სპექტაკლში ეროტიკა, უფრო მეტიც, სექსი ყველაფრის მამაოძრავებელ და განმსაზღვრელ კულტად არის წარმოჩენილი. დადა მაზილომ ცეკვის, სხეულის ენით გადმოსცა თავისუფლების მოყვარე კარმენის სულიერი და ხორციელი სიყვარულის არსი. დასაწყისშივე მოცეკვავეთა მოძრაობები ქალისა და მამაკაცის სქესობრივ ურთიერთობებზე მიანიშნებენ. მათი ყოველი მოძრაობა ეროტიზმითაა აღსავსე, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ლამაზად, ყოველგვარი უხამსობის გარეშეა გაკეთებული, რომ მაყურებელში მხოლოდ აღრფთოვანებას იწვევს. საცეკვაო წარმოდგენების ყურებისას, თვალშისაცემი და უშნოა მოცეკვევავეთა  ზედმეტწონიანობა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ „კარმენში“,  სცენაზე ხორცსავსე, ქალური ფორმებით უხვად დაჯილდოებულ ბალერინათა სხეულებიც კი ულამაზესია.

დადა მაზილომ „კარმენში“ სხვასთან ერთად, ეთნიკური საკულტო რიტუალიც ჩართო, რომელიც კარმენისა და ხოსეს, ულამაზესად, ემოციურად, ვნებიანად დადგმულ სასიყვარულო ეპიზოდს მოსდევს. მაგიურობის ელფერი დაჰკრავს ამ სცენას,  აფრიკელი მარჩიელისა და მისი დამხმარეების ეპიზოდზე ვსაუბრობ. განათებით, რიტმიკით, მოძრაობებთ იქმნება მისტიკური გარემო. მარჩიელი თითქოს ხოსესა და კარმენის ბიოველებს აკვირდებადა საშიშროებას შეიგრძნობს. ისინი ვნებით აღსავსე კარმენსა და ხოსეს დააშორიშორებენ, კარმენიმიჰყავთ, არ ტოვებენ ხოსესთან. მაზილოს შესრულების მანერაში ერთმანეთს ერწყმის ფლამენკო, აფრიკული ხალხური, რიტუალური მოძრაობები,  კლასიკური ბალეტის და ჰიპ-ჰოპის ელემენტები. გასაოცრად მეტყველი, პლასტიკური, მრავლისმთქმელი ხელების მოძრაობები აქვს. თითოეული მოცეკვავე სრულად ფლობს საკუთარ სხეულს, თითქოს მათ, თავინთი სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობის საიდუმლოს მიაგნეს და მთლიანად იყენებენ. მასობრივ სცენებში ქალები და კაცები - მშვენიერ, თავისუფალ, უშიშარ, ამაყ, ვნებიან, სიყვარულით აღსავსე ტიპაჟებს განასახიერებენ.

საინტერესოდ ჰყავს დანახული და წარმოჩენილი დადა მაზილოს ტორეადორის პერსონაჟი, რომელიც არა მარტო კოსტიუმით, არამედ შესრულების მანერითაც განსხვავდება ყველა დანარჩენისგან. მის ცეკვაში უფრო მეტია კლასიკური ბალეტიდან. ამ ტიპაჟის ხასიათის შექმნისას დადა მაზილომ იუმორიც ჩადო. იგი ხაზგასმულად ამოვარდნილია  სპექტაკლის საერთო სურათიდან. ერთი შეხედვთ გასაკვირია, რატომ გაცვალა კარმენმა მამაკაცური თვისებებით დამშვენებული ხოსე, ამ  თავმომწონე, გაფხორილ „ინდაურში“. მერე ხვდები, რომ ამით მაზილომ კარმენის თავისუფლებამოყვარეობას გაუსვა ხაზი. იმ მომენტში ტორეადორი ე. წ. „ახალი ხილი“ იყო და ამიტომაც  დაინტერესდა კარმენი ამ ტიპაჟით.ეჭვიანობით გაგიჟებული ხოსეკი არენაზე სასიკვდილოდ დაჭრილ ხარს ემსგავსება. იგი ცხოველად იქცევა, კარმენს ძალით აუპატიურებს, მასზე ძალოდობს. ძალადობას კი გამართლება არა აქვს. ამიტომაც დადა მაზილომ თავის დადგმაში ხოსე მოკლა და არა კარმენი.

დადა მაზილოს ქორეოგრაფია გამოირჩევა ორიგინალურობით, მოძრაობის, ზოგადად ცეკვის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, თავისებური ხედვით. მის დადგმაში მოცეკვავეები თავიანთი სხეულებით ვიზუალურად განასახიერებენ მუსიკის უხილავ ენას. 

 

11/20/2015
საშა ვალცი -,, ამ ქვეყანაში თეატრალური ხელოვნების დიდი მუხტია”

მანანა ტურიაშვილი

 მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი მაყურებელი მოუთმენლად ელოდა გერმანელი ქორეოგრაფის, საშა ვალცისა და მისი სპექტაკლის — „დღიური I — რვას აკლია ოცი წუთის“ მსახიობების თბილისში ჩამოსვლას. რუსთაველის თეატრის დარბაზში ტევა არ იყო და წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მქუხარე ოვაციები დიდი ხნის მანძილზე არ წყდებოდა. მაყურებლთა ტაშის გრიალში გამოვიდნენ მსახიობები, გერმანელი ქორეოგრაფი საშა ვალცი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე. ქართველმა ქორეოგრაფებმა — ნინო და ილიკო სუხიშვილებმა — გერმანელ შემოქმედს გადასცეს მიხეილ თუმანიშვილის პრიზი.

 საშა ვალცი,,აქ გატარებულმა დღეებმა მაგრძნობინა, რომ ამ ქვეყანაში თეატრალური ხელოვნების დიდი მუხტია. ჩემთვის პატივია ასეთი დიდი ადამიანის პრიზის მიღება. შეძრული ვარ და მიხარია, რომ ამ ჯილდოს მიღების სიხარულს თქვენთან ერთად ვზეიმობ”.

 რეჟისორი გიზო ჟორდანია ,,ძალიან მომეწონა სპექტაკლი, მისი იდეა, თემები. ამ წარმოდგენაში ცხოვრების სხვადასხვა მომენტების, სხვადასხვა ეპიზოდების საოცარი ახსნაა — ჭკვიანური, ორიგინალური, არაორდინალური. ეს არის ლტოლვა და ტრიალ ბედნიერებისათვის, კოსმოსისაკენ. ეს სპექტაკლი აბსურდის თეატრის აბსურდია და ამავე დროს — ძალზე რეალური.

  —ბატონო გიზო, ეს ხუთი პერსონაჟი თითქოს მთელ სამყაროს ქმნის… დედა ჩინელი, მამა ფერადკანიანი…

- რა თქმა უნდა, აქ კულტურების შეერთება და ადამიანების ურთიერთობის გასაღებია მოცემული. ამაოება და ოპტიმიზმი თითქოს ერთმანეთშია არეული. აქ ნელ-ნელა იწყება, ვითარდება და საბოლოოდ ძლიერ ემოციურ ფორმებში ყალიბდება. თავისი საქმის დიდი ოსტატები არიან!

 — ხუთი მსახიობი მონაწილეობდა და ისე იყო ყველაფერი აგებული, რომ მეგონა, ბევრნი იყვნენ...

- დიახ, საქმეც ესაა, რომ ისინი სამყაროს პერსონაჟები არიან და თან ბევრნი-მილიარდები. თითოეულ პერსონაჟში მილიარდია გამოხატული, თითოეულის განწყობაში — მილიარდის განწყობაა და სწორედ ეს არის საშა ვალცის დიდი ტალანატი

 ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილიამ სპექტაკლის ქორეოგრაფია არის მოდერნის სკოლა. პრივიტივიმზი — კონკრეტული კონცეფციით… მე მომწონს ასეთი ქორეოგრაფია, სადაც კონკრეტიკაა და ამავე დროს მოცეკვავის ინდივიდუალურობაც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო სცენებში და სინქრონულ მოძრაობებში გამეორებებია, რაც ჩემთვის მისაღები სვლაა. ეს არის ე. წ. „ჭკვიანი ბალეტი“, რომელიც ჩვენს ვიზუალურ მოძრაობებსა და ემოციას გადმოგვცემს. ვხედავთ, როგორ ვითარდება მთლიანობაში ნახაზი, საიდან შეიძლება წამოვიდეს, ვთქვათ, ერთი მოძრაობა და როგორ ვითარდება შემდეგში, რომ მერე მასიურში გადაიზარდოს. ან პირიქით — მოაკლდეს და მოაკლდეს… დღეს, ბევრი მუშაობს ასეთი მიდგომით, მაგრამ საშა ვალცს თავისი ხედვა აქვს და ის ძალიან ინდივიდუალურია… ფორმას იწყებს ერთი, ძალიან პრიმიტიული მოძრაობით და მერე ბოლოში ხვდები, რომ თურმე ამ მოძრაობიდან არის აგებული ესა თუ ის კომპოზიცია. ამიტომ ამ სპექტაკლს თვალყური უნდა ადევნო სცენის ორივე ფლანგზე — კუთხეში თუ სიღრმეში — სად, რა ხდება… რაც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ იქნება ან სინქრონი, ან რაღაც კულიმინაცია. ამ წარმოდგენაში მსახიობების მოძრაობა მუსიკასთან ერთად სუნთქავდა და ეს ძალიან მომეწონა. მუსიკალურ პაუზებზე იყო გაჩერებები და კონკრეტული რაღაც მოძრაობები — დაფიქსირება. ეს იყო გაკეთებული სუფთად, ამავე დროს  მსუბუქად, პრიმიტიულად მოწოდებული და უმაღლესი ხარისხით შესრულებული. თითქოს არაფერში — სრული კანონიკაა. ზოგიერთ მომენტში ქაოსიდან ისეთი კანონიკური რაღაც იქმნება, რომ ყველა ერთიანდება ან სცილდება, ვთქვათ მთავარ გმირს. საშა ვალცი, სცენიდან სცენაზე შეუმჩნევლად გადადის და ყველაფერს, თითქოს ფინალური სცენისთვის  ამზადებს… 

- სპექტაკლში არაჩვეულებრივად ასრულებენ ეროტიკულ სცენას, თუმც ეროტიკულსაც ვერ დავარქმევდით…

- რაც მთავარია, ვულგარული არ იყო… ცოტა უხეში, მაგრამ ეს სცენა, შეიძლება წავიკითხოთ როგორც ქალისა და მამაკაცის დიალოგი. და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან ხარისხიანი სანახაობა.

რეჟისორი დათა თავაძე: ეს სპექტაკლი არის იმის მაგალითი, თუ რას შეიძლება ვუწოდოთ სხეულის მოწესრიგება და როცა მსახიობი ქმნის პრინციპით- „აქ და ახლა“. ეს წარმოდგენა გვიყვება, იმაზე, თუ რა ქმნის ყოფას: ჩვენ ვქმნით მას, თუ ყოფა გვქმნის ჩვენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ ვატრიალებთ ბორბალს როგორც ზაზუნები, თუ ბორბალი გვატრიალებს. ეს სპექტაკლი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ მომენტებს ეხება. ერთის მხრივ, — ბანალურს და მეორეს მხრივ, — საოცრად მდიდარს და ეროტიკულს. და ბოლოს, ამ სახლის ყველა ბინადარი თუ გამვლელი ერთიანდება იმ წრეში, რასაც ყოფა ჰქვია. ადამიანები ერთსა და იმავეს აკეთებენ მანამ, სანამ მათ სიკვდილი არ გააჩერებთ. 

P. S. სპექტაკლის შემდეგ გერმანიის საელჩომ  სტუმრების მიღება გამართა. ქართველი მაყურებელი რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში საშა ვალცს და სპექტაკლში მონაწილე ხუთ მსახიობს მქუხარე ტაშით შეხვდა. ქალბატონმა ქეთი დოლიძემ სტუმრების მოგზაურობაზე სიღნაღში და ბოდბის დედათა მონასტერის წინამძღვართან — დედა თეოდორასთან შეხვედრის შესახებ მოგვითხრო. მიღებით და მონასტრის სილამაზით აღფრთოვებულ საშა ვალცს სახელდახელოდ ხალიჩა გაუშლია, ფეხზე გაუხდია და იმპროვიზაციული ცეკვა დაუწყია. მას ნელ-ნელა შეურთდა ჯერ ერთი, მერე — მეორე, მერე — მესამე მსახიობი… ასე შეიქმნა წმინდა ადგილის სახოტბო,  იმპოვიზაციული მოძრაობა-ოპუსი, თითქოს ლოცვაც, რითიც ქორეოგრაფმა და მისმა გუნდმა მადლიერება გამოხატა.

 



Sputnik საქართველო 
http://sputnik-georgia.com/culture/20151030/228952363.html#ixzz3rwBzfN6I

"საბჭოთა კავშირში ლიტვა და საქართველო, ორი ძლიერი თეატრალური სახელმწიფო იყო"

 მანანა ტურიაშვილი

 ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ — „საჩუქარზე“ — ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრმა, წარმოადგინა რეჟისორ რიმას ტუმინასის სპექტაკლი „მადაგასკარი“, რომელიც  უკვე აღიარებული ავტორის, მარიუს ივაშკიავიჩუსის ნაწარმოები უდევს საფუძვლად. ინტერნეტის მონაცემებით, ეს სპექტაკლი დადგეს 2004 წელს. ამ ავტორის დრამატურგიული დებიუტი შედგა 1998 წელს. მის ნაწარმოებებს დგამს ასევე აღიარებული ბალტიისპირელი რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი, რომლის შემოქმედებასაც კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი. 42 წლის ავტორის ნაწარმოებები მრავალ უცხო ენაზეა თარგმნილი, ამიტომ რაოდენ გულდასაწყვეტია, „მადაგასკარის“ პირველ მოქმედებას ყურსასმენი აპარატის გაუმართაობის გამო თითქმის ვერ მოვუსმინეთ. მაგრამ სპექტაკლზე იყვნენ ადამიანები, ვისაც გაუმართლა და ამ მშვენიერი სანახაობის თავიდან ბოლომდე ნახვა მოახერხა. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მაყურებელი წარმატებულ სპექტაკლს ულოცავდა ლიტველ რეჟისორს, რომელმაც შეხვედრაზე მიმართა, როგორც ქართველ, ასევე იქ დამსწრე ლიტველ მსახიობებს.

 რეჟისორი რიმას ტუმინასი — უკვე  რამდენიმე დღეა საქართველოში ვარ და მიხარია, რომ ლიტველებს ის თეატრი მასპინძლობს, ვისი სახელობის პრიზიც შარშან მომცეს — მიხეილ თუმანიშვილს ვგულისხმობ. ოდესღაც მე მინახავს მისი სპექტაკლი და სასიამოვნოა, რომ ამ თეატრის ძალისხმევით ჩამოვედით. ლიტველებისთვის ახლობლები ხართ და მეჩვენება, რომ ოდესღაც აქ ვიყავით, ვინაიდან ლიტველებს და საქართველოს ჰყავთ მსახიობების შესანიშნავი პლეადა — ეს იყო ორი ქვეყანა, ორი რესპუბლიკა, რომლითაც აღფრთოვანებული იყო მთელი საბჭოთა კავშირი და უცხოეთიც. ეს ეხება კინემატოგრაფსაც. ეს იყო ორი ძლიერი, თეატრალური სახელმწიფო. მიხარია, რომ ვერთიანდებით და ისევ შეგვიძლია  პარტნიორობა, შემოქმედებითი მეგობრობა, ერთმანეთის მონახულება. 

 თეატრმცოდნე მაია მამალაძე — „მადაგასკარის“ სახით  სპეციფიკურ და იმავე დროს გლობალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ლიტვური ხელოვნება სპეციფიკურია, მაგრამ მე მგონია, რომ თეატრალური ფესტივალები იმიტომ არის კარგი, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხების თეატრალურ ხელოვნებას გვაცნობენ. მარიუს ივაშკიავიჩუსის გახმაურებული პიესა ჩვენთვის — ქართველებისთვის — უჩვეულოდ ახლობელია, ვინაიდან ეს არის ნაციონალური დამოუკიდებლობის  დაკარგვის ისტორია. ამბავიც პირველ მსოფლიო ომამდე იწყება. თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენ ვნახეთ თომას ოსთერმაიერის უნივერსალური ხელოვნება — „ხალხის მტერი“. ჩვენ, საქართველო და ლიტვა, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ვართ, მძიმე ცხოვრება გავიარეთ. გავრცელებული აზრია, რომ ევროპის  ქვეყნები ბედნიერად ცხოვრობენ და ჩვენ უბედური ქვეყნების რიცხვს მივეკუთვნებით. ლევ ტოლოსტოი ამბობდა „Все счастливые семьи похожи друг на друга, каждая несчастливая семья несчастлива по-своему“, ამიტომ ჩვენც და ლიტველებიც თავისებურად უბედურები ვართ. ამ საღამოს, ქართველმა მაყურებელმა დაინახა ლიტვური უბედურების ისტორია, რომელიც ჩვენთვის ახლობელია. რითი გამოირჩევა ეს სპექტაკლი?.. უჩვეულო ირონიით და ეს  დიდ გმირობად მიმაჩნია, ვინაიდან ამ დროს შენს ისტორიაზე მაღლა დგები და მას გვერდიდან უყურებ.

 — მე მგონია, რომ ქართველებს არ შეუძლიათ ასეთი სიმწვავით, ასეთი გაშიშვლებით შეხედონ თავიანთ თავს გვერდიდან, როგორც ეს რიმას ტუმინასმა და მისმა დასმა შეძლო…

 - ეს სპექტაკლი არის თითქოს ტრაგიკომედია. ჩვენ ვხარხარებთ, როგორც კომედიაზე და ბოლოში ვხვდებით, რომ თურმე ადამიანისა და ხალხის ტრაგედიას ვუყურებდით. ადამიანის ტრაგედია, ხალხის ტრაგედიაზე უფრო მნიშვნელოვანია; ანუ რისი თქმა მინდა — ხალხი, ერი ბედნიერი ვერ იქნება, თუ ერთი ადამიანი მაინც იქნება უბედური. ისე, ცოტა ფემინისტური სპექტაკლია…

 - მე მგონია, რომ მთავარი გმირი ქალი — ეს სამშობლოს სიმბოლოც არის.

 - ვერ დაგეთანხმებით, თუ გახსოვთ — მისი შეყვარებული, ამ სპექტაკლის მთავარი გმირი ამბობს: „თქვენს პოემებში გამოხატეთ სამშობლო…“ და ის ქალი პაუხობს: „ვერაფერი გაგიგიათ — ეს მე ვარ!“

 ლიტველებმა გვითხრეს, რომ სამშობლოში უნდა შეიქმნას ადამიანის ბედნიერების პირობები, ამის გარეშე ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. ნაციონალურობა ეს გონებაჭვრეტითი რამ არ არის. ერი — ეს ცალკეული ადამიანის ბედნიერებაა. აქ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც მბოდვარე იდეები, რომლებიც მთავარი გმირის — კაზიმირის თავში ტრიალებს. მას, ხომ აბსურდული იდეა აწუხებს — მადაგასკარში რაღაც განსაკუთრებული ლიტვის აშენება უნდა — თავისი შინაგანი სამყაროთი.

 მე მეჩვენება, რომ რიმას ტუმინასმა ამ სპექტაკლით გვითხრა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ჩვენს ფესვებს უნდა დავეწაფოთ. ვინ არის კაზიმირი? ვინ არის მთავარი მოქმედი გმირი ქალი, რომელიც თურმე პოეტი ყოფილა? სწორედ ამ ქალშია სულიერი სიმდიდრე. გახსოვთ, რას ეუბნება შეყვარებული? რომ ის მის ნაციონალურ იდეაში ვერ ჩაეტია. სპექტაკლის ბოლოს, იბსენის „პერ გიუნტის“  ან „ოდისეას“ მსგავსი მარადიული ისტორია გაგიელვებთ თითქოს — ოცნება სამშობლოზე და ქალზე, რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა და აი, მამაკაცს ეწვია ბედნიერება და ეს ბედნიერება ვერ შეიგრძნო. მან თავისი ე. წ. მაღალი იდეის განხორციელებას შესწირა ყველაფერი და დაკარგა სამშობლოს დამოუკიდებლობა — ამის ნიშანად ფარაჯაში ჩაცმული მამაკაცები მოვიდნენ და ეს ქალი საკაცით გაიყვანეს და გასაგებია, რომ ყველაფერი ომით დამთავრდა. ეს არის ალუზია ლიტვის ისტორიაზე. აქ ძალიან მნიშნელოვანია სიტყვა, ის არაჩვეულებრივია, კარგად არის თარგმნილი და თავისი სიძლიერე დაკარგული არა აქვს. 

 — მე მგონია, რომ ეს თვითგამორკვევაც იყო…

 — თუ ადამიანს არ ახსოვს თავისი ისტორია, არ იკვლევს მას, ის დღევანდელ დღესაც ვერ გაიგებს. და საბოლოოდ, მას თავისი თავის გაგებაც არ შეუძლია და ის, ჩემი აზრით, ადამიანიც არ არის — „მე ვაზროვნებ, ესე იგი მე ვარსებობ“. მე ვიცი ჩემი ისტორია — ესე იგი მე მოქალქე ვარ, ადამიანი ვარ.

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა დოლიძე - ძალიან მომეწონა „მადაგასკარი“ და განსაკუთრებით ფინალი, როცა გაირკვევა წარმოდგენის ნამდვილი არსი. ეს არის თანამედროვე „ოდისეა“ — სამშობლოში დაბრუნება. ეს თემა წარმოდგენის მსვლელობის დროს თითქოს დაფარულია და ბოლოს აღმოაჩენ, რომ ჩვენ ვუყურებდით „ოდისეას“ ლიტვურ ვარიანტს. ეს ანტიკური თემა დღემდე მუსირებს საზოგადოებაში. როცა ამის შესახებ  რიმას ტუმინასს ვუთხარი, მან მიპასუხა — ზუტად გამოიცანიო.

  ჩემი აზრით, 2014 წლის ფესტივალ „საჩუქარის“ გვირგვინი იყო ლიტველი რეჟისორის — რიმას ტუმინასის სპექტალი ჩეხოვის „ძია ვანია“. ეს წარმოდგენა მოსკოვის ვახტანგოვის თეატრმა მუსბუქი იუმორითა და ირონიით წარმოადგინა. შინაგანი ტრაგიზმითა და დრამატიზმით სავსე სპექტაკლში გაიჟღერა ადამიანთა არსებობის იმ მოდელმა, სადაც ფსიქიკის დამანგრეველი ძალები მძლავრობენ და სადაც მათ მარწუხებში მოქცეულ ძია ვანიასა და სონიას მშვიდი ცხოვრება არ უწერიათ და ვერც საკუთარი ცხოვრების ავტორები ხდებიან.,,კაცობრიობის პროგრესს ასტროვის მსგავსი ტალანტები წარმართავენ“,- გვეუბნება ჩეხოვი და რიმას ტუმინასიც ანუ მარტოხელა მგლები, რომელნიც ადამიანთა მიერ შექმნილ ბნელ ქაოსში უკუნეთს ნათელ მთავრესავით ანათებენ. თვით რიმას ტუმინასმა პირად საუბარში გვითხრა, რომ მისი „ევგენი ონეგინი“, „ძია ვანიაზე“ უკეთესია. შეგახსენებთ, რომ დღეს, ხვალ და ზეგ ქართველი მაყურებელი დიდი ლიტველი რეჟისორის,- რიმას ტუმინასის სპექტაკლს „ევგენი ონეგინს“ იხილავს და როგორც ამბობენ, ბილეთები სამივე სპექტაკლზე უკვე  გაყიდულია.

 



Sputnik საქართველო 
http://sputnik-georgia.com/culture/20151104/228991722.html#ixzz3rwAifz4F

ვილნიუსის მცირე თეატრის „უფაქიზესი სიმები“

მანანა ტურიაშვილი 

  მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე  „საჩუქარი“ ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრმა წარმოადგინა ლიტველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იუზას ტუმას ვაიჟგანტასის ნაწარმოები „ბიძიები და დეიდები“, სადაც 1861-1863 წლების ლიტვური სოფლის ცხოვრებაა ასახული. სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ გაბრიელე ტუმინაიტე, რომელსაც მამის, აღიარებული შემოქმედის რიმას ტუმინასის თეატრალურ ფორმები არ გამოუყენებია და ცდილობდა საკუთარი განსაკუთრებული პოეტური სამყარო შეექმნა. 

რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი: ამ სპექტაკლში, პირველ რიგში ძალიან მაღალი დონის აქტიორული სკოლა ჩანს და რაც მთავარია, შესანიშნავი, გამომგონებლური რეჟისურა, სწორედ ისეთი, მე რომ მიყვარს; აქ ყველა სცენა შეთხზულია და მოფიქრებული, წინა პლანზე დგას თამაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  არ არის რაღაც განცდები და ტვინის ჭყლეტა. რიმას ტუმინასის შემოქმედება ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ მისი შვილის ნამუშევარიც ვნახეთ. ის ჩამოყალიბებული რეჟისორია, რომელიც პრინციპში მამამისის, რიმას ტუმნიასის ხაზს არ იმეორებს. მან თავის გზა მოძებნა და ეს ძალიან მომწონს. 

მსახიობი თამარ მამულაშვილიმსახიობებს ერთი შტამპი არ ჰქონდათ. ეს იყო უფაქიზესად მოთხრობილი ამბავი, რომელიც იმდენად ჰარმონიულია და დახვეწილი, რომ ამ ისტორიას ეროვნება არა აქვს. აქ მთავარია, „რა“ და „როგორ“. მარტო სიყვარული არ არის, —აქ ხომ უფაქიზეს სიმებზეა საუბარი, რომელსაც ჩვენი ნიღბების ქვეშ ასე ოსტატურად ვმალავთ. ამ სპექტაკლში ეს სიმები გაშიშვლებულია და აშკარად ჩანს. უაღრესად კულტურულად მოთხრობილი ამბავია, სადაც თითოეული დეტალი  წარმოდგენის მთლიანობას ქმნის.

რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი: მინიმალისტური დეკორაციითა და იდეალური მუსიკალური გაფორმებით შეიქმნა ატმოსფერო. საერთოდ ასეთი ნაწარმოების დადგმა ძალიან რთულია, ვინაიდან აქ დამაჯერებლობას, ემოციურობას, პოეტურობას, რომატიკულობას უნდა მიაღწიო. ეს ყველაფერი იყო სპექტაკლში. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს წარმოდგენა მამამისის, რიმას ტუმინასის დახმარებით არ გაუკეთებია რეჟისორს, ვინაიდან გაბრიელე ტუმინაიტე  სხვა ფორმებს ეძებს. აქ ნახევრადზღაპრის, ნახევრადიგავის ფორმით მოწოდებული ამბავია და რეჟისორისთვის ამ ამოცანის გადალახვა რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს სირთულე დაძლია. ნაწარმოები თითქოს ფოლკლორული ჩანახატია, ამიტომ პრიმიტივიზმის იერს ატარებს და ეს ბუნებრივია. რამდენი სცენა იყო მახვილგონივრულად მოფიქრებული-თუნდაც ქალისა და მამაკაცის ეროტიკული სცენა, როგორი გემოვნებით იყო გაკეთებული,- უხამსობის კვალიც არ ეტყობოდა. თუნდაც გოგონას სიშიშვლე, რომელიც მის უმანკოებას გამოხატავდა. ამის გაკეთებას სცენაზე ძალიან დახვეწილი გემოვნება სჭირდება.

რეჟისორი გია კიტია: სპექტაკლში იგრძნობა ესთეტიკა, მაღალი კულტურა და ის თეატრალური ბუნება, რაც ჩვენ და ლიტველებს ერთმანეთს გვაახლოვებს. იმიტომ, რომ თუ ეს ბუნება შიგნიდან არ მოდის, მაშინ არაფერი გამოდის და ამათ გამოსდით იმიტომ, რომ თეატრალურობის შეგრძნება აქვთ. ძალიან სასიამოვნო, თბილი და გამჭვირვალე წარმოდგენაა. ჩვენ კინომსახიობთა თეატრში ვართ და მიხეილ თუმანიშვილი მახსენდება. ვინაიდან მის სახელთან დაკავშირებით უფრო ღრმა და დიდი შეგრძნებები გვაქვს. ვუყურებდი სპექტაკლს და სულ მეჩვენებოდა, რომ მიხეილ თუმანიშვილი თითოეულ სცენაში უფრო მეტს ჩადებდა. მთელ სპექტაკლში მოცემულია იმდენი, რაც თუმანიშვილთან შეიძლება, მარტო ერთ სცენაში დაგვენახა.როცა შემოქმედებითი პროცესის დროს რაღაც იბადება, ქართველები, თითქოს უფრო ხელგაშლილები არიან. ლიტველები ზოგავენ, ვინაიდან, მაინც დასავლეთის კულტურასთან გვაქვს საქმე. ამ სპექტაკლში სადა სუფრაა და არა სამსართულიანი. იცით, როგორი შეგრძნება დამრჩა? სუფრიდან ცოტა მშიერი რომ ადგები… ისე, ძალიან კულტურული სპექტაკლია, შესანიშნავი დასი: ყველა კარგად მუშაობს, ჩანს, რომ ყველას შესანიშნავი სკოლა აქვს გავლილი. უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, იყო თუ არა ეს სპექტაკლი უმაღლესი მათემატიკა…ძალიან კარგია, რომ ფესტივალზე ასეთი სპექტაკლები ჩამოიტანეს, ვთქვათ როგორიც იყო რიმას ტუმინასის „მადაგასკარი“, სადაც ის უფრო წყნარია, ვიდრე ვახტანგოვის თეატრის „ევგენი ონეგინში“.

მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე: ამ სპექტაკლს რომ ვუყურებდი, უფრო მეტს ჩადებდა ლიტველების სულს, მათ თეატრალურ ენას ვგრძნობდი. სიმართლე გითხრა, ეს არ არის ჩემი თეატრი, მაგრამ ლიტველმა მსახიობებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. წარმოდგენაში ძირითადი აქცენტი ტექსტზეა გამახვილებული, გამომსახველობითი საშუალებები ძალიან ძუნწია და ძალიან ძლიერი მსახიობები ჰყავთ. აი, თითქოს არაფერი ხდება, ხომ? მაგრამ ბოლოს ისე მოგდის თვალზე ცრემლი, რომ ვერ ხვდები რატომ, მაგრამ ცრემლი ხომ მოგდის? და ვინაიდან რაღაც მოგდის, ესე იგი, რაღაცა დაგემართა და თუ დაგემართა, ესე იგი კარგია…

 ახალგაზრდა რეჟისორი, გაბრიელე ტუმინაიტე წერს: „ჩვენ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი იუზას ტუმას ვაიჟგანტასის ეპოქას —როგორ ცხოვრობდა ის, როგორი იყო იმ თაობის ადამიანი, მწერალი, ხელოვანი.  ისინი იყვნენ ვაჟკაცურნი, საკუთარი ქვეყნის კულტურის განვითარებაში დარწმუნებულნი. ისინი, ვინც შემდეგ მსოფლიოს მოქალაქეები გახდნენ“.

 



Sputnik საქართველო 
http://sputnik-georgia.com/culture/20151116/229124708.html#ixzz3rwA3ctSv

11/10/2015
მხატვრის მორიგი ნახატები სერიიდან „რუსული ბლუზი, სოკოზე წასვლა“

მხატვრის მორიგი ნახატები სერიიდან „რუსული ბლუზი, სოკოზე წასვლა“

ლაშა ჩხარტიშვილი

     

დიმიტრი კრიმოვისლაბორატორიას და მის შემოქმედებას, რომელსაც რუსულ თეატრში განსხვავებული ადგილი უჭირავს და დაკავებულია პრობლემების კვლევითა და ახალი სათეატრო ფორმის ძიებით, ფესტივალის „საჩუქარი“ წყალობით კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი. მხატვრის თეატრის ტრადიციების გამგრძელებელი და ერთ-ერთი უიშვიათესი მოღვაწე თანამედროვე თეატრში სწორედ მხატვარი დიმიტრი კრიმოვია, რომელიც მუდმივად ეძებს, იკვლევს, ცდილობს დაანგრიოს ძველი და შექმნას ახალი სათეატრო სივრცე, ალტერნატიული ფორმებითა და განსხვავებული აქცენტებით.

წელს ფესტივალი კრიმოვის ლაბორატორიის ახალ სპექტაკლს: „რუსული ბლუზი, სოკოზე წასვლა“ მასპინძლობდა. თუ არ ვცდები, მსოფლიო პრემიერაც თბილისში, სწორედ ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში გაიმართა.

სპექტაკლში მოთხრობილია რუსული ტრადიციის, სოკოზე წასვლის, შესახებ, რომელიც რუსებისთვის ერთგვარი რიტუალიც კი არის და ამ ტრადიციულ სოკოს დასაკრეფად გასვლაში ვლინდება კიდეც ამ ხალხის ხასიათი, ტრადიციები, მისწრაფებები, სურვილები. ფაქტობრივად სპექტაკლი რუს ხალხზეა, რომელიც საკმაოდ ორიგინალური პოზიციითა და ფორმით გადმოსცა დიმიტრი კრიმოვმა თავის არტისტებთან ერთად.

 

კრიმოვის სპექტაკლებში თეატრის მკველვარებისთვის ყოველთვის საინტერესოა ფორმა, მის მიერ შემოტავაზებული არტისტების მუშაობის პრინციპი და სტილისტიკა, გაცილებით დიდ ინტერესს იწვევს მისი მეტაფორული ენა, რომელიც არა მხოლოდ მიზანსცენებში, არამედ სცენოგრაფიაშიც ვლინდება უპირველეს ყოვლისა. მნიშვნელოვანია, რომ დიმიტრი კრიმოვი, როგორც მხატვარი ისე ხატავს სპექტაკლს, სადაც დომინინატი სცენოგრაფია კი არ არის, არამედ თანაბრად ლიდერობს არტისტების ხელოვნება, მუსიკალური თანხლება და რეჟისორული გადაწყვეტა. ამჟერადაც, დიმიტრი კრიმოვმა გაგვაოცა გამომგონებლობით, ფანტაზიის უნარითა და პოზიციით, თუმცა მისი პოზიცია მის მიერ დადგმული სხვა სპექტაკლებიდანაც აშკარად ნათელია. ასე რომ, კრიტიკული და თვითკრიტიკული დამოკიდებულება ამ სპექტაკლშიც საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა და ამაში არაფერია გასაკვირი. ნებისმიერი ხელოვანი თავისუფალი, კრიტიკული და პოზიციის მატარებელი უნდა იყოს. ამ პრინციპს კი დიმიტრი კრიმოვი არასდროს არღვევს, თუმცა კრიტიკისას ის სულაც არ არის აგრესიული (ან რატომ უნდა იყოს?!), მას უყვარს ისინი ვისაც აკრიტიკებს და ირონიულად ხატავს სცენაზე რეალური გმირების სცენურ პროტოტიპებს.

დიმიტრი კრიმოვი, ფაქტობრივად პრიმიტიული ტექნიკით, მუყაოს ქაღალდებით ქმნის მრავალფეროვან სცენურ სივრცეს, რომელიც ყოველი ეპიზოდის დასრულების შემდეგ ტრანსფორმირდება სასცენო-სათეატრო მეურნეობის ფონზე, უკიდურესი და მომხიბვლავი პირობითობა ქმის თეატრალიზებულ სამყაროს, რომელიც ჩვენი ცხოვრების პატარა და მხატვრული მოდელია. მოქმედება სპექტაკლში ერთდროულად ოთხ სიბრტყეზე ვიტარდება. პირველი სიბრტყე, ხმის რეჟისორის, ერთგვარი სპექტაკლის წამყვანის, კორიფევსის ჯიხურია, რომელიც სცენის მარცხენა მხარეს კუთხეში საგანგებოდ არის აგებული, როგორც გამჭირვალე სივრცე, საიანაც ავტორი-მსახიობი  ახმოვანებს პერსონაჟებს (მსახიობებს კი ავტორის ტექსტის ილუსტრირება უწევთ), მეორე სივრცე ორ ნაწილად იყოფა, რომელიც წარმოადგენს სცენაზე საგანგებოდ აშენებულ ახალ სცენას, რომლის ქვემოთაც და ზემოტაც ხდება მოქმედების დიიდ ნაწილი, ხოლო მეოთხე სივრცე- ეს სცენის სიღრმეა, სადაც უკვე როლებს დიმიტრი კრიმოვის შექმნილი სცენოგრაფია, მხატვრული განათება და დეკორაციის დეტალები, რეკვიზიტები, რომლებიც ამჟერადაც ორიგინალურად ცოცხლდებიან და საინტერესო ფუნქციებს იძენენ.

დიმიტრი კრიმოვი ნამდვილი მხატვარია, ამ სიტყვის პირდაპირი და ფართო გაგებით, რადგნაც ის ხატავს მიზანსცენებს, ქმნის სიუჟეტურ სურათებს და პორტრეტებს, მისი სამყარო ნათელია და ფერადი, მისი პერსონაჟები მეოცნებეები არიან, მათ შორის შინაური ცხოველებიც კი, თოჯინა-ძაღლი სპექტაკლის ერთ-ერთი მნიშნელოვანი, სენსიტიური და მომხიბვლელი პერსონაჟია, რომელსაც მყისიერი რეაქცია და პოზიციაც კი, აქვს მიმდინარე, გარშემო მოვლენებზე.

დიმიტრი კრიმოვი თავის სპექტაკლებში ოსტატურად იყენებს თეატრის საუკუნოვან გამოცდილებას და სიახლეებს და ასწორედ ამაზე აშენებს მის განსხვავებულ თეატრალურ ფორმას, რომლის ჩამოყალიბების პროცესი (მის სპექტაკლებზე დაყრდნობით) ჯერ არ დასრულებულა და კვლავ კვლევის პროცესშია. სპექტაკლში ვხვდებით ორ განსხვავებულ ინტერაქტივს; სოპრანოს, რომელიც წარმოდგენის ირონიულობის ბოლომდე შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტია და ამავდროულად სპექტაკლის ერთგვარი რეფრენიც კი. მსახიობები ერთდროულად სხვადასხვა სტილისტიკაში ასრულებენ როლებს, ამის პარალელურად კი წარმოდგენის ავტორი არასდროს გვავიწყებინებს, რომ ეს თეატრია, შუა სპექტაკლის მსვლელობის დროს შესაძლოა გამოჩნდეს სცენის დეკორატორ-მემონტაჟეები, ტექნიკური პერსონალი.

 

პირობითობების მიუხედავად, კრიმოვი იმდენად ეფექტურ სამყაროს ქმნის, რომ უნებლიეთ გავიწყდება რომ ეს თეატრია და იმ სივრცის მონაწილე და მხილველი ხდება მაყურებელი, რომელსაც ის იქვე ხატავს. პირობითად ყინულზე დასრიალებენ ერთ-ერთ ეპიზოდში მსახიობები, მაგრამ შეგრძნება გრჩება, რომ ისინი მართლა ყინულს ჭრიან სათევზაოდ, გგონია, რომ წყალქვეშა ნავი მართლაც დგას სცენაზე და ეკიპაჟის წევრები, პერსონაჟები მართლაც სხდებიან წყალქვეშა ხომალდში. გამორჩეულად დამაჯერებლები და გულწრფელები არიან კრიმოვის სახელოსნოს მსახიობები, რომლებიც იმ რეალობას ხატავენ, რომელიც მუდმივია და დროთა ცვალებადობის მიუხედავად იგივენი რჩებიან. ისინი ჩვენი დროის ადამიანებს კი არ ასახიერებენ, არამედ ზოგადად ადამიანთა ტიპაჟებს, რომლებიც მანამ იარსებებენ, სანამ კაცობრიობაც იარსებებს.

გულწრფელად უნდა ვთქვა ისიც, რომ კრიმოვის სპექტაკლში „რუსული ბლუზი, სოკოზე წასვლა“ არაფერი გვხდება ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს, ან არ გვსმენია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ კრიმოვთან გვინახავს ისე, როგორც არავისთან. მაგალითისთვის კვამლის გამოყენებაც კმარა, რომელიც იმდენად ზომიერია და ზუსტი, რომ არც მაყურებელს აწუხებს და არც სპექტაკლს უშლის ხელს. აქ ყველაფერი ნორმაშია და ზომიერებაში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია სპექტაკლის წარმატებისთის. რაც შეეხება ირონიულობის ზომიერებას, ეს ზღვარიც დაცულია, რათა ირონია იყოს ბუნებრივი, ლოგიკური და დამაჯერებელი, გულწრფელიც კი, განსაკუთრებით ეს საფინალო სცენას ეხება, როცა ყველაფერი იწვის და ცეცხლის ალში ეხვევა, მაგრამ მარადიულად ტრიალებს ბოძზე ჩამოკიდებული რუსი სპორტსმენი, შეუფერხებლად და შეუბღალავად, რაც სპექტაკლის ლოგიკური და ბუნებრივი დასასრულია. 

11/18/2015
სამხრეთ აფრიკული კარმენის ტემპერამენტი და ექსცენტრულობის ოკეანე

სამხრეთ აფრიკული კარმენის ტემპერამენტი და ექსცენტრულობის ოკეანე

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

   

ექსცენტრული- ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე უფრო გამოხატავს ალბათ, დადა მაზილოს ცეკვის არსს. ექსცენტრულობას, სითამამესა და ფულახდილობას არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის შესრულებაში ვხვდებით, არამედ მის წარმოდგენებში, რომელიც გადამდები აღმოჩნდა ჯერ მისი დასის წევრებისთვის, ხოლო შემდეგ მაყურებლისთვის, რომელიც სუნთქვაშეკრული ადევნებს თვალს ოცეკვავეთა მოძრაობის ყველა დეტალს. ამ ინტერესს განაპირობებს ისიც, რომ აქ ნახავ იმას, რაც აქამდე არ გინახავს, არ ელოდები იგივე კომპოზიციას, იგივე გადაწყვეტას, იგივე სტრუქტურას, რაც სხვა სპექტაკლებში გინახვს, აქ ყველაფერი განსხვავებულია და დადასეული.

ფესტივალის „საჩუქარი“ პროგრამაში გაჩენილმა დადა მაზილოს „კარმენმა“ ცოტა არ იყოს დამაეჭვა, რადგან შეუძლებელია ერთ ფესტივალზე თავი მოუყარო საშა ვალცის, რიმას ტუმინასისა (ერთდროულად ორ სხვადსხვა) და დადა მაზილოს წარმოდგენებს, თანაც ისე, რომ თითოეული წარმოდგენა რამდენჯერმე „ათამაშო“. თუმცა, რა გასაკვირია, ვინც არ უნდა იყოს, ქეთი დოლიძე და სოფო თორთლაძე თუ „გადაეკიდა“, ყველაფერზე დაითანხმებენ და შენც დაიჯერებ ამ თითქმის შეუძლებელ ამბავს და თავგადასვლების დასასრულს, შენი თვალითაც ნახავ სცენაზე მოციმციმე დადა მაზილოს კარმენის ამპლუაში. დადა მაზილო ქართველი მაყურებლისთვის თითქმის უცხო კუნძულია, რომლის შესახებაც მხოლოდ ვიწრო პროფესიულ წრეებში თუ სმენიათ. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ მაყურებელი აკლდა დადა მაზილოს წარმოდგენებს.

დადა მაზილო სამხრეთ აფრიკელი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, რომლის „ცეკვის ფაბრიკა“ კლასიკური ბალეტის, თანამედროვე ცეკვის და ტრადიციული ფოლკლორის უნიკალური სინთეზით გახდა ცნობილი. მსოფლიო შედევრების დადასეული ინტერპრეტაციები, მისთვის დამახასიათებელი ენერგიით, იუმორით და დინამიზმით არა მხოლოდ ცეკვის ახალ უნიკალურ მანერას ქმნის, არამედ მაგიურად აჯადოვებს აუდიტორიას. ასე მოაჯადოვა ქართველი მაყურებლის დიდი ნაწილი  დადამ თავისი ექსცენტრულობითა და გულწრფელობით.

პირველად იგი ლეგენდარული Bouffes du Nord თეატრის სცენაზე წარსდგა პარიზში, 2011 წლის ნოემბერში. ეს იყო მისი სოლო წარმოდგენა „როზმარინის მწარე გემო“ სადაც შექსპირის „ჰამლეტში“ შეკითხვებს უსვავდა ოფელიას, ცეკვავდა მის სიგიჟეს სრულად ახლებური, ექსპრესიული ფორმით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა გმირის უკიდურესად მგრძნობიარე ბუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მას გაცილებით აღელვებს პერსონალური გამოწვევა ქორეოგრაფიაში ვიდრე პოლიტიკური განცხადებები, თუნდაც თანამედროვეობის ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა ჰომოსექსუალიზმი და რასობრივი ურთიერთობა, პატარა აფრიკელი მოცეკვავე საკუთარი ხელოვნებით ყველა ცნობილ ტაბუს არღვევს და საზოგადოებას სწორედ რომ ამ თემებზე სასაუბროდ იწვევს.

„კარმენში“ ამ პრობლემებისა და თემების ნაკადი ვერ შევნიშნეთ, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ თვალში საცემი იყო ირონიული სცენები, სადაც ქალები ძირითადად მამაკაცებს დასცინიან, მათ იყენებენ და შემდეგ სანაგვეზე აგდებენ, დამცირებულს და დამონებულსაც კი.

სპექტაკლი კონტრაპუნქტულად იწყება, პირველი ეპიზოდი სრულ სიჩუმეში მიმდინარეობს, ბიზეს მუსიკა ოდნავ მოგვიანებით შემოდის სპექტაკლში. მოცეკვავეთა ირონიული ტონი და ექსცენტრულობა მაყურებელსაც რთავს წარმოდგენის მსვლელობაში და მოულოდნელობებით ავსებს მათ. ტემპო რიტმი თითქოს მონოტუნურია, მაგრამ ვიზუალური მხარე და კომპოზიცია იმდენად მიმზიდველია, რომ ჟანრიდან ჟანრში მოგზურობ არავერბალური თეატრის სამყაროში. აქ ყველაფერს შეხვდებით, ფოლკლორს, მოძრაობას, ცეკვას და კლასიკური ბალეტის ელემენტებსაც კი. ეს ნაზავი დიდი ემოციურობით და გულწრრფელობითა შექმნილი, რასაც გრძნობს კიდეც მაყურებელი.

უაღრესად ექსცენტრულ სცენებს, ლირიკული სცენები ესაზღვრება, რომელიც ამაღლევებელთან ერთად დიდი ტკივილის, ვნებისა და სიყვარულის მატარებელია. თავად დადა მაზილო სახასიათო მოცეკვავეა, რაც მას გმირების განსხვავებული ვერსიების, ინტერპრეტაციების შექმნაში ეხმარება. 

დადა მაზილო 12 მოცეკვავესთან ერთად ჯორჯ ბიზეს „კარმენის“ აფრიკულ ფოლკლორთან ნაზავ თანამედროვე ვერსიას ქმნის და ის არ წარმოადგენს მისივე „გედების ტბის“ მსგავსად კლასიკური ნაწარმოების ირონიზაციას. პირიქით, ამ სპექტაკლში ყველაფერი ბიზესეულია და ტემპერამენტით სავსე. დადა მაზილო ბოშათა პროტაგონისტის შინაგან არსს ახლებურად ხსნის. წარმოდგენა ყველას აღფრთოვანებას იწვევს და ამავე დროს ძალიან პერსონალურია. აქ მუსიკაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილია: როდინ შჩედრინი, ბიზეს ორიგინალური მუსიკა, მარია კალასის „ჰაბანერა“ და არვო პარტის ცნობილი „Lamentate“ ნამდვილად განსხვავებულ მუსიკალურ შეგრძნებებს აცოცხლებს.

დადა მაზილოს სპექტაკლში სცენოგრაფია მხოლოდ მხატვრული განათებისა და კოსტიუმების სახით არის წარმოდგენილი. თანამედროვე კოსტიუმებთან ერთად სხვადასხვა ეპიზოდში „კარმენის“ ტრადიციულ კოსტიუმებსაც ვხვდებით. დროსა და სივრცეში განფენილი კოსტიუმები, სპექტაკლის მასშტაბსაც (დროისა და ადგილის მიხედვით) აფართოვებს. ყველაზე მთავარი იარაღი, რითაც დადა მაზილოს დადგმები ფართო აუდიტორიას ხიბლავს, ეს გულწრფელობა და უშუალობაა, მის დადგმებში არაფერია ხელოვნური და ფორმალური. გულწრფელობა კი, თუნდაც და ზოგჯერ ვულგარულობამდეც დასული მაყურებელს არ აღიზიანებს.

დადა მაზილოს „კარმენით“ და ამაღლებული ესთეტიკური განწყობით დაიხურა ფესტივალი „საჩუქარი“ და მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა. ვიმედოვნებთ, მომდევნო წელსაც ფესტივალის ორგანიზატორები მოახერხებენ არა მხოლოდ ახალი „პლანეტების“ თბილისში გადმოსროლას, არამედ მოციმციმე ვარსკვლავების თბილისში ანთებას. 

11/20/2015
Audience Seeing Double: Onegin at the GIFT (GEORGIA TODAY)
ლიტველების საჩუქარი თბილისელ მაყურებელს ფესტივალის - „საჩუქარი“ - პრიზმაში

 

 

მაკა ვასაძე

ლიტველების საჩუქარი თბილისელ მაყურებელს ფესტივალის - „საჩუქარი“ - პრიზმაში

 

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც სათეატრო რუკაზე ეიმუნტას ნეკროშიუსის სპექტაკლები ჩნდება, დღევანდელი დღის ჩათვლით, ლიტვური თეატრი - სარეჟისორო ძიებებითა თუ სამსახიობო სკოლით, მსოფლიოში  ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. სახელგანთქმულ რეჟისორთა სპექტაკლებით: ნეკროშიუსის - „ფიროსმანი“, „ფაუსტი“, ოტელო“, „ჰამლეტი“, კამა გინკასის „სამი და“, ტუმინასის „ძია ვანია“, კორშუნოვასის „რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“ „ფსკერზე“ - ლიტვური თეატრი თბილისელი მაყურებლისათვის უკვე კარგადაა ცნობილი, ჩამოთვლილი დადგმები კი ჩვენს მეხსიერებაში საუკეთესო და წარუშლელ მოგონებად დარჩება. მათ რიცხვს, 30 და 31 ოქტომბერს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“, თუმანიშვილის თეატრში წარმოდგენილი, ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრის - რიმას ტუმინასის „მადაგასკარი“ და გაბრიელე ტუმინაიტეს „ბიძიები და დეიდები“ - შეემატა.

საოცარი ძალა აქვს ჭეშმარიტ ხელოვნებას, დაღლილ-დაქანცულსაც კი, ხელოვნების ნებისმიერი დარგის თუ ლიტერატურული ჟანრის კარგ ნაწარმოებთან ზიარება, ახალი ენერგიით და ძალით აგავსებს.  რიმას ტუმინასის სპექტაკლი „მადაგასკარი“, რომელიც მან  მარიუს ივაშკევიჩიუსის პიესის მიხედვით დადგა, 3 საათი გრძელდება. 3 საათი საკმაოდ ბევრია - აჩქარებულ, ინტერნეტ სივრცეში მცხოვრები თანამედროვე ადამიანისათვის, მაგრამ „მადაგასკარის“ შემთხვევაში ვერც კი ხვდები როგორ გადის დრო. უფრო მეტიც, საოცრად პირობითი, თეატრალური, კარნავალური ენით მოყოლილი, იუმორით, სევდით, გროტესკით გადმოცემული, ერთდროულად გულისამაჩუყებელი, ხან სიცილის, ხან ხარხარის, ხან სევდის მომგვრელი ამბავი, დრამატურგისა და რეჟისორის მიერ ისეთ რიტმში, ისეთი ოსტატობით არის მოყოლილი, რომ გინდა კიდევ გაგრძელდეს, არ დასრულდეს.სხვასთან ერთად ეს, რა თქმა უნდა, სცენასა და მაყურებელს შორის არსებული იმპულსებით,  სცენასა და მაყურებელს შორის გამართული დიალოგის წყალობით მიიღწევა.რიმას ტუმინასის „მადაგასკარი“, ნათელი მაგალითია იმისა, რასაც უდიდესი თეატრის პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი, ბრიტანელი რეჟისორი პიტერ ბრუკი თეატრის უმთავრეს დანიშნულებად აცხადებს, კერძოდ: „ირაციონალური იმპულსების გამოსხივებას სცენიდან, რაც დაამყარებს უმჭიდროვეს კავშირს სცენასა და მაყურებელთა დარბაზს შორის“. დრამატურგისა და რეჟისორის მიერ სპექტაკლში ასახული მოვლენები, პრობლემები, პერსონაჟები, ტიპაჟები იმდენად ნაცნობია, რომ აბსოლუტური შთაქბეჭდილება გექმნება, რომ ეს პიესა, ეს სპექტაკლი შენ ქვეყანაზე, შენ ხალხზე, შენ სიხარულზე, შენსიყვარულზე, შენდამსხვრეულ ოცნებებზე,  შენტკივილებზეა...

სპექტაკლი მეოცნებე, სიყვარულის მაძიებელ, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებზეა, რომლებსაც უყვართ სამშობლო, თავიანთი ხალხი, ცდილობენ რაღაც სასიკეთო გააკეთონ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ მათი არ ესმით, უტოპიური ოცნებები კი ოცნებებად რჩება. რიმას ტუმინასის სპექტაკლი კონკრეტულ, ლიტვურ პრობლემებზეა, მაგრამ რეჟისორის კონცეფციაში ეს კონკრეტიკა განზოგადოებულია. დიდი ქვეყნებით გარშემორტყმული გეოგრაფიულად პატარა ქვეყნის ბედ-იღბალი, ტერიტორიების დაკარგვის გამუდმებული შიში, ყველა პატარა ქვეყნისთვის ნაცნობი და მტკივნეულია. მთავარი გმირი, იდეალისტი კაზიმირ პოკშტი (მისი გვარი ითარგმნება, როგორც - ხუმრობა), ჯერ მშობლებს, შემდეგ კი მთელ ქვეყანას მოუწოდებს, რომ თავი დაანებონ აღმოსავლეთისკენ ყურებას და თავიანთი მზერა - ზღვისკენ, დასავლეთისკენ - პროგრესისკენ მიმართონ.სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი  პოკშტი მტრული, დიდი ტერიტორიების მქონე ქვეყნებით - რუსეთი, პოლონეთი, გერმანია - გარშემორტყმული ლიტვისთვის, მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს, მთელი მოსახლეობის (ლიტველების) ემიგრირებას აფრიკაში - მადაგასკარზე. პოეტური, მეტაფორული, კომიკური, ფარსული, დრამატული და ტრაგიკული ელემენტებით გაჯერებული დრამატურგიული ნაწარმოები, ტუმინასმა  პირობითი, თეატრალური და ამავდროულად რეალისტური ხერხებით განახორციელა. თითოეული სცენისა თუ ეპიზოდის მოცემულობა უაღრესად პირობითი, კარნავალურია, მაგრამ მსახიობთა შესრულების მანერა აბსოლუტურად რეალური და დამაჯერებელია.ისევ ბრუკს დავესესხები და ვიტყვი, ტუმინასის მსახიობები (სპექტაკლში მონაწილე მსახიობთა უმრავლესობა მისი მოწაფეები იყვნენ): ეგლე გაბრენაიტე, არვიდას დაფშისი, ალმანტას შინკიუნასი, რამიუნას ციცენასი, გინტარე ლატვენაიტე, ინდრე პატკაუსკაიტე, ვალდა ბიჩკუტე, ვაიდა ბიუტიტე, ილონა კვიეტკუტე, მანტას ვაიტიეკიუნასი, ლეონარდას პობედონოსცევასი, აუდრიუს ბუზასი, ჯოკიუბას ბარეიკისი, ინეტა სტასიულიტე, ჯოკიუბას ბარეიკისი, აუდრიუს ბრუზასი, ბალის ლატენასი, ვიტაუტას რუმშასი - სცენაზე მიმდინარე მოვლენებს, „ამბის ქსოვლის სრული განცდით და მასში განზავებით“, განასახიერებენ. მსახიობები არა მარტო „გონებით“, არამედ „სხეულითაც“ პასუხობენ პიესაში ასახულ მოვლენებს. სხვასთან ერთად, სწორედ ამიტომაც, „მადაგასკარი“ წარმოშობს „სცენისა და მაყურებელთა დარბაზის დამაკავშირებელ უხილავ საკრალურ ძაფებს“. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სამი მეგობარი ქალის - სალე, მილე და ჰელეს - შემსრულებელი მსახიობების მაღალი პროფესიონალიზმი.

აღსანიშნავია, რომ „მადაგასკარის“ ორი მთავარი პერსონაჟი- პოკშტი და სალე, ლიტვის ისტორიაში არსებული რეალური ადამიანები იყვნენ: ლიტველების აფრიკაში გადასახლების უცნაური იდეებით აღვსილი პატრიოტი, გეოგრაფი-მოგზაური კაზის პაკშტასი (1893-1960) და  ლიტველი პოეტი ქალი სალომეა ნერისი (ნამდვილი გვარი ბაჩინსკაიტე, 1904-1945).

თეატრალური პირობითობა და კარნავალურობა, მხატვარ ვილმე დაბკიენეს მიერ შექმნილ, სპექტაკლის სცენოგრაფიაშიცაა ასახული. სასცენო სივრცე არ არის გადატვირთული დეკორაციით, ყოველ რეკვიზიტს ზუსტი, კონკრეტული დანიშნულება აქვს და თამაშდება. იქნება ეს ორი კარი, მაგიდა, სკამები, აკვანი, სათლი, ვარცლი, კედელზე ჩამოკიდებული კოსტიუმები... რეჟისორმა, წარმოდგენის კარნავალურობასა და თეატრალურ პირობითობას,  სცენაზევე, მსახიობთა მიერ მაყურებლის წინაშე  კოსტიუმების გამოცვლაშიც გაუსვა ხაზი. ტუმინასმა სპექტაკლის დაწყებისთანავე განსაზღვრა წარმოდგენის სტილისტიკა: მაყურებლის თვალწინ გათამაშებული ამბავი, უსაზღვრო ფანტაზიის მქონე პოკშტასის მოგონებებია, საკუთარი დაბადებიდან დაწყებული, აფრიკაში ლიტველების გადასახლების კრახით და სალეს გარდაცვალებით დამთავრებული.რეჟისორმა დადგმა, ერთი შეხედვით თითქოს, შეუთავსებელის შეთავსებაზე, დაპირისპირებულის შეპირისპირებაზე ააგო - დრამატული, ტრაგიკული მოვლენების, ამბების გადმოცემა კომიკურ-გროტესკული მეტაფორებით. მაგალითად, ფინალისკენ - ბანჯგვლიანი, უზარმაზარი გორილას შემოყვანა, მადაგასკარზე პოკშტის ოცნებების მსხვრევისას; ან მანამდე, I მოქმედების ბოლოს, პოკშტისდა ოსკარასის საღ აზრს მოკლებული მონოლოგებისა თუ დიალოგების შემდეგ, მაგიდაზე ახტომა და ქაღალდის გემების დაწვა. უფრო ადრე კი, I მოქმედების შუა ნაწილში, რომანტიკულ სიყვარულზე მეოცნებე სალის ანთებული, მგზნებარე მონოლოგის ფონზე, ნახევარდმძინარე ელას მოსასაქმებლად სათლზე დაჯდომა სცენის შუაგულში და სხვ.

სევდანარევი იუმორით, ზოგჯერ გროტესკით, იმავდროულად დიდი სიყვარულით აქვს მარიუს ივაშკევიჩიუსს  შექმნილი პერსონაჟთა სახეები და პიესაში ასახული მოვლენები გადმოცემული. ტუმინასის სპექტაკლიც სწორედ სიყვარულით აღსავსე, ღიმილნარევი სევდის შეგრძნებას გიტოვებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ტექსტის თარგმანს რუსულ ენაზე (რომელსაც მაყურებელი ყურთსასემენებით ისმენდა), ამავე თეატრის მსახიობი ვირტუოზულად კითხულობდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თარგმანი ისეთი ნიუანსებით არის გაკეთებული, რომ ვფიქრობ, რუსულ თარგმანზე თავად რეჟისორმა და დრამატურგმა იმუშავეს.

ტუმინასის „მადაგასკარი“ ბრუკის (ზოგადად ინტუიტივისტების) თეზის - „გაიგო (მიხვდე) - ნიშნავს შეიგრძნო“ - საუკეთესო მაგალითია.

იმავე თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორის გაბრიელე ტუმინაიტეს (რიმას ტუმინასის ქალიშვილი) მიერ დადგმული „ბიძიები და დეიდები“, ამაღლებული, რომანტიკული, სევდიანი სიყვარულის ფონზე, XIX საუკუნის მეორე ნახევრის, ჯერ კიდევ ბატონყმობის პერიოდის ლიტვის, უფრო სწორად, მშრომელი, არაფრის მქონე, მაგრამ მაინც მეოცნებე   ლიტველების ისტორიას მოგვითხრობს. სპექტაკლი, ცნობილი ლიტველი მწერლის, დრამატურგის, კრიტიკოსის, პუბლიცისტის, ლიტერატურათმცოდნის, საზოგადო მოღვაწის იოზასტუმას ვაიჟგანტასის, იმავე სახელწოდებისმოთხრობისმიხედვით არის დადგმული.  „ბიძიები და დეიდები“ ვაიჟგანტასის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე  (1921) მოუტანა მწერალს აღიარება.

რეჟისორის კონცეფციით, მხატვარ ვილმა გალკაიტე-დამკიენის სცენოგრაფია, კოსტიუმები, თავთუხისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი და ისეთი ემოციურიდატვირთვის მქონეა,  რომ მაყურებელს თივის ზვინების და მინდვრის ყვავილების სურნელების შეგრძნებაგეუფლება. სცენაზე ოდნავ ამაღლებული ფიცარნაგია გაკეთებული, რომელსაც სიღრმეში ხის კარიბჭე კრავს. ფიცარნაგის ორივე მხარეს სხვადასხვა, სოფლის მაცხოვრებელთა მოხმარების საგნებია მიმოფანტული:გრძელი ხის მერხები, სათლები, ვარცლები, მაღალი სარკე, სკივრი და სხვ. ფიცარნაგის ქვევიდან კი სოფლის მაცხოვრებელთა, სხვადასხვა ზომის ფეხსაცმელები მოჩანს. ამაღლებული ფიცარნაგი თეატრში თეატრის თამაშის მიმანიშნებელია. სპექტაკლი, ავტორის მიერ მოთხრობილი ამბის გათამაშების პრინციპზეა აგებული. ავანსცენის მარჯვენა კუთხეში, ერთმანეთზე ახორხოლავებული ტონეტის სკამებია, იქვე პატარა მაგიდა დგას ზედ მოთავსებული სასმელებით. ეს სივრცე კაბარეს, ან, კაფეს, ან ბარის ანტურაჟს ქმნის, სადაც მთხრობელი ულამაზეს ფრანგ ქალბატონს - მიკოლიუკას და სევრიუტას - ერთდროულად რომანტიკული, ვნებიანი, მაგრამ ძალიან სევდიანი სიყვარულის ამბის მოყოლას უწყებს.  თანდათანობით ფიცარნაგზე, მოთხრობილი ამბის, პერსონაჟები ჩნდებიან და ავტორის მიერ დასახელებული ტიპაჟების - სახეებს ქმნიან.  წარმოდგენის ასეთ, პირობით სტილისტიკაში გადაწყვეტის მიუხედავად, მსახიობების თამაში, რომლებიც როლებში გამუდმებით „შედიან“ და „გამოდიან“,იმდენად მართალია, რომ ფინალში მაყურებელთა უმრავლესობას თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლის ემოციურ დატვირთვას, მაყურებელზე ზეგავლენას, კომპოზიტორ გეიდრიუს პუსკუნიგის მიერ შექმნილი მუსიკალური რიგიც (რომელსაც ლეიტმოტივად ცნობილი ესპანური სიმღერის - „პალომა“ - მელოდიის ნაწყვეტი გასდევდა) ქმნიდა.

გაბრიელე ტუმინაიტეს სათეატრო ენა კინოენის ხერხებითაა გაჯერებული. იგი თხრობისას, სცენაზე რამდენიმე ამბის ერთდროულად გათამაშების პრინციპს მიმართავს: მსხვილი, ახლო, შორი კადრების მეშვეობით. კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რეჟისორი მიკოლიუკას და სევრიუტას გვერდით არსებული სახეებს: გეიშე რაპოლა, დოვიდენე თუ დოვიდჟიუკასი- არ ყოფს მკვეთრად გამიჯნულ დადებით და უარყოფით პერსონაჟებად, არავის არ განსჯის, ყოველ მათგანს თავისი სიმართლე აქვს. მხოლოდ ეს არის, რომ ამ ადამიანთა შორის ყველაზე ნათელი პიროვნებების - მიკოლიუკასის და სევერიუტასის - სიყვარულს მომავალი არა აქვს. რეჟისორის კონცეფციით, ამაში კონკრეტული ბრალი არავის მიუძღვის, ასე დალაგდა, ასე აეწყო ცხოვრება, ყველამ, მათ შორის ამ ორმა ახალგაზრდამაც, თავისი არჩევანი გააკეთა.

ამ ერთდროულად რომანტიკული, იუმორითა და სევდით აღსავსე წარმოდგენის ფინალი, ძალიან ლამაზი და გულისამაჩუყებელია.  სევერიუტას და გეიშეს ქორწილის შემდეგ, სადაც სევერიუტას თხოვნით, მისთვისვიოლინოზებოლოჯერ დაუკრავს მიკოლიუკასი, სადღაც ქრება, თითქოს რეალურიდან ირეალურ სამყაროში გადადის. სათამაშო მოედანზე, ფიცარნაგზეჩამობნელდება, მხოლოდ ხის ოდნავ შეღებული კარიბჭის მიღმა, ნახევარტონებში - ცისფრად, ვარდისფრად განათებული სივრცე გამოსჭვივის.

ვილნიუსის მცირე თეატრის მსახიობებმა:  არვიდას დაპშისმა, აგნე სატაიატემ, ვაინუას სოდეიკამ, მინდაუგას კაპასიმ, გინტარე ლატვენაიტე-გლუშაევამ, ინდრე პატკაუსკაიტემ, -  ამ სპექტაკლშიც ცოცხალი, ნამდვილი, დაუვიწყარი სახეები შექმნეს.

 

 

11/03/2015
საშა ვალცისა და სტუმრების " საჩუქარი "ქართველ მაყურებელს

 

საშა ვალცისა და სტუმრების " საჩუქარი "ქართველ მაყურებელს

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

საშა ვალცის და მისი დასის სტუმრობა (კომპანია „საშა ვალცი და სტუმრები“) წარმოდგენით „დღიური პირველი - რვას აკლია 20 წუთი“ ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა ქართველი მაყურებლისთვის. სამი დღის განმავლობაში, წარმოდგენები რუსთაველის თეატრში მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა. აშკარა იყო, რომ სტუმართა სტიმულატორი ქართველი მაყურებელიც გახდა, რადგან „უხილავი ძაფები“ სცენასა და პარტერს შორის წარმოდგენის დაწყებისთანავე გაიბა, თუმცა დარბაზში იყვნენ ისეთებიც, რომელიც ამ ინტიმს უდროო ტაშით (ძირითადად დაუმთავრებელ სცენებზე) არღვევდნენ... მაგრამ ფაქტია, რომ ქართველმა მაყურებელმა ევროპის კულტურის ელჩის სათეატრო ენას   გაუგო და მიიღო კიდეც. სპექტაკლმა არაერთგვაროვანი ასოციაციები აღძრა პროფესიონალებში, რამაც საშა ვალცის ქორეოგრაფიას  კიდევ უფრო ფართო მასშტაბი შესძინა.  

საშა ვალცის 1993 წელს დადგმული წარმოდგენა „დღიური პირველი - რვას აკლია 20 წუთი“ ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია მის შემქომედებაში, ამიტომაც სპექტაკლი დღემდე ცოცხლობს და არ კარგავს ინტერესს. წარმოდგენაში არაერთხელ შეიცვალა შემსრულებლები, თუმცა სპექტაკლს არც ხიბლი დაუკარგავს და არც აქტუალობა.

საშა ვალცი მხოლოდ ცალკეულ განწყობას და ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს კი არ გვთავაზობს დანაწევრებული იდეების სახით, არამედ ერთ გრძელ, კონტასტული ეპიზოდებით გაჯერებულ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც არა მხოლოდ სემანტიკურად უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ გამომსახველობითი საშუალებებითაც, ქორეოგრაფიულად, მაშინ, როცა ავტორი კონტრაპუნქტულ წყობას მიმართავს. საშა ვალცი გვიჩვენებს ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაციებს და ამბებს, რომელიც სოციალურად აქტიალური თემის გარდა, პრობლემის სიმწვავით არის გადმოცემული, თანაც ისე, რომ დაძაბულობისთანავე განმუხტოს მაყურებელი. ამიტომაც ხდება ეპიზოდები იუმორისტული, რადგან თავად სიტუაციაც კომიკურია, რომელსაც მსახიობები ქმნიან სცენაზე.

საშა ვალცი „დღიურით“ გვაცნობს ადამიანებს, მათ ხასიათს და ჩვევებს. აყენებს მათ სხვადასხვა სიტუაციაში და მათივე მოქმედებით ავლენს სწორედ ადამიანის ფიქრებს, ზრახვებს, უკიდურეს თვისებებს (როგორც მანკიერს, ისე საუკეთესოს). ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ პურის გაყოფის სცენა, ედივალდო ერნესტოს გმირი უკიდურეს სულმდაბლობას, გაუმაძრობასა და დაუდევრობას იჩენს მეგობრების, საყვარელი ადამიანების მიმართ, რომელმაც მოხერხებულობის და სიყოჩაღის წყალობით მოიპოვა გამარჯვება. ედივალდო ერნესტის გმირს, დამდგმელი, საპირწონედ საზოგადოებას უპირისპირებს, რომელიც სამაგალითო ჰუმანურობით, მეგობრობისა და სულგრძელობის, ერთმანეთის გატანით გამოირჩევა ხარბი ედივალდოსაგან.  

ერთი შეხედვით მუსიკალური ეკლექტიზმი ზუსტი თანხლება აღმოჩნდა იმ მოძრაობების და ცეკვის, რომელსაც მსახიობები: დევიდ კამპლანი, ედივალდო ერნესტო, ტაკაკო სუზუკი, ფლორენცია ლამარსა, იაელი შნელი ემოციურად ასრულებენ. სხვადასხვს კომპოზიტორთა მუსიკალური თემები და კომპოზიციები განსხვავებული სტილისტიკის მიუხედავად, ზედმიწევნით ზუსტად ერწყმის იმ მოძრაობებს, რომელსაც მსახიობები სხვადასხვა განწყობით და ემოციურობით ასრულებენ. ხშირ შემთხვევაში თავად მუსიკაც ხდება მაინსპირირებელი ძალა.

სპექტაკლის მხატვარი ბარბარა სტეპია, რომელიც წარმოდგენის ხასიათისა და მასში მოტხრობილი ამბის შესაბამის და კონცეპტუალურ სცენოგრაფიას ქმნის. როგორც პერსონაჟები, ისე სივრცე (ოთახი) სადაც ადამიანები ცხოვრობენ, კონტრასტულია და სტატიკური. ერთ მხარეს შავი კედელია, ცარცით დახატული ავეჯით, მეორე მხარეს კი ფერადი მისაღები ოთახი. ამ ნახევრად ფერად და ნახევრად ბნელ ოთახებში მხოლოდ ორი კარი და ერთი ფანჯარა იღება. ასე გადადის დინამიკაში სტატიკური დეკორაცია. ამ ფანჯარაში ხშირად იცქირებიან მეოცნებეები და რომანტიკოსები, რომლებიც სივრცეს გაჰყურებენ. რაც შეეხება ორ მოძრავ კარებს, ისინი სპექტაკლის მთავარი იდეის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ღერძი და გასაღებია. სწორედ კარებში პერსონაჟთა გასვლა-შემოსვლის ეპიზოდში ვლინდება პერსონაჟთა ხასიათები, ადამიანების სხვადასხვა ტიპაჟები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ფინალში სცენოგრაფი კიდევ ერთ სიურპრიზს გვიწყობს, როცა „შავი ოთახის“ კედელი ჩამოიშლება და საწოლად გადაკეთდება. თითქოს კედელიც გიჟდება და რაღაც კიბერ-ტექნოსამყაროში გადადის, როგორც თავად პერსონაჟები ფინალურ სცენაში. გაგიჟების პირველი ეტაპი, მაშინ გამოჩნდა, როცა ფლორენცია ლამარსა დევიდ კამპალანის კედელზე დააატარებს. ეს ეპიზოდი რამდენიმე მეტაფორის შემცველია. ქალი როგორც ძლიერი ძალა და საყრდენი მამაკაცის სიძლიერისა და მეორე ორი მეგობრის შესაშური თანამეგობრობა.

საშა ვალცის სპექტაკლი ტაკაკო სუზუკის ტექსტური მონოლოგით იწყება, რომლის შინაარსიც ჩვენ არ გვესმის. აქ ტექსტი ბოლომდე უფუნქციოა, აქ ნომინალური სხეულის  ენაა, რომლითაც მეტყველებენ საშა ვალცის პერსონაჟები, ჩვენი თანამედროვეები და ჩვენი ცხოვრების ამრეკველები სცენაზე.

საშა ვალცის სპექტაკლში ბევრჯერ, ზომიერად და ზუსტ დროს გვხდება იუმორი, ირონია, სევდა და ტკივილი. საშა ვალცი არ გვთავაზობს გამოსავალს როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი უკეთესი, არც „დამნაშავე“ პერსონაჟები გამოჰყავს უარყოფით გმირებად, ის უბრალოდ გვიჩვენებს რეალობას და გვიტოვებს არჩევანის გაკეთების უფლებას. მას, როგორც ხელოვანს, უყვარს ადამიანები ისეთები როგორებიც ისინი არიან, ამიტომაც ყველაზე მანკიერ მხარეებსაც კი იუმორითა და ირონიით წარმოაჩენს.

საშა ვალცის „დღიური პირველი - რვას აკლია 20 წუთი“ არატრადიციული კოსტრუქციის წარმოდგენაა, მოვლენები აქ ეტაპობრივად ვითარდება და კულმინაციას ფინალში აღწევს. კულმინაციურ მომენტში სრულდება წარმოდგენა, რომელიც თავისი ფორმით  წარმოდგენის ამბის მოულოდნელი წერტილია (ან მრავალწერტილი). მოქმედებები სპექტაკლში დინამიკურად მზარდი და განვითარებადია, რომელიც მაყურებელს ეფექტური და პოლიფონიური ფინალისთვის ამზადებს. საბოლოოდ, ადამიანები მეტამორფოზას განიცდიან, ისინი ერთდროულად ხდებიან ჭკუიდან შეშლილები, მარიონეტები, მექანიკურები, ტექნოკრატულები და რობოტულიც კი, მაგრამ არ კარგავენ მთავარს-ხასიათს, ისინი ისეთებად რჩებიან, როგორებიც პრესოციუმში იყვნენ.

1993 წელს „საშა ვალცისა და სტუმრების“ მიერ განხორციელებული დადგმა თანამედროვე პოსტ პოსტდრამაული თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, სადაც თეტრს გამომსახველობითი საშუალებები ერთმანეთს ერწყმის და სადაც, სიუჟეტი კი არ არის მთავარი, არამედ სათქმელი. 

 

 

 

საშა ვალცისა და სტუმრების " საჩუქარი "ქართველ მაყურებელს 

12
CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com