მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პრესა
Murmel Murmel ...

მარიამ იაშვილი

Murmel Murmel ...

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სახელოვნებო ფესტივალს („საჩუქრი“, 2016) ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. მაყურებელმა ქართულ სცენაზე პირველად იხილა ბერლინის სახალხო თეატრის (Volksbühne) დასი,  თანამედროვე გერმანული თეატრის ცნობილი რეჟისორის ჰერბერტ ფრიჩის წარმოდგენაში Murmel Murmel.

ოფიციალურ ინფორმაციაში  სპექტაკლის შესახებ ვკითხულობთ:

1974 წელს  შვეიცარელმა ხელოვანმა დიტერ როტმა 18 x 11.5 სმ ზომის და 176 გვერდიან წიგნში გამოსცა პიესა მოყავისფრო ქაღალდზე. ჰერბერტ ფრიჩს ეს პიესა 80-იან წლებში ჩაუვარდა ხელში და აღფრთოვანებული დარჩა. ის შტუტგარტის გერმანულ თეატრში როტის ციტირების შემდეგ მიიღეს და ავტორს ამ პიესის დადგმა შეჰპირდა. 2012 წელს ფრიჩმა ჩანაფიქრი განახორციელა. ამ დროს როტი უკვე 14 წლის გარდაცვლილი იყო. ფრიჩის გადაწყვეტილებით სცენაზე 11 მსახიობია. 11 გადარეული ციფრია, რომელიც წარმოუდგენელს ასახავს, იმას რასაც ხელით ვერ შეიგრძნობ და თითებზე ვერ ჩამოთვლითავად ფრიჩი მე-12 -ეა, შემდეგ მე-13-ე ბურთულა მოგორავს, მე-14 და მოდის და მოდის...

Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel

Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel

Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel

 

ფრანკ კასტორფის ყოფილი მსახიობის, წლების წინ აღიარებული „ხულიგანი“ პერფორმერისა და ამჟამად, უკვე თავადაც თეატრის რეჟისორის - ჰერბერტ ფრიჩის მიერ 2012 წელს დადგმული წარმოდგენა, რეჟისორული და სცენოგრაფიული თვალსაზრისით, მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მსგავსად, ამჯერადაც მეტად ხმაურიანი აღმოჩნდა.

უჩვეულო ხმაური იყო რუსთაველის თეატრის დრამატულ სცენაზეც, რომელიც თითქმის სამოცდაათი წუთის განმავლობაში გაგრძელდა და აღარ დამთავრდა... არ დამთავრდა აპლოდისმენტების დროსაც კი, როდესაც წარმოდგენით გაბრუებული მაყურებელი, მსახიობებთან ერთად, ტაშის ფონზე ტრადიციული „ბრავოს“ ნაცვლად მთელი ხმით გაჰკიოდა რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ კოდურ სიტყვას -Murmel...

უზარმაზარი წითელი ხალიჩა და წინასწარ მომზადებული საორკესტრო ორმო, სადაც მარიმბაფონი და კომპიუტერული მოწყობილობაა განთავსებული, დარბაზში შესვლისთანავე  ყურადღებას იპყრობს. წარმოდგენის დაწყებამდე სავარძლებთან მოფუსფუსე მაყურებელს მსახიობები ჯერ კიდევ კულისებიდან აკვირდებიან  - უთვალთვალებენ, „ეთამაშებიან“, თითქოს მიანიშნებენ - წარმოდგენა იწყება და განეწყვეთ, - სულ მალე, თავს რაღაც უჩვეულო რამ დაგატყდებათ  და მერე ნახეთ თქვენო...

და მართლაც, ჩაბნელებული რუსთაველის თეატრის დარბაზში გვერდითა კარიდან სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელი, მსახიობი და ამ უჩვეულო წარმოდგენის მთავარი „მაესტრო“ - ინგო გიუნთერი - იპარება. სამხედრო ფერსა თუ სტილში გადაცმული დირიჟორი და დიჯეი შემოსვლისთანავე ჯერ მაყურებელს ათვალიერებს, წამიერად აკვირდება და შემდეგ, უხერხული მოძრაობით მიფორთხავს საორკესტრო ორმოსკენ. იმ წუთიდანვე, როგორც კი მუსიკოსი მისთვის განკუთვნილ ადგილს მოერგება, ხვდები, რომ რეჟისორისა და სცენოგრაფ ფრიჩის მხრიდან განწყობა უკვე შექმნილია, თამაშის მთავარი წესები კი - შემოთავაზებული: ავანგარდული კომედია, თანამედროვე ხელოვნების ესთეტიკაში შეზავებული გამომსახველობითი ფორმები, თეატრალიზებული შოუ, შესაძლოა იყოს კიტჩიც და კიდევ, ალბათ, რაღაც სხვა, რაც ჯერ არ იცი და წინ გელოდება... გელოდება, მთელი სამოცდაათი წუთის განმავლობაში...

კოსტიუმების მხატვარ ვიქტორია ბეერის მიერ ჯერ 60-იანი წლების ენდი უორჰოლისეულ სტილში, ხოლო მოგვიანებით, ჰენრი მატისისეულად გაფერადებულ „მოცეკვავეებთან“ მიმსგავსებული თერთმეტი მსახიობი ხან სათითაოდ, ხანაც წყვილ-წყვილად გამოდიან სცენაზე და ერთადერთი სიტყვის Murmelწარმოთქმაში ვარჯიშობენ...

Murmel Murmel Murmel...

თითოეული მათგანი წამღერით, წარმოთქმით - ხისტად, გაზვიადებულად, ხმამაღლა, ხმადაბლა, ჩურჩულით, ლოცვით, უსიტყვოდ, დუეტში, ქორალში, ან სოლო შესრულებით „იხვევს“ ამ ერთადერთ სიტყვას. სიტყვას, რომლის ზუსტი „მნიშვნელობა“, გეჩვენება, რომ თავად მსახიობებმაც არ იციან... დიახ, არ იციან, რადგან ზმნა - Murmeln - გერმანულენოვან ქვეყნებში, სწორედაც რომ „სხვისთვის გაუგებარ“ კონტექსტში იხმარება. მაშინ, როდესაც ვინმეს, ერთი მხრივ, არ სურს გაანდოს ირგვლივ მყოფთ თავისი ფიქრები, და მეორე მხრივ, არც ის მალავს გონებაში წამოტივტივებულ აზრებს და გამაღიზიანებლად იმეორებს, გამოსთქვამს ჩუმად, თავისთვის... მოკლედ სიტყვა Murmeln ქართულად - ბუტბუტს, ბურდღუნს, ქოთქოთს ნიშნავს. ამ გამაღიზიანებელ „მოთქმას“ კი შვეიცარიელმა მხატვარმა და პოეტმა დიტერ როტმა ჯერ კიდევ 70-იან წლებში განსაკუთრებული დატვრითვა შესძინა. ჰერბერტ ფრიჩმაკი მას მბრძანებლის ფუნქცია დააკისრა და ყველა სხვა დანარჩენ თეატრალურ კომპონენტთან ერთად, სცენაზე გააბატონა.

მოძრაობაში გამოხატული ეს ერთადერთი სიტყვა - Murmel - რეჟისორისა და სცენოგრაფის მხრიდან, თეატრალური ტექსტის რანგშია აყვანილი. თეატრალური ტექსტის ფუნქციას ასრულებს სპექტაკლში ასევე განათება და სცენოგრაფია, რამაც, ფაქტობრივად, დაატყვევა რუსთაველის თეატრში მისული მაყურებელი. მუდმივად ცვალებადი პასტელური ფერები და მსახიობებთან ერთად სინქრონულად მოძრავი კედლები, რომლის მიღმაც სცენის გამნათებლისა და ინჟინერ-მექანიკოსის წარმოუდგენელი პროფესიონალიზმი იმალება, დაუვიწყარ, შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის სცენაზე... ვინ იცის, იქნებ სწორედ მსგავსი სანახაობითი კონცეფცია ჰქონდა ჩაფიქრებული თავად დიტერ როტსაც, როცა გახუნებულ ფურცლებზე მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთადერთ სიტყვას წერდა ...

Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel....

ჟესტით, მიმიკით, პლასტიკით, მუსიკითა და სცენოგრაფიით გადმოცემული სიტყვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავადაც ჩართულია წარმოდგენაში... განუწყვეტლივ მოძრაობს... იმპროვიზირებს... ფერს იცვლის.... შეიძლება ითქვას, ამ არა-დრამატულ, ფრიჩისეულ ანტი-თეატრში თვითონ სიტყვა გვევლინება ერთ-ერთი მთავარ მოთამაშე პირად სცენაზე.

Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel.....

სიტყვა, რომლის შინაარსის ამოცნობაც რეჟისორს თავად მაყურებლისთვის აქვს  მინდობილი.

მაყურებლის სურვილზევეა დამოკიდებული მისცემს ის სცენაზე ნანახ ან მოსმენილ ბგერებს აზრს თუ გონების მიღმა დატოვებს და მთლიანად გადაეშვება იმ „დაჰიპნოზებულ სამყაროში“, რომელსაც ჰერბერტ ფრიჩი ერთი სიტყვით, მაგრამ მრავალფუნქციურად,  სთავაზობს სამოცდაათწუთიანი თეატრალიზებული „სეანსის“ განმავლობაში.

მახსენდება ანტონენ არტოს სიტყვები, რომელმაც, ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში დასვა საკითხი თეატრალური ენის გამომსახველობითი ფორმების შეცვლისა და თეატრში მათი „სხვაგვარად“ გამოყენების აუცილებლობაზე. იგი წერდა: „პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, ახლა იჭრება, არის ის, რომ თეატრს მიეცეს უფლება იპოვოს მისი ნამდვილი ენა... ენა სივრცობრივი, ენა ჟესტების, პოზების, გამოსახვის და მიმიკის... ენა ყვირილის, ენა ჟღერადობის, სადაც ყველა ობიექტური ელემენტი ვიზუალური ან ბგერადი ნიშნისაკენ იქნება მიმართული“... როგორც მოგეხსენებათ, არტოს თეატრალური მანიფესტი მოგვიანებით ერთ-ერთი საფუძველი გახდა გერმანული პოსტდრამატული თეატრის, (განსაკუთრებით, ჰაინერ მიულერთან) როგორც თეორიული ისე  პრაქტიკული, განვითარების თვალსაზრისით.

რაც შეეხება რუსთაველის თეატრში წარმოდგენილ ფოლკსბიუნეს თეატრალურ პროდუქტს, რომელიც ჩვენ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში ვიხილეთ, ერთი რამ ცხადია: ჰერბარტ ფრიჩი სწორედ გერმანული პოსტდრამატული თეატრის თავისებური შთამომავალია. ბრეხტის ეპიკურ თეატრზე გამოზრდილი ფოლკსბიუნეს ყოფილი მსახიობი თავიდან ბოლომდე წინააღმდეგია თეატრს რაიმე აღმზრდელობითი, ან თუ გინდათ, „მორალური“ ფუნქცია დააკისროს და დარბაზიდან გამოსულ მაყურებელს სამყაროს შეცვლა მოთხოვოს... სამოც წელს გადაცილებული რეჟისორი, რომელმაც ამ მიმართულებით სულ ცოტა ხანია, რაც ფეხი აიდგა აკადემიურ სცენაზე, თავის საკუთარ ხელწერას დღითიდღე იმკვიდრებს და შეიძლება ითქვას, თავიდან ბოლომდე „კაიფობს“ თეატრის კეთებით... „კაიფობს“ პროფესიულად, თავისებურად და თეატრში მისულს, ძალაუნებურად შენც გითრევს მისეულ, არარეალურ სამყაროში... იქ, სადაც ადამიანები, თავისივე ნებით, მარიონეტებად, უფრო სწორად, პლასტიკურ თოჯინებად ქცეულან და სხვადასხვა ირაციონალურ შრეებში მოგზაურობით ირთობენ თავებს...

და მაინც: იქნებ, ჩვენი ირაციონალური სამყაროა ყველაზე დიდი რეალობა, - და არა ცხოვრება, რომელსაც ასე ხშირად „უაზროს“ ვეძახით. როცა უკვე მრავალგზის გადაღეჭილ და ყოველმხრივ თავსმოხვეულ სიტყვას - თავისუფლება - აზრი აქვს გამოცლილი, რადგან - მოძველებული და მოყირჭებულია... როცა აღარ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტება... მობეზრებულია სიტყვა  პრიორიტეტულიც... ვართ მხოლოდ საკუთარ თავს მინდობილნი... ჩვენსავე აზრებში გაფანტულნი, თავადაც ვიკარგებით ჩვენ მიერვე დაკანონებულ „ცხოვრებისეულ არარაობაში“... 

მაშ, რაღა დაგვრჩენია, თუ არა - წარმოსახვითი რეალობა... ერთადერთი ხელმოსაჭიდი სამყარო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენია... და თანაც კოსმოსივით უკიდეგანო... რომელიც შეიძლება გახდეს ფერადი და დარჩეს ბოლომდე ამოუხსნელი.... მიღმიერი სამყარო, რომელშიც, ერთხელ მაინც თუ შეაბიჯე - უფრო და უფრო  ჩაგითრევს და ჩაგითრევს....

Murmel Murmel Murmel Murmel Murmel Murmel MurmelMurmel......

გამოვტყდეთ, რომელ ჩვენგანს არ გაგვჩენია სურვილი, ფრიჩის პერსონაჟების მგავსად, თავ(ქუდ)მოგლეჯილები გავქცეოდით ყოველდღიურ ვალდებულებებს, საზოგადოებრივ მორალს და იმ აუარება წესებსა თუ მოთხოვნებს მთელი ძალით რომ გვიჭერს ყელში და გვახრჩობს...

Mmmmmmmmmuuuuuuuuuuuuurrrrrrrrrrmmmmmeeeeeeeelllllllllll!

Murmel Murmel …

11/16/2016
ევა იერბაბუენას „წვიმა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში

მარიამ იაშვილი

ევა იერბაბუენას „წვიმა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში

წელს, მიხეილთუმანიშვილისსახელობისხელოვნებისსაერთაშორისოფესტივალი„საჩუქარი“- ოპერისადაბალეტისსახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე,კომპანია- ევაიერბაბუენასფლამენკოსბალეტის - (Ballet Flamenco Eva Yerbabuena)მიერწარმოდგენილი -საოცარი, ემოციური, „ფეიერვერკული“, თავბრუდამხვევისანახაობით -„წვიმა”( Lluvia),გაიხსნა.

მკრთალად განათებული სცენის მიღმა აქა-იქ ბათქაშჩამონგრეული, ძველიაგურის კედელია აღმართული.კედელს შუაში, ასევე ძველებურიხის კარიბჭე აქვს დატანებული.ჭერიდან ჩამოსული ნისლი უკვე მთელ დარბაზს სწვდება. სცენაზე შავ-ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები შემოდიან და საწყის პოზიციას ერთიმეორეს მიყოლებით იკავებენ.  განაბულ დარბაზში ჩოჩქოლია. მკრთალად განათებული პარტერის კიბეებიდან  წითელკაბაში შემოსილი ქალის სხეული ვნებიანად მოაპობს დარბაზს,ადის სცენაზე, თითოეულ მონაწილეს, ფლამენკოსთვის დამახასიათებელიფეხების რიტმული ბაკუნით სათითაოდ უვლის გარშემო და დასარტყამი ინსტრუმენტის საბრძოლო რიტმისფონზე კულისებში უჩინარდება.სწორედ ამ დროს გრძნობ პირველად, რომ შენ თვალწინ, ძალიან მალე,სცენაზეევა იერბაბუენას მიერნამდვილი ცეცხლი აგიზგიზდება.

1970 წელს ფრანკფურტში დაბადებული და გრანადაში გაზრდილი  ევა მარია გარიდო  (Eva María Garrido) თანამედროვე ცეკვის ბალეტისა და უპირველესად - ფლამენკოს მეტად გამორჩეული შემსრულებელია. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ დასის თოთოეული მონაწილე, მთელი წარმოდგენის განმავლობაში,წვიმის წვეთივით, ზედმიწევნით იმეორებდა ტრადიციული ესპანური საცეკვაო ხელოვნებიდან ამოზრდილიევას სულისა და სხეულისრიტმულ მოძრაობებს.

თანამედროვე კლასიკური ცეკვის ელემენტებით გაჯერებული ფლამენკოს საბალეტო დასი საოცარი მომღერლებისა (განსაკუთრებით, ხოსე ვალენსია (Jose Valencia)) და ინსტრუმენტალი შემსრულებლებით (მათ შორის, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი გიტარისტი  და დასის მუსიკალური ხელმძღვანელი,მისი მეუღლე - პაკოა (Paco Jarana)) არის დაკომპლექტებული.თითოეული მათგანი -მუსიკალური ინსტრუმენტის, ვოკალისა თუ სხეულის მეშვეობით, - ევასეული ფლამენკოს დაუვიწყარ,იმპროვიზაციულვარიაციებს გვთავაზობს სცენიდან. ვფიქრობ, სწორედ ასეთ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნიუანსებში ვლინდებაესპანელი ქორეოგრაფის გასაოცარი პროფესიონალიზმი და უნივერსალურობაც: რამდენი მოდერნული შტრიხიც არ უნდა ამოტივტივდეს წარმოდგენაში, შენ თვალწინ, მაინც ტრადიციული ფლემანკოს დაუვიწყარი სამყარო იხსნება;სწორედ ესააევა იერბაბუენას ბალეტი - სულიერი ტკივილითა და ხორცის ზეიმითგაზავებული წარმოდგენა - ალბათ, ყველაზე პოეტურ-მეტაფორული სახელწოდებით  - Lluvia („წვიმა“). 

„არ არსებობს იმაზე მეტი დღევანდელობა, როგორიც ფლამენკოა...ფლამენკო, როგორც ასეთი...“ - ხშირად იმეორებს ცეკვის დედოფალი ინტერვიუებში და შენც ხვდები, რომ იგი მართლაც რომ ზედმიწევნით თანამედროვე, უზადოდ გემოვნებიან შოუს დგამს. დგამს შორეულ, ზაფხულში მზით გავარვარებულ ესპანეთში; დგამს ადამიანის უნივერსალური სულისა და ხორცის ზეიმს, რომლის მიზანიც, პირველ რიგში,სწორედ შინაგანი სამყაროს კონტექსტუალიზმის განსხეულებაში ვლინდება;დგამს იმისათვის, რათა ჩაგახედოს საკუთარ არსში, მიგიყვანოს კაცობრიობის რაობის ძირითად ფესვებთან დაგაგახსენოსის მთავარი ფასეულობა, რომელიც ყოველდღიური რუტინით გათანგულებს ასე ხშირად გვავიწყდება. ეს ფასეულობა კიშენი, საკუთარი, შინაგანი თავისუფლების ხიბლია.

„სულ სხვა მოძრაობა... სულ სხვა ბგერა... სულ სხვა ცხოვრება...“ - ამ სიტყვებით ასათაურებენ ევა იერბაბუენას მუსიკალურპროექტს საფესტივალო რვეულში „საჩუქრის“ ორგანიზატორები... და მართლაც... რთულია ევას „სულ სხვა“ ფლამენკოზე  წერა...

რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი თეორიული შრომა ტრადიციული ფლამენკოს წარმოშობისა და მისი ტექნიკის განვითარების შესახებ, რომელთა დამოწმებაც აქ ევას პროექტის -Lluvia - კონტექსტში შემეძლო...

რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლებოდა ევას ქორეოგრაფიული თავისებურებების მნიშვნელობაზე წერა, თანამედროვე მსოფლიო ბალეტის ნორმებში ჩასმული, თუ, ამოვარდნილი ფლამენკოს საბალეტო ნომრების ელემენტებისმოყვანით...

რა თქმა უნდა, შემეძლო გამეკეთებინა იმ ჯილდოების ჩამონათვალი, რომელთაც, სხვათა შორის, წელს „მიხეილ თუმანიშვილის“ სახელობის ნომინაციაც შეემატა...

მაგრამ...რაც უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავებასა და განვრცობას ვისახავდი მიზნად, მით უფრო ვგრძნობდი, როგორ არასწორ გზას ვადექი, თანდათანობით როგორ ვცილდებოდი მთავარს - დამეწერა ევა იერბაბუენას ფლამენკოს ბალეტის სტუმრობასა და იმ შესრულების ხარისხზე ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელმაც ასე დაატყვევა ქართველი მაყურებელი.

რა თქმა უნდა, მაინც ვერ შევძელი...

დაბოლოს, მაიკ ფიგისისა (Mike Figgis, Flamenco Women, 1998) და კარლო საურას (Carlos Saura, Flamenco, Flamenco, 2010) არაჩვეულებრივი ფილმების ნახვის შემდეგ(ორივე ფილმში ევა იერბაბუენა თამაშობს), კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ რატომ იყოჩემი მცდელობა - დამეწერა ევაზე - ამაო. ამაო იყო თუნდაც იმიტომ, რომყველაზე მთავარი ფლამეკოში - გრძნობაა. გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ...

ევას ფლამენკო უნდა ნახო, მოისმინო და შეიგრძნო. სხვა დანარჩენი - თეორიაა.

 

10/28/2016
ფოკუსშია იტალია - უახლეს იტალიურ თეატრში მიმდინარე პროცესები

მაკა ვასაძე

ფოკუსშია იტალია - უახლეს იტალიურ თეატრში მიმდინარე პროცესები

2016 წლის ფესტივალი - „საჩუქარი“ - მრავaლფეროვანებით გამოირჩეოდა.  უცხოური სპექტაკლებიდან საინტერესო იყო იტალიის საელჩოსთან ერთად წარმოდგენილი ახალი პროგრამა - „ფოკუსშია იტალია“, რომელიც სამი სპექტაკლისგან შედგებოდა: ედუარდო ერბას „იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს“, დარიო ფოს „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით“ - საქართველო-იტალიის ერთობლივი პროექტი (რომლის შედეგადაც თუმანიშვილის თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შეემატა)  და ჰაინერ მიულერის „მედეა მასალა“. სხვადასხვა ქვეყნის დრამატურგის, იტალიელი რეჟისორების დადგმულ წარმოდგენებს, ერთი რამ ჰქონდათ საერთო, სამივე ადამიანზე (ან ადამიანებზე), მის განცდაზე, ფიქრზე, სულიერ თუ სოციალურ მდგომარეობაზე მოგვითხრობდა. ფესტივალმა ეს პროგრამა საქართველოში იტალიის საელჩოს თანადგომით განახორციელა. მივყვეთ ქრონოლოგიას.

29, 30 ოქტომბერს, თუმანიშვილის თეატრში გათამაშებული, ედუარდო ერბას (Edoardo Erba) „იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს“, მილანის დამოუკიდებელი კვლევის თეატრალური ცენტრში (A.T.I.R Teatro Ringhiera- დამფუძნებელი სერენა სინიგალია Serena Sinigaglia) განხორციელებული პროექტია. სპექტაკლის რეჟისორი, ცენტრის დამაარსებელი, ახალგაზრდა იტალიeლი რეჟისორი - სერენა სინიგალიაა. აღსანიშნავია, რომ სათეატრო ტექსტზე (პიესაზე), დრამატურგმა და რეჟისორმა ერთად იმუშავეს. ედუარდო ერბა (სათეატრო განათლება, ჯორჯო სტრელერთან „პიკოლო თეატრში“, მიიღო) თანამედროვე სათეატრო სამყაროს ერთ-ერთი ცნობილი დრამატურგია (ყველაზე ცნობილი პიესაა „მარათონი“ (Marathon), წერს აგრეთვე: რადიო და სატელევიზიო პიესებს, სკეტჩებს და კომედიურ შოუებისთვის ტექსტებს). მისი პიესები მრავალ ენაზეა თარგმნილი და სხვადასხვა ქვეყანაში დადგმული (მათ შორის, ბრიტანეთში, აშშ-ში, რუსეთში). „იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს“, ერბას ადრინდელი პიესის  „იტალიური დრამა“ (Italian Drama) გადამუშავებული ვარიანტია. 2015 წელს სპექტაკლი, მილანში სათეატრო ჟურნალის „Histrio“-ს და ფონდის „Cariplo“-ს, პროექტში „Twister – the wandering spectator“ (მოთამაშე - მოხეტიალე მაყურებელი მ. ვ.) მონაწილეობდა. პროექტის ავტორებმა მილანის სათეატრო ბილბორდებიდან აირჩიეს ყველაზე პოპულარული, მაღალი მხატვრული დონის წარმოდგენები, რომლებიც იტალიის სხვადასხვა ქალაქის „ეზოში“ თამაშდებოდა. თეატრის პოპულარიზაციის მიზნით, თეატრი თვითონ მიდიოდა მაყურებელთან.

„იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს“ ადამიანთა გაუსაძლის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას ასახავს. დღეს, ხელოვნებაში ასე მოდური სოციალური პრობლემატიკა მაღალმხატვრულადაა გადმოცემული. მსოფლიოში არსებულმა სოციალურმა კრიზისმა, დაანგრია იტალიის ეკონომიკა. დრამატურგმა და რეჟისორმა, გაუსაძლისი ყოფა, რამდენიმე ადამიანის, ოჯახის მაგალითზე ააგეს. აქცენტი, ქალების როლზე გააკეთეს. დრამატურგმა იტალიის, როგორც ქვეყნის, ათეული წლებით დაშორებული, ორი ეპოქის გადაძახილზე ააგო პიესა. ალბათ, აქედან გამომდინარე, რეჟისორმა თეატრალური თხრობისას, უახლესთან ერთად, ნეორეალიზმისთვის დამახასიათებელი ფორმებიც გამოიყენა.

სპექტაკლში 6 მსახიობია დაკავებული. მათია ფაბრისი, სტეფანო ორლანდი, მარია პერეზ სპა, ბეატრის სკიროსი, კირა სტოპა და სანდრა ცოკოლანი - 4 ქალი და ორი მამაკაცი, სხვადასხვა პერსონაჟს განასახიერებს. ყველას რაღაც საერთო აქვს. ლამაზი დედა და უშნო ქალიშვილი,  დედის ბევრად ახალგაზრდა საყვარელი, რომელსაც მამა-ბაბუის დატოვებულ ქონებაზე უჭირავს თვალი და ქონების ხელში ჩასაგდებად, მზადაა სქესობრივი კავშირი დედა-შვილთან ერთდროულად დაამყაროს. დედის სილამაზის ჩრდილქვეშ მყოფი ქალიშვილი, რომელიც მშვენივრად ხვდება, დედის ახალგაზრდა საყვარლის მიზანს და ცდილობს დედას თვალი აუხილოს. ქალიშვილი, რომელმაც ახლახანს სამსახური დაკარგა. შუახნის ცოლ-ქმრის  ურთიერთობა. ქმარი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს ცოლი, მზადაა მისთვის ყველაფერი გააკეთოს, გაკოტრდა, სამსახური დაკარგა და ეშინია საყვარელ ცოლს გაუმხილოს სიმართლე. სამაგიეროდ ადვილად გამონახავს საერთო ენას, კაფე-ბარში გაცნობილ ქალთან (დედასთან) და ყველაფერს უყვება. დედა ხვდება, რომ ეს მისი ქალიშვილის უფროსია და სთავაზობს მამის დანატოვარ ფულს, ოღონდ კი ქალიშვილი სამსახურიდან არ გამოუშვას. უცხოელი, მუსლიმი ქალი, რომელიც იტალიაში, კიდევ უფრო გაჭირვებული ქვეყნიდან, ალბანეთიდან ჩამოვიდა სამუშაოდ ოჯახის სარჩენად. იტალიელი მაჩო - სალსას ცეკვის მასწავლებელი და ბევრად უფროსი ქალის საყვარელი. პადრე, რომელიც იმდენადაა „გართული“ საკუთარი „მე“-თი, რომ აღსარებაზე მისულ ადამიანს (ქმარს) არც კი უსმენს. ყველა პერსონაჟს სალსას ცეკვის გაკვეთილები აერთიანებს.

სერენა სინიგალიამ და მხატვარმა ფედერიკა პონისიმ საინტერესო დეკორაცია შექმნეს. სცენის ფიცარნაგს მუქი შინდისფერი ნაჭერი ფარავს. სიღრმეში, საცეკვაო დარბაზების მსგავსად გრძელი სარკე დგას. ტელევიზორი, ტელევიზორის პულტი, ნაგვის სათლი, მიყრილ-მოყრილი ჩანთები, ფეხსაცმელები, ღვინის თუ კოკა-კოლის ბოთლები, ეკარანი, რომელზეც ფინალში ბობოქარი ზღვის ტალღა აისახება... მხატვარმა და რეჟისორმა მოქმედების სხვადასხვა ადგილი ერთ სივრცეში გააერთიანეს. თხრობის სტილიც სცენოგრაფიის მსგავსად, ერთმანეთშია გადახლართული. ოჯახების ნგრევა, ადამიანების განადგურება, სერენა სინიგალიამ ყველაფრის წამლეკავი  წყლის სტიქით გამოხატა. სხვადასხვა ადგილას, ნელ-ნელა პერსონაჟებს ზევიდან წყლის ჭავლი ესხმებათ. გეგონება სახლის სახურავიდან ჩამოდის წყალი. სცენა ნელ-ნელა სათლებით ივსება. ფინალში, კარიბის კუნძულებზე გაქცეულ ქმარს, ეკრანზე გამოსახული ზღვის ტალღა წალეკავს, პესონაჟები კი მას სათლიდან წყალს ასხამენ.

რეჟისორი პირობითი თეატრალური ენით, გროტესკითა და იუმორით გვიყვება  ადამიანთა მძიმე ყოფა-ცხოვრების დრამატულ ამბავს. ამავდროულად, ბოლომდე ინარჩუნებს თეატრალურ პირობითობას. ამიტომაც, თითქმის ნატურალისტურად დადგმული სქესობრივი კავშირის სცენა, მაყურებელს არ უქმნის უხერხულობის გრძნობას. ალბანელი ქალი, რომელსაც იქვე სცენაზე, სალსას მასწავლებელი იტალიელი „მაჩო გაჟიმავს“. სინამდვილეში, „მაჩო“ კი არა, სქესობრივად უძლური ბისექსუალია. მას „გათავება“ არ ძალუძს. ალბანელი ქალი მიხვდება მის უძლურებას და თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამ ეპიზოდის მერე, მისი ქმართან ტელეფონით საუბრის სცენა გათამაშდება, რომელშიც ტრაგი-კომიკურობის ელემენტია ხაზგასმული. ალბანელი ქალი, უცხო ქვეყანაში თავდაუზოგავი შრომით, ოჯახს ინახავს და სახლში რემონტს აკეთებს.

რეჟისორის ინტერპრეტაცია-კონცეფციასთან სრულ ჰარმონიაშია გიპო გუარდოს მუსიკალური გაფორმება და ალესანდრო ვერაცის მიერ შექმნილი სპექტაკლის განათება.  ლუკა დ’ადინოს დადგმული სალსა სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელია, პერსონაჟთა ხასიათების გამხსნელი, ფინალში კი რეჟისორის კონცეფციის გადმომცემი. ეს სალსას განზომილებაა, სხვა სამყაროა, სამყარო სადაც ვითომდა ახლობელ ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით. ის, რაც იტალიაში 10-იან წლებში ხდებოდა, დღესაც მეორდება, საუბედუროდ  არა მარტო იქ, არამედ ჩვენთანაც. ფინალურ ეპიზოდში, პერსონაჟები სალსას წყალში ცეკვავენ. მათი ცეკვა სარკეში, თითქოს სხვა განზომილებაში აისახება. სინამდვილეში კი, თითოეული პერსონაჟი, მოთხრობილი ამბავი, შენი თანამოქალაქეების გაუსაძლის ცხოვრებას ასახავს.

2017 წლის ფესტივალის გახსნამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, სამწუხარო ამბავი გაჟღერდა: გარდაიცვალა დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, იტალიური თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი დარიო ფო. 11 ნოემბერს ნაჩვენები, „ფოკუსშია იტალია“-ს მეორე წარმოდგენა, თუმანიშვილის თეატრში იტალიელი რეჟისორის მიკელე პანელას - არ გვიხდიან?! არ გადავიხდით! - სწორედ დარიო ფოს პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენა გახლდათ. სპექტაკლი საქართველო-იტალიის ერთობლივი ნამუშევარია და თუმანიშვილის თეატრის რეპერტუარში დარჩება. მის დაფინანსება-განხორციელებაში თბილისის მერიასთან არსებულმა „თავისუფალმა თეატრალურმა პროექტებმა“ მიიღო მონაწილეობა.

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება დარიო ფო, მეოცე საუკუნის თითქმის დასაწყისში (1926) დაიბადა, სიცოცხლის ბოლომდე ხელოვნების მსახური და თავისი მრწამსის - საზოგადოებაში ადამიანთა თანასწორობის - ერთგული გახლდათ. მსახიობი, დრამატურგი, კომიკოსი, მომღერალი, რეჟისორი, სცენოგრაფი, კომპოზიტორი, პოლიტიკურად აქტიური ადამიანი (მემარცხენე შეხედულებების). 1997 წ. დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის ჟანრში, ამგვარი ფორმულირებით:  „შუა საუკუნეების ჯამბაზების სტილში სულით უშიშრად აკრიტიკებს ხელისუფლებას და იცავს ჩაგრულთა ღირსებას“ (თარგმანი მ. ვ. ). შემოქმედებითი ცხოვრება „პიკოლო თეატრიდან“ დაიწყო. ბოლო 50 წლის მანძილზე დარიო ფომ უდიდესი წვლილი შეიტანა იტალიური თეატრის განვითარებაში. სახელი გაითქვა მძაფრი პოლიტიკური სატირით : „მუშამ იცის 300 სიტყვა, პატრონმა 1000, ამიტომაც არის პატრონი“, ყველაზე ცნობილი პიესაა „ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი“ (1970) (1969 წ. მილანში ბომბის აფეთქების შემდეგ დაწერა). შემდგომ, უფრო რევოლუციური ხასიათის პიესების წერა დაიწყო: მაგალითად „არ გვიხდიან, არ გადავიხდით“ (1974) - რომელშიც ადამიანის ბიუროკრატიასთან, ჩინოვნიკებთან ყოველდღიური ბრძოლა ასახა. 2003 წელს შექმნილი „ორთავიან ანომალია“ მძაფრი სატირაა რუსეთ-იტალიის მმართველების საეჭვო ურთიერთობაზე - როგორ უნერგავენ პუტინის ტვინს სილვიო ბერლუსკონის. 2006 წ. მილანის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ წააგო. მეუღლე: იტალიური თეატრის ვარსკვლავი ფრანკა რამე გახლდათ.

მიკელე პანელას სარეჟისორო დებიუტი 1999 წელს, პატრიკ მარბერის პიესით - „პოკერი - დილერის არჩევანი“- შედგა (მანამდე საკმაოდ წარმატებული მსახიობი იყო). 2005 წელს რეჟისორ სერენა მარინელისთან ერთად თეატრალური კომპანია დაარსა. ეს, ორი რეჟისორი  ხშირად, ერთობლივ სპექტაკლებს ქმნის. დარიო ფოს - „არ გვიხდიან, არ გადავიხდით“- მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დაიწერა, მაგრამ მასში ასახული ამბავი, მოვლენები დღესაც აქტუალურია. დრამატული ნაწარმოები საზოგადოების, სოციუმის, ადამიანთა ცხოვრების ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისს ასახავს და პრობლემათა სიმწვავით გამოირჩევა. დრამატურგის მიერ შექმნილი ტიპაჟები, პერსონაჟები ცოცხალი და შენთვის ნაცნობ-ახლობელია. მოთხრობილი ამბავი დღესაც აქტუალურია და თანაც ისეა დაწერილი,  რომ გეგონება შენი ქვეყნის, შენი ხალხის, მეზობლების უახლესი ყოფა-ცხოვრებაა ასახული. ალბათ, ამიტომაც აირჩია ახალგაზრდა იტალიელმა რეჟისორმა სწორედ ეს პიესა თბილისში, თუმანიშვილის თეატრში დასადგმელად.

 დარიო ფოს პოლიტიკური ფარსი „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით“, „ანარქისტის სიკვდილის“ შემდეგ, დრამატურგის ყველაზე პოპულარული პიესაა და მრავალ (35-ზე მეტ) ქვეყანაშია დადგმული. მასში ავტორმა სხვადასხვა სათეატრო მიმდინარეობა: ბრეხტისეული პუბლიცისტური მწვავე სატირა, იტალიური „კომედია დელ არტესათვის“, თოჯინური, მოედნის თეატრისათვის დამახასიათებელი კომპონენტები გააერთიანა. მიკელე პანელამაც დადგმაში  მწვავე სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემები,  იუმორით, ზოგ შემთხვევაში კი, გროტესკით ასახა. რეჟისორის ჩანაფიქრი, კონცეფცია მხატვარ სიმონ მაჩაბელის, მოდერნისტულ-კუბისტური ელემენტებით განზავებულ, სცენოგრაფიაშიც ნათლად გამოჩნდა. დეკორაციის, რეკვიზიტის და კოსტიუმების ფერადი, მხიარული ფერები: თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი ერთი სახლის მაცხოვრებელთა დუხჭირი ცხოვრების დისონანსშია. სოციალურად თუ პოლიტიკურად გაუსაძლისი ცხოვრების მიუხედავად, სპექტაკლის პერსონაჟები (ადამიანები) არ კარგავენ იუმორის გრძნობას, სიცოცხლის სიყვარულს, ათას ხრიკს იგონებენ და მიმართავენ ოჯახების გადასარჩენად. თემო გვალიას, მზია არაბულის, ნიკა წერედიანის, ეკატერინე ანდრონიკაშვილის, გია აბესალაშვილის, გუგა კახიანის ძირითად პერსონაჟებს სხვა, ფანტაზიაში თუ რეალობაში არსებული, ტიპაჟები ემატებიან. რეჟისორმა და მხატვარმა ორიგინალურად გადაწყვიტეს  სპექტაკლში მათი გამოჩენა. სცენოგრაფია სახლის ინტერიერს გამოხატავს და ზოგიერთი, სწორედ ამ სახლის ფანჯრებში ჩნდება ხოლმე: უნივერმაღის დირექტორი,  პაპი, პოლიტიკოსი, დიქტატორები... ამ რეალური თუ გამოგონილი პერსონაჟი-ტიპაჟების განსახიერება რეჟისორმა სპექტაკლში მონაწილე მთავარი მოქმედი პირების მოთამაშე მსახიობებს დააკისრა. აღსანიშნავია გია აბესალაშვილის, მაღალი პროფესიონალიზმით, იუმორით, უფრო სწორად გროტესკის ხერხებით შექმნილი: პოლიციელი, უშიშროების თანამშრომელი, დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი, დემენცია შეყრილი მოხუცი მამა,  ექიმი.    

მიკელე პანელას და გიორგი ხოსიტაშვილის სპექტაკლისათვის შექმნილი მუსიკალური რიგი რეჟისორის ინტერპრეტაცია-კონცეფციის გამომხატველია. მასში, სხვასთან ერთად,  ქართველი მაყურებლისთვისაც კარგად ცნობილი პოპულარული იტალიური სიმღერების ნაწყვეტებიცაა გამოყენებული.

რეჟისორს სპექტაკლში  ბუფონადის ხერხებიც აქვს გამოყენებული. თემო გვალიას და ნიკა წერედიანის, მეზობელი-მეგობარი ქალების, ქმრები ჩარლი ჩაპლინის დაუვიწყარი ტიპაჟის ასოციაცისაც აღძრავენ.

ეკონომიკური კრიზისი, პროდუქტებზე ფასების ზრდა, უმუშევრობა, ნახევრად შიმშილი, გადაუხდელი კომუნალური მომსახურება... და ამ ყველაფრის ფონზე ხალხის, საზოგადოების რელიგიურ-პოლიტიკური „დაბოლება“, „აქტიური“ ქალები და „პასიური“ მამაკაცები - დარიო ფოს 40 წლის წინ დაწერილი პიესა, გეგონება ჩვენს დღევანდელ ყოფაზეა და სწორედ ამ ამბავს, პირობით სათეატრო ენით, მოგვითხრობენ მიკელე პანელა და თუმანიშვილის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი.

15,16 ნოემბერს, პროგრამის - „ფოკუსშია იტალია“ - მესამე სპექტაკლი, ჰაინერ მიულერის მიხედვით იტალიელი რეჟისორის კარმელო რიფიჩის დადგმული „მედეა მასალა“ (ორიგინალში ტრილოგია - „Verkommenes Ufer Medeamaterial Landschaft mit Argonauten“ 1982 წ.), შესთავაზა თბილისელ მაყურებელს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა და იტალიის საელჩომ. პოსტდრამატული თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის ჰაინერ მიულერის სწორედ ეს  ნაწარმოები, თანამედროვეობის სახელგანთქმული  რეჟისორის ანატოლი ვასილევის ინტერპრეტაციით (ვიდეო ჩანაწერი), რამდენიმე წლის წინ „საჩუქარს“ საფესტივალო პროგრამაში ჰქონდა ჩასმული. დღეს, ამ სპექტაკლის ჩანაწერი უკვე ინტერნეტსივრცეში შეგიძლია თავისუფლად მოიძიო. ყველაზე დიდი ხიბლი კი, რა თქმა უნდა, ანატოლი ვასილევთან შეხვედრა გახლდათ. (მე, ბედნიერება მხვდა წილად, ვასილევის „მედეა მასალა“ ჩემს კოლეგებთან ერთად, ვარშავაში თეატრალურ ფესტივალზე „ცოცხლად“ მენახა). მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ორგანიზატორების მიერ რისკის შემცველი ჩანაფიქრი-ნაბიჯი, კიდევ ერთი „მედეა მასალის“ ფესტივალზე წარდგინება, გამართლდა. ვინაიდან, ჩვენ სულ სხვა, ვფიქრობ, საინტერესოდ ინტერპრეტირებული ჰაინერ მიულერი ვნახეთ.

კარმელო რიფიჩი, როგორც რეჟისორი 2001 წლიდან მოღვაწეობს, დადგმული აქვს მრავალი სპექტაკლი თუ შოუ. 2009 წელს თანამოაზრეებთან ერთად დაარსა სახელოვნებო ასოციაცია „პროქსიმა რეს“ - Cultural Association Proxima Res. დასაწყისში, „ცხოვრების კვლევის ინსტრუმენტის“ - თანამედროვე დრამატურგიაზე მუშაობდნენ და დგამდნენ სპექტაკლებს. დღეს, „Proxima Res“ მილანის კულტურულ ცენტრად მოიაზრება, რომელიც სახელოვნებო საგანმანათლებლო მოღვაწეობასაც ეწევა. 2015 წლიდან კარმელო რიფიჩი მილანის თეატრის - LuganoInScena - სამხატვრო ხელმძღვანელია და ასევე, „Piccolo Teatro“-სთან არსებული, ლუკა რონკონის  სახელობის თეატრალური სკოლის დირექტორია.

„მედეა მასალა“ - „Proxima Res“-ს პროდუქციაა. ჰაინერ მიულერის ტრილოგიის მიხედვით, სასცენო ტექსტის შესაქმნელად, რეჟისორმა კარმელო რიფიჩიმ და მსახიობმა მარინელა გრანელიმ ერთად იმუშავეს. მიულერის ტრილოგია სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ტექსტია, რომელშიც მედეა ცენტრალური ფიგურაა და  გადმოცემული ამბავი, სწორედ მის გარშემო იგება. სად მითია და სადაა ისტორია, რეალობა, ფაქტები? სწორედ, ამას იკვლევს მიულერი. მედეას გარშემო არსებული მითის ნგრევისას, იგი თანამედროვე ქალის პერსონას ქმნის: მედეა თანამედროვე ევროპელი ქალი, მედეა გაროსკიპებული, მედეა პოლიტიკოსი. მედეა - მიულერის, თანამედროვე ქალის შესახებ, ასოციაციურ ფიქრთა ერთგვარი შედეგია. დრამატურგი ტრილოგიაში ზოგადად ქალის პროტოტიპს ქმნის.

კარმელო რიფიჩიმ და მარინელა გრანელიმ სასცენო ტექსტის ვერსია შექმნეს, ჩაამატეს ის, რასაც მიიჩნევენ, რომ მიულერი მოიაზრებდა, მაგრამ არ დაუწერია. მარინელა გრანელის მედეა, კაცობრიობის უახლესი, სასტიკი, ომებით სავსე ისტორიის შედეგია. იგი ღალატის მსხვერპლია, მოტყუებული, მიგდებული, ტკივილით სავსე ქალის ამბავია, ქალის, რომელიც გამოიყენეს, საროსკიპოსში გაამწესეს და ბედის ანაბრად მიაგდეს. უდიდესი სიყვარულის, თავდადების სანაცვლოდ, სულში ჩააფურთხეს და ფიზიკურად გაანადგურეს. მარინელა-მედეა იკვლევს რატომ? დასაწყისშივე იგი გადმოსცემს ღალატის ამბავს. მან სამშობლოს, მამას, ძმას უღალატა, ძმა მოსაკლავად გაიმეტა... იქნებ ამიტომ? მარინელა-მედეა თავის ღალატს თავგანწირული სიყვარულით ამართლებს. და, განა ღალატი შეიძლება გამართლდეს?  მან ხომ თავი გადადო იასონისთვის - კაცისთვის, თავისი რჩეულისთვისთვის და სიყვარულის შედეგი: ორი ვაჟი აჩუქა. მარინელა-მედეა იკვლევს, ეძიებს პასუხს... უყვარდა კი იასონს მედეა, თუ თავიდანვე გათვლილი, „პოლიტიკური“ ნაბიჯი იყო მისი მხრიდან მედეას მოხიბვლა? ამის დაჯერება არ სურს მარინელა-მედეას - ქალს. იასონმა და მედეამ ერთმანეთისადმი ლტოლვის იმპულსები მყისიერად, ერთმანეთის დანახვისთანავე შეიგრძნეს... მაგრამ... სამყაროს პოლიტიკა და პოლიტიკოსები მართავენ... იასონი კაცია, მეფის შთამომავალი, აქვს ამბიცია პირველი იყოს, მას, როგორც ადამიანს, კაცს გამეფება, ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურს... მარინელა-მედეა სტრიპტიზ ბარში გაამწესეს საცეკვაოდ, გააროსკიპეს, რატომ? იმიტომ, რომ კაცებს ასე სურდათ... იმიტომ, რომ მედეას უყვარდა, იასონმა კი იგი გამოიყენა მიზნების მისაღწევად... საბოლოო მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მბრძანებლობა, გამეფება, პირველობაა... მედეა იარაღია მის ხელში, სანამ სჭირდება მოიხმარს, მერე კი გადააგდებს, მოისვრის... მარინელა-მედეა უკვე საშუალო ასაკის  ქალია, კორინთოს მეფის უმცროსი ქალიშვილი კი ახალგაზრდაა... მარინელა-მედეა შიშვლდება, მას არ რცხვენია ორჯერ ნამშობიარები სხეულის წარმოჩენა, ამ სხეულით უყვარდა მას იასონი, მისი სხეულის ყოველი უჯრედი იასონისკენ ილტვის... მარინელა-მედეა სახლის „ხალათში“ გამოწყობილი მარტოდმარტო სადილობს... და აგრძელებს ამბის თხრობას... მიულერის ტექსტის მსგავსად, სპექტაკლშიც მარინელა-მედეაშია გერთიანებული მითის ყველა დანარჩენი პერსონაჟი და რაც მთავარია - იასონი. იასონი და მედეა ერთნი არიან. მათი გაყოფა წარმოუდგენელია... მარინელა-მედეა-ქალი თავისი შიშველი სხეულით გადმოსცემს მასში იასონის არსებობას. მარინელა გრანელი რამდენჯერმე შიშვლდება სცენაზე მედეას განსხეულებისას, მაგრამ რეჟისორისა და მსახიობის ინტერპრეტაცია-კონცეფცია, იმდენად ნათელი და გასაგებია, გამოხატვის ხერხები გემოვნებით და დახვეწილად, მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული, რომ მაყურებელს უხერხულობის გრძნობა არ ექმნება. მარინელა-მედეა - ცეკვავს ბოძთან, მასტურბირებს, ქალსა და მამაკაცს შორის სექსის დროს არსებული პოზების გამოხატვას არ ერიდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაში  უხამსი არაფერია. ვინაიდან, რეჟისორისა და მსახიობის სათქმელი გასაგებია, მიზანმიმართულია: აჩვენონ ქალის როლი დღეს, ვითომდა „ემანსიპირებულ“ საზოგადოებაში. დღესაც, ქალი კაცზე მეტს შრომობს, იღწვის ოჯახის, ქმრის, ბავშვების გადასარჩენად, კაცების მიერ მოგონილი გაუთავებელი ომების წინააღმდეგ, ზოგადად დედამიწის, სიცოცხლის გადასარჩენად. და, დღესაც, როგორც ევრიპიდეს დროს, ქალს ჩაგრავენ, მოიხმარენ, იყენებენ და მერე გადააგდებენ, მოისვრიან - სიყვარულის სანაცვლოდ. მედეას შესახებ ევრიპიდეს მიერ (მანამდეც სხვადასხვა წყაროებში გვხვდება მითები იასონსა და მედეაზე) გამიზნულად შექმნილი მითის ნგრევა, მეოცე საუკენის 80-იანი წლების დასაწყისში მიულერმა დაიწყო, რიფიჩიმ და გრანელიმ ამ მითის ნგრევის თავისებური, ხელოვნების, მხატვრული თვალსაზრისით, ჩანაფიქრის სიმართლით გადმოცემისას, აბსოლუტურად მისაღები ვერსია შექმნეს (ყოველშემთხვევაში ჩემთვის). ამასთანავე, მათ სათეატრო, პირობითი ენით მოგვითხრეს მითის ნგრევის მათეული ვერსია.

სპექტაკლის შემქმნელი შემოქმედებითი თუ ტექნიკური ჯგუფი რეჟისორისა და მსახიობის  ჩანაფიქრს ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს. მატეო კრესპის სცენოგრაფია და განათება მინიშნებებითაა გაკეთებული. მაგალითად, არგონავტების და იასონის კოლხეთში იალქნიანი ნავით შემოსვლა, მხატვარმა სცენაზე პატარა გასაბერი აუზით, მასში ჩასხმული წყლით და სათამაშო ნავით გამოხატა, რომელსაც მარინელა-მედეა ამბის, მოვლენების განვითარების კვალდაკვალ საჭიროებისამებრ იყენებს. მარინელა-მედეას კოსტიუმები ჩვენი თანამედროვე ყოფა-ცხოვრების გამომხატველია. ამით შემოქმედებითმა ჯგუფმა მედეასა და იასონის მითის უახლეს ისტორიაში გადმოტანას გაუსვეს ხაზი. სცენოგრაფის გაკეთებულია განათებაც, რომელიც ზუსტად ამოანათებს ხოლმე მნიშვნელოვან მომენტებს. ლიზა კერის მიერ შექმნილი ვიდეოკადრებიც რეჟისორისა და მსახიობის ჩანაფიქრის თანხვედრია. მაგალითად, ტრილოგიის მეორე ნაწილში სცენაზე ქმედების დროს, როდესაც მარინელა-მედეა იასონის ღალატზე პოლიტიკური თვალსაზრისით საუბრობს, ვიდეოკადრებში - იასონი, მისი ახალგაზრდა რჩეული და ამალა (მაყურებელი), რომელიღაც დარბაზში არიან, თავიდან იასონის და მისი ახალი მეუღლის შემოსვლას ესალმებიან, შემდეგ ყველა ერთად რაღაცას ისმენეს, უყურებს, მერე ტაშს უკრავს. ეს კადრები მეორდება დაუსრულებლად.

კარმელი რიფიჩი და მარინელა გრანელი მედეას სამსახოვანებას გვიჩვენებენ: როსკიპი, ოჯახის ქალი, თავდავიწყებულად შეყვარებული, მიტოვებული, უარყოფილი ქალი. აღსანიშნავია, რომ გერმანული და იტალიური თეატრი, გამოხატვის ხერხებით, ძალიან განსხვავებულია,. ამიტომაც, მიულერის მედეა იტალიელების შესრულებით უფრო ემოციურია, ვიდრე დრამატურგის მიერ შექმნილი. ქართველები და იტალიელები ამით ვგავართ ერთმანეთს. შეიძლება ამიტომაც, ჩემთვის უფრო მოსაწონი და მისაღებია, მაგალითად სტურუასეული ბრეხტი, ვიდრე თავად გერმანელების ნათამაშებ-ინტერპრეტირებული.

და, ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფსა და იტალიის საელჩოს, თბილისელი მაყურებლისათვის ასეთი საინტერესო პროგრამის შექმნისა და შერჩევისათვის. მათი ძალისხმევით, პროფესიონალებს  მოგვეცა საშუალება გავაანალიზოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს უახლეს იტალიურ თეატრში. მით უმეტეს, ეს საინტერესოა, ვინაიდან სამივე რეჟისორი მეტ-ნაკლებად, მილანის ლეგენდარულ „Piccolo Teatro“-სთან და სტრელერის სახელთანაა დაკავშირებული.

 

 

12/04/2016
უსასრულობისკენ მიმავალნი... რიმას ტუმინასის „ქარი ალვებში შრიალებს“

მაკა ვასაძე

 

უსასრულობისკენ მიმავალნი...

რიმას ტუმინასის „ქარი ალვებში შრიალებს“

 

  „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა“... ჩემდა უნებურად, რიმას ტუმინასის სპექტაკლის - „ქარი ალვებში შრიალებს“ - ნახვის შემდეგ,  გალაკტიონის სიტყვები ამოტივტივდა. უშუალოდ სპექტაკლის ყურებისას კი ფელინისეული ხატებები მედგა თვალწინ... ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში  ყოველთვის იწვევს ასოციაციებს, ემოციებს, ფიქრს, განსჯას...  ფელინისეული ბუფონადაგანსხეულებული სათეატრო სივრცეში: ასე ვუწოდე ტუმინასის ნამუშევარს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალის - „Gift“-ის, კიდევ ერთ საჩუქარს თბილისელი მაყურებლისთვის. დიდი მადლობა ამისთვის ქეთი დოლიძეს, ზურა გეწაძეს და საორგანიზაციო ჯგუფის ყველა წევრს.

სევდანარევი კომედია, სევდიანი დრამა კომიკური ელემენტებით განზავებული, ეს განსაზღვრებებიც, ჩემს ფიქრებში, იქვე სპექტაკლის ყურებისას ამოტივტივდა. ხან, მეღიმებოდა, ხან, მეცინებოდა, ხან ცრემლი მადგებოდა, ხან, ვხარხარებდი და ხანაც, გამოუვალობის შეგრძნებისგან, „სიმწრის ბურთი“ მეჩხირებოდა ყელში და თვალზე ცრემლი მადგებოდა. ჟერალდ სიბლეირასის „ქარი ალვებში შრიალებს“, აბსურდულად მოყოლილი ამბავია ადამიანთა თავისუფლებისაკენ  სწრაფვაზე. ხოლო, ყველა ეს გრძნობა, ემოცია, თუ, ფიქრი რიმას ტუმინასის მიერ სათეატრო პირობითობით მოწოდებულმა  დახვეწილმა რეჟისურამ გამოიწვია.

მართალი გითხრათ, ჟერალდ სიბლეირასის (ფესტივალის კატალოგში დრამატურგის გვარი ქართულად არასწორადაა თარგმნილი) პიესას არ ვიცნობდი. წარმოდგენიდან დაბრუნებულმა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მაინტერესებდა,  რამ „შთააგონა" ტუმინასი ამ სპექტაკლის შესაქმნელად; რა შეცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთმა დიდმა რეჟისორმა; დრამატურგიული სიტყვა, ჩანაფიქრი, როგორ გააცოცხლა სცენაზე; რა იყო დრამატურგისეული და რა ტუმინასისეული.

თანამედროვე, თუ უახლესი  ფრანგული დრამატურგია ჯერ კიდევ განიცდის სამუელ ბეკეტის დიდ ზეგავლენას. შეიძლება ითქვას, „აბსურდის თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის „ტყვეობაში“ იმყოფება (არა მარტო ფრანგული). ეს კონკრეტული პიესა კი ალბათ, „პოეტური თეატრის“ და „ბულვალური აბსურდის“ ე. წ. ნაზავია. საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ „ქარი ალვებში შრიალებს“, დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი დრამატურგის, პირველი დამოუკიდებელი პიესაა. სწორედ, ამ ნაწარმოების წყალობით გაითქვა მან სახელი. ტომ სტოპარდის ინგლისურად თარგმნილმა პიესამ, სახელწოდებით „გმირები“, 2006 წ. ლოურენს ოლივიეს სახელობის პრემია მიიღო, ნომინაციაში „საუკეთესო კომედია“. მართალია საკამათოა, ამ ნაწარმოების კომედიის ჟანრით განსაზღვრა, მაგრამ მაინც, დამეთანხმებით დიდი ჯილდოა დამწყები დრამატურგისთვის. თუმცა მანამდე, იგი წერდა დიალოგებს, სცენარებს ფილმებისთვის, შემდეგ მუშაობდა რადიოში ჟურნალისტად, იქ დაუმეგობრდა ჟან დელომს. მათ შექმნეს რამდენიმე ერთობლივი პიესა. ერთ-ერთს - Un petit jeu sans consequence (პატარა თამაში უშედეგოდ) - მიღებული აქვს საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული „მოლიერის“ პრემია ხუთ ნომინაციაში, მათ შორის: „წლის საუკეთესო ფრანგული პიესა“ (2003 წ. ითარგმნა თხუთმეტ ენაზე და გადაღებულია ფილმებიც).

საინტერესო ფაქტია, რომ ფრანგი დრამატურგის ნაწარმოები დიდხანს ინახებოდა მიხეილ ულიანოვის უჯრაში. აპირებდნენ კიდეც დადგმას, გმირები: ულიანოვს, იური იაკოვლევს და ვლადიმირ ეტუშს უნდა ეთამაშათ. პიესის მიხედვით, სამივე პერსონაჟი ასაკოვანია: გუსტავი 75 წლის, ფერნანი და ერნანი კი 60 წელს მიღწეულები. ალბათ, საინტერესო სახეებსაც შექმნიდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით სპექტაკლი არ შედგა.

რიმას ტუმინასმა სიბლეირასის პიესა ვახტანგოვის თეატრში 2011 წელს დადგა. პერსონაჟები  შედარებით ახალგაზრდა მსახიობებს ათამაშა: ფერნანი - მაქსიმ სუხანოვს, ერნანი - ვლადიმირ სიმიონოვს, გუსტავი - ვლადიმირ ვდოვიჩენკოვს. ვფიქრობ, ძალიან სწორადაც მოიქცა.  პიესაში, მართალია მითითებულია ზუსტი ასაკი, მაგრამ ისინი  ნებისმიერი ასაკის შეიძლება იყვნენ. პირველი სარეჟისორო ცვლილება, ინტერპრეტაცია სწორედ პერსონაჟთა  განზოგადებაშია. ტუმინასმა თავისი სათქმელი,  კონცეფცია იმგვარად გადმოსცა, რომ პიესის არც ერთი სიტყვა არა აქვს შეცვლილი, ამოგდებული ან გადაადგილებული.  უფრო მეტიც, არც ერთი სცენა, ეპიზოდი არ გადაუნაცვლებია და მოქმედების განვითარებაც დრამატურგისეული დატოვა. ერთი შეხედვით, ეს  ე. წ. არტისტული სპექტაკლი, სინამდვილეში რეჟისორის კონცეფციის „მორჩილია“. მის ნებას ექვემდებარება ყველა და ყველაფერი. ტუმინასი ამას, გემოვნებით, ნატიფი, დახვეწილი სარეჟისორო ხერხებით აკეთებს. რეჟისორი, ზედმიწევნითი სიზუსტით (სკრუპულოზურად) დამუშავებული დეტალებით, ფორმისა და ჟანრის ცვლილებით აღწევს განზოგადებას.

ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანი თავისუფლებისკენ უნდა ილტვოდეს - აი, ტუმინასის მთავარი სათქმელი. და, არა აქვს მნიშვნელობა: გიჟები, მოხუცები, უასხლკაროები, ომის ვეტერანები არიან ისინი, თუ, არა. შემოქმედებითი ჯგუფისთვის მთავარი ამოცანა: დიქტატურის და ომის ზეგავლენის, სქესთა ურთიერთობის, სიყვარულის, მეგობრობის, ადამიანის მარტოსულობის განცდის და თავისუფლებისკენ სწრაფვის - ტრაგი-კომიკურობამდე აყვანილი, განზოგადებული ამბის გადმოცემაა. რა თქმა უნდა, რეჟისორის,  „თეატრში ღმერთის“ (პრესკონფერენციაზე, ტუმინასმა იუმორით, ასე ახსნა  რეჟისორის დანიშნულება თეატრში) „დირიჟორობით“. ალბათ, სწორედ ამიტომაც, მტკივნეული, ზოგჯერ ფილოსოფიური თემების (საკითხების) გადმოსაცემად ტუმინასმა სევდანარევი კლოუნადის ფორმა აირჩია. ყვეალა სახის მაყურებლამდე სათქმელის მარტივად, მსუბუქუად მისატანად. რეჟიორმა, ადამიანთა უკუღმართ ბედზე, ერთდროულად სიცილის და ცრემლის მომგვრელი, სევდიანი კომედია შექმნა.

ბოლო წლებში,  თბილისელი მაყურებელი - „საჩუქარმა“ - ტუმინასის წარმოდგენებით გაგვანებივრა: „ძია ვანია“, „ევგენი ონეგინი“ (მოსკოვური დადგმები ვახტანგოვის თეატრში), „მადაგასკარი“ (ლიტვური სპექტაკლი). პირადად ჩემზე, უკანასკნელმა უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა (სარეჟისორო გამომგონებლობებით აღსავსე „ონეგინზე“ უფრო მეტად მომეწონა. ფესტივალის შარშანდელ ბლოგებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემეულ შეფასებებს). ეს იყო ტკივილით, სითბოთი, სიყვარულით გაკეთებული კამერული სპექტაკლი. საკუთარი ქვეყანისა და ხალხის „აბსურდულ“ ყოფაზე  მოყოლილი ამბავი. იგივე განცდა დამეუფლა, სიბლეირასის მიხედვით, მოსკოვის ვახტანგოვის თეატრში განხორციელებული სპეტაკლის ყურებისას.

ზოგადად, ტუმინასის დადგმები თანამოაზრეთა ნამუშევრებია. სცენოგრაფია, მუსიკა, განათება - რეჟისორის კონცეფციას ჰარმონიულად ერწყმის. ალბათ, ამიტომაც, ბოლო წლებში, ტუმინასი სპექტაკლების ფორმას („ვიზუალს“), სარეჟისორო ენის უკეთ აღსაქმელად, თანამემაულეებთან ერთად ქმნის: მხატვარ - ადომას იაცოვსკისთან და კომპოზიტორ ფაუსტას ლატენასთან.

დარბაზში შესვლისთანავე, სცენა იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. მხატვრის მიერ შექმნილი სცენოგრაფია თითქოს გაჯადოებს. ორივე მხარეს, სხვადასხვა ზომის, ფორმის „კუბებია“ მიმოფანტული. ორკესტრისათვის განკუთვნილი პიუპიტრები სანოტო ფურცლებითურთ და ძველებური „ტონეტის“ სკამები. მარჯვენა მხარეს, შემოსაზღვრულ კვადრატში აგურების გროვა ყრია. შუაში ტრაპეციის ფორმის კუბი და ჯაჭვის ყელსაბამით, ძაღლის დიდი ფიგურა დგას. ერთ-ერთი კუბის უკან: სამი მწვანე, პატარა ზომის „ბუჩქი“ მოჩანს. მაღლიდან ჩამოშვებული შუშის ნათურები, ვარსკვლავების ასოციაციას ბადებს. ამ ყველაფერს,  შავი დიდი კედელი კრავს, რომელზეც წვრილი თეთრი ზოლია გამოსახული. დომინანტი ფერები კვლავ ტუმინას-იაცოვსკისეულია: ნაცრისფერი, შავი, თეთრი, შიგადაშიგ მოცისფრო გამონათებებით (შუქის მხატვარი: მაია შავდათუაშვილი). სცენოგრაფია სხვადასხვა ასოციაციის გამომწვევია: გაუდაბურებული, საზაფხულო პარკი, რომელშიც კონცერტები იმართება ხოლმე; ან, მიტოვებული, ძველებური აკლდამა-სასაფლაო. პიესაში მოქმედება მოწყალების სახლის ვერანდაზე ვითარდება. მართალია, დრამატურგს დეკორაციის დეტალები მითითებული აქვს, მაგრამ მხატვრისა და რეჟისორის მიერ შექმნილი სცენური გარემო ბევრად უფრო მასშტაბურია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ანტურაჟი და რეკვიზიტი, მსახიობებს ხელს უწყობს თავინთი პერსონაჟების უკეთ აღქმასა და გამოსახვაში. მაგალითად, სუხანოვ-ფერნანის მიერ შოპენის ბიუსტის შემოტანა და გატანა, იმ ეპიზოდში, როდესაც მეგობრებს, თავის ნამდვილ პროფესიას - პიანისტობას  გაანდობს; ან, მსახიობების მიერ გრძელი ხის მორის გამოყენება, იალქნიან გემზე მოგზაურობის ილუზიის შესაქმნელად და სხვა.

ტუმინასი თავის დადგმებში დიდ როლს ანიჭებს მუსიკას. მასთან მუსიკა, ისევე როგორც, სცენოგრაფია - ზოგადად სპექტაკლის, თუ, კონკრეტული სცენის, ეპიზოდის - განწყობის შემქმნელია. ამ შემთხვევაშიც, ლატენასის მუსიკალური რიგი, სარეჟისორო კონცეფციის  ამსახველია. მუსიკა, თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჟღერს. მხოლოდ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ვერბალური თუ ფიზიკური გამოხატვისას წყდება. (ამ სპექტაკლშიც, სხვა კომპოზიტორთა მუსიკალური ნაწარმოების ნაწყვეტებია გამოყენებული, მაგალითად, შოპენის). რა თქმა უნდა, აქაც ერთი მთავარი ლაიტმოტივი არსებობს. ამასთანავე, (პიტერ ბრუკს დავესესხები) მუსიკა ცალკე კი არ ჟღერს, არამედ სპექტაკლის (რეჟისორის ჩანაფიქრის) ჰარმონიული კომპონენტი, მისტიკურობის შემქნელია.

პიესაში და სპექტაკლშიც სამი პერსონჟი, სამი გმირია. ჟერალდ სიბლეირასის მოქმედ პირთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: გუსტავი, ფერნანი, რენე. ტუმინასის სპეტაკლში კი პერსონაჟები (სიის მიხედვით) ამგვარად განლაგდნენ: ფერნანი, რენე, გუსტავი. პიესაშიც და სპექტაკლშიც, თითქოს მთავარი როლი არ არსებობს, მაგრამ დრამატურგიულ ნაწარმოებში, გუსტავს მიჰყავს „აღლუმი“. პიესაში გუსტავი: მთავარი მეოცნებე, მთავრი „რევოლუციონერი“, მთავარი მეამბოხეა. ტუმინასთან კი, მთავარი გმირი, მაქსიმ სუხანოვის მიერ შექმნილი ფერნანის, ერთი შეხედვით, მოსულელო პერსონაჟია: აჩაჩული შარვლით, მოტვლეპილ თავზე დიდი მოიასამნისფრო ლაქით, „დონდლო“ გარეგნობით. სამივენი 1914-18 წ. ომის ვეტერანები და მეორე მსოფლიო ომის მომსწრენი არიან. რენე და ფერნანი ომმა ინვალიდებად აქცია: ერთს ფეხი აქვს დაზიანებული, მეორეს თავში ყუმბარის ნაწილი გასჩხერვია. სამივე მსახიობი, პროფესიონალურად ასრულებს რეჟისორის მიერ დასახულ ამოცანას, მაგრამ, ვფიქრობ, ვლადიმირ სუხანოვმა, ყველაზე კარგად გააცნობირა რას ითხოვდა მისგან რეჟისორი. გულკეთილი, მიმნდობი, ადამიანის მოყვარული, თავის დროზე ქალთა „გულის“ მპყრობელი, ნიჭიერი პიანისტი... მისი „გულყრები“, უფრო მეტად, რეალური სამყაროდან გაქცევის გამომხატველია, ვიდრე ომში მიღებული ნაიარევის. ვლადიმირ სიმონოვის რენე - გრძელი ფრაკით, ცილინდრით, ხელჯოხითა და ხელში წიგნით - პატარა გოგოების მოყვარული (უნებურად, ნაბოკოვის „ლოლიტა“ გახსენდება) ე. წ. ინტელექტუალი „დენდია“, რომელსაც ყველაზე მეტად, „სიმშვიდე“ სურს და ამ გარეგნული „სიმშვიდის“ მოსაპოვებლად „ყურმოჭრილ მონობაზეც“ თანახმაა. რეჟისორმა იგი პირველ ვიოლინოდაც მოიაზრა (ავანსცენაზე გამოტანილ პიუპიტრთან ჯდება ხოლმე). მსახიობს, ვლადიმირ ვდოვიჩენკოს გუსტავის პერსონაჟში, უხეშობის მიღმა შეფარული, სინამდვილეში არისტოკრატული წარმოშობის, ჭკვიანი, განათლებული, ნიჭიერი ადამიანი უნდა გამოეხატა. გუსტავი, არისტოკრატი, უკმაყოფილების, და უხეშობის მიღმა ფარავს თავის გულიტკივილს... ცოლმაც უღალატა და გაცვალა „ქიმიკოს თუ ფლორისტ“ მეაფთიაქეში. ჩუმი, ნიჭიერი გმირი, რომელიც ფაშისტებს არ შეუშინდა და თავის თანამდებობაზე დარჩა... სამივე მსახიობი კარგად თამაშობს, ხოლო, სუხანოვის სამსახიობო ოსტატობა და პროფესიონალიზმი, აღსაფრთოვანებელია. 19 ოქტომბერს ნათამაშებ სპექტაკლში, მხოლოდ მან, როგორც ნამდვილმა არტისტმა, მოახერხა დარბაზში მსხდომთა რეაქციების გაძლება (ზოგჯერ უდგილოდ სიცილი) და მაყურებელზე არ „ითამაშა“. მხოლოდ, მან შეძლო, პერსონაჟის, შინაგანი თუ ფიზიკური, „ქმედითი“ ხაზის  ბოლომდე ერთგულება. პრესკონფერენციაზე ტუმინასმა შეკითხვაზე: არ გიჭირით, თქვენს მიერ დაარსებულ ლიტვურ თეატრსა და რუსულ, ვახტანგოვის თეატრში მუშაობის შეთავსება? ხუმრობით გვიპასუხა - არ მიჭირს, ვინაიდან მსახიობთან მუშაობა ყველგან ერთნაირად მიმდინარეობს. მსახიობი, რომელიც მოდის შენთან სამუშაოდ, შეიძლება მეწველ ძროხას შევადაროთ. თავიდან იგი გპირდება, რომ ყოველდღიურად (მუდმივად) 20 ლიტრ რძეს მოიწველის. თავიდან, მართლაც ასეა... შემდეგ, ნელ-ნელა წველადობა კლებულობს და... შეიძლება ბოლოს, მეწველი ძროხა, „ქორბუდა“ ირმად იქცეს... ალბათ, სუხანოვი ამაყ, „ქორბუდა ირმად“ ჯერ-ჯერობით არ გარდაქმნილა ...

სამივე გმირი ომმა გაანადგურა. სამივე მოწყალების სახლში გაამწესა, მეტრნახევრიანი მადლენის დიქტატის ქვეშ მოაქცია. მადლენი პიესისა და სპექტაკლის უხილავი პერსონაჟია. რეჟისორმა და მხტვარმა მისი, როგორც „საშიში დესპოტის“ ძალიან „სასაცილო“, გროტესკული ფიზიკური გამოხატულება შექმნეს. გადიდებული ფოტო-პორტრეტი, რომელიც ფინალისკენ ზევიდან დაეშვება სცენაზე.  ასეთი ხერხი ტუმინასმა სპექტაკლის მსვლელობისას სამჯერ, კულმინაციურ მომენტებში გამოიყენა: პერსონაჟთა მეგობრის, თანამოსახლის - მაიორ მერსიეს - დასაფლავებისას. მან ვეღარ გაუძლო მოწყალების სახლში ცხოვრებას, „მადლენის ტერორს“ და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  ფერნანის დის გარდაცვალების ამბის გამოაშკარევებისას და  გუსტავის მიერ შეთავაზებული „გაქცევის“ სტრატეგიული გეგმის შედგენისას. სამივეჯერ, გადიდებული პორტრეტებს, რეჟისორმა და მხატვარმა, სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვა მიანიჭეს, ამავდროულად სამივე  გროტესკულ-პაროდიული მეტაფორაა.

ამბობენ, ოცნება ბოლოს კვდებაო... სიბლეირასის პიესაში: გაქცევის, გათავისუფლების სიმბოლოა ალვების კენწეროებში მოშრიალე ქარი. გუსტავი აკვირდება ხოლმე ალვის ხეებს და ცდილობს მეგობრებსაც დაანახოს... საბოლოოდ ისინი სწორედ მათკენ გაფრინდებიან... სპექტაკლში, რეჟისორმა და მხატვარმა, ისევ გროტესკულ-პაროდიულად, კლოუნადის შემცველი ხერხებით გამოხატეს - ფერნანის, გუსტავისა და რენეს - ოცნება. ეს, სწორედ ის პატარა მწვანე ბუჩქებია, რომლიც ზევით, სცენოგრაფიაზე წერისას ვახსენე. ძაღლის გაქვავებული ფიგურაც პიესიდანაა. მაგრამ, ტუმინას-იაცოვსკისეული ჯაჭვის ყელსაბამიანი უზარმაზარი ძაღლის ფიგურა უფრო მითოსურ-იგავურია (ყველა ხალხისა თუ კულტურის ძველ მითში ფიგურირებს ძაღლი): მცველი, გადამყვანი, მეგობარი... ჯაჭვის ყელსაბამი კი, ალბათ, მიჯაჭვულობის მეტაფორაა, ამქვეყნად მიჯაჭვულობის...

საოცრად ლამაზი, მიმზიდველი და შინაარსობრივად მრავლისმთქმელია, ეკრანის გამოყენება და მასზე,  ერთი მესამედით, ასახული მთვარე. როგორც უკვე აღვნიშნე, თავიდან უკანა კედელზე წვრილი თეთრი ზოლია, მოვლენების განვითარებასთან ერთად, ეს ზოლი, თანდათან დიდება. პერსონაჟთა ოცნებების წუთებში ცისფერი შეფერილობისაა. ფინალში კი, „მეოთხე მეგობრის“ (ძაღლის საკულტო ფიგურის) თავაწეული ყმუილის ფონზე, მთელ სიგრძე-სიგანეზე გაზრდილ ეკრანი თეთრად ლივლივებს... პერსონაჟები მაყურებლისკენ ზურგით სხდებიან (ამ ხერხსაც რამდენჯრმე იმეორებს რეჟისორი) და თეთრ უსასრულობაში უჩინარდებიან...

19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ტუმინასმა ბრძანა - ხელოვნება ღმერთებთან საუბარია... მე კი, მის სიტყვებს დავუმატებდი: რიტუალიდან, „თამაშებრი ქცევიდან“ დაბადებული თეატრი ღმერთებთან თამაშია... ტუმინასი - ღვთისგან ბოძებული ნიჭით დაჯილდოებული სათეატრო რეჟისორია...

„ქარი ალვებში შრიალებს“: დეტალებით, მეტაფორა-სიმბოლოებით,  ნატიფი რეჟისურით გაკეთებული,  აბსოლუტურად საავტორო სპექტაკლია.

 

10/23/2016
წვიმად მოსული ემოციის ნიაღვარი

წვიმად მოსული ემოციის ნიაღვარი

@ლაშა ჩხარტიშვილი

 

დიახ, წარმოდგენა სახელწოდებით „წვიმა“, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ვნახეთ, კოკისპირულ წვიმასავით, ემოციებით დაგვასველა და მიღებული ემოცია ჯერაც არ შეგვშრობია. ალბათ, არასდროს დაავიწყდება ის განცდა ქართველ მაყურებელს, რომელიც ტემპერამენტის და ემოციის თავსხმაში მიიღო ფლამენკოს შეუდარებელი, ყველასგან გამორჩეული და თვითმყოფადი შემოქმედის ევა იერბაბუენასაგან. ფლამენკოს საყოველთაოდ აღიარებული შემსრულებელი მგზნებარე ტემპერამენტით, თითქოს მასზე მორგებული (და არა ფლამენკოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე) ხერხებით, თვითნაბადი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ცეკვის ენით მოგვითხრობს ცხოვრებას, გვიზიარებს სიყვარულის ამბავს, რომელშიც უნებლიედ ჩათრეული ხდები და სუნთქვას აჩერებ, ვინაიდან ამოსუნთქვის საშუალებას სცენაზე დანთებული ცეცხლი, მუდმივად ცვალებადი რიტმი და სანახაობა (ამბავიც) არ გაძლევს.

ევროპაში, ბერძნების მსგავსად, ესპანელები ის ბედნიერი ერის შვილები არიან, რომელთაც (გარკვეულ გამოცდილებასა და კულტურებზე) თავისი, ეროვნული სათეატრო ფორმის შექმნა-ჩამოყალიბება მოახერხეს. ფლამენკო ცეკვისა და სიმღერის თეატრალიზებული სანახაობაა, რომელიც ანდალუსიაში წარმოიშვა ესპანურ, ბოშურ და არაბულ ტრადიციებზე დაყრდნობით და მან დასრულებული სახე მე-18 საუკუნეში მიიღო. „მსოფლიო მემკვიდრეობის“ სტატუსის მქონდე ფლამენკოს შესრულება არა მხოლოდ დიდ ენერგიას, მაღალ პროფესიონალიზმს და თეატრალურობას მოითხოვს, არამედ ცხოვრებას მისით. ევა იერბაბუენა ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ფლამენკოს დაეპატრონა და მისი ცხოვრების იდენტობად აქცია. ამის დასტურად ჩვენ მისი გამოსვლ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ვნახეთ...

საჩუქარი, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა, არჩევნებით გამოწვეული მიღებული ფსიქოლოგიურ-მორალური ტრამვების შემდეგ მოგვიწყო, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოლოდინი იყო, მაგრამ მიღებული შეგრძნებები აღმოჩნდა გაცილებით დიდი, რომლის ნაპერწკალი მასშტაბურმა არტისტმა თავის გუნდთან (მოცეკვავეებთან და მუსიკოსებთან) ერთად ოპერის თეატრის სცენაზე აანთო და შემდეგ დარბაზშიც გადასტყორცა, რომელიც განცდების და დიდი ესთეტიკური სიამოვნების ნიაღვარში გადაიზარდა.

წარმოდგენაში „წვიმა“ ყველაფერი დრამატურგიულ წეს-კანონებს ექვემდებარება, რომელიც ვითარდება თანმიმდევრული მოვლენებით და ფინალში კულმინაციას აღწევს. ნელ-ნელა მიისწრაფვის სიმაღლისკენ მოცეკვავეთა ტემპო-რიტმი, ემოციურობა, სექსუალობა და ექსცენტრიზმი, რომელიც (განსაკუთრებით) მესამე ნაწილში მეტაფიზიკურ სივრცეში გადადის ისე, რომ შენც (მაყურებელი) ირეალური სივრცის თვითმხილველი ხდები, ისე რომ ვერ გრძნობ შენს კიდურებს, მაგრამ გრძნობ ისეთ სიამოვნებას, რომელიც სულს (რა თქმა უნდა გულსაც) დაგიამებს, აგიფორიაქებს და განგაცდევინებს გრძნობათა მთელ წყებას. ხედავ შენს წინ მოფარფატე ძლიერ და ამაყ ადამიანებს, რომლებიც სხეულის ენით გადმოსცემენ სასიყვარულო ისტორიებს და მასთან დაკავშირებულ ხიფათს, ვნებას, წინააღმდეგობებს და იმ სიამოვნებას, რაც სიყვარულს მოაქვს ადამიანში.

ევა იერბაბუენა ამსხვრევს ყოველგვარ სტერეოტიპს და ფიგურის კანონებს, ტრანსში გადასული მოცეკვავე ამტკიცებს, რომ მასსავით ვერავინ გრძნობს მუსიკას და ვერავინ ფლობს სხეულს. ბოლომდე ეშვება წარმოსახვაში და გამოგზაურებს შენც. მისტიკურ რიტუალში მთავარი ინსტრუმენტი სისხარტე, სიზუსტე და მუსიკის ბოლომდე შეცნობა-შეგრძნებაა. ევა იერბაბუენა, როგორც მისი მოცეკვავეები, არ იღლება, მას არც ენერგია უშრება და არც ძალა ეცლება, იმის მიუხედავად, რომ ის ფაქტობრივად დაუსვენებლად ცეცხლოვან რიტმში მისდევს (ან პირიქით) ესპანურ მუსიკალურ ლირიკას, რომელიც სწრაფ, შესაბამისად ცოცხალ რიტმს ეფუძნება.

მაყურებელი, რომელმაც ევა იერბაბუენას და მისი ამალის ჯადოსნობა იხილა სცენაზე, იყო ნეტარი და ბედნიერი, სიამოვნებისგან თავზარდაცემული და პოზიტივით დამუხტული. ოპერის თეატრში სცენიდან ნაწვიმარი ემოცია, ალბათ დიდხანს შეინარჩუნებს სინოტივეს და ის არც მეხსიერებაში და არც ემოციური ბანკის საცავში გამოშრება.

ფესტივალმა „საჩუქარი“, თავისი საიუბილეო, მე-15 წელი ამაღლებული განწყობით დაიწყო. ერთი თვის განმავლობაში, ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს მრავალ სიურპრიზს პირდება. ეცადეთ, არ გამოტოვოთ არც ის კომპანიები, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, რადგან საფესტივალო პროგრამა, ტრადიციულად, მოულოდნელობებით და აღმოჩენებითაა სავსე. ევა იერბაბუენაზე ფესტივალის დამფუძნებლის ქეთი დოლიძის მიერ გადაცემული თუმანიშვილის სახელობის პრიზი - „ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის“ იყო სავსებით ობიექტური და სწორი გადაწყვეტილება, რისი დასტურიც მაყურებელმა მგზნებარე აპლოდისმენტებში გაამყარა.

10/16/2016
24 დღე და 8 საათი ფესტივალის ცხოვრებიდან
 
 
...და უამრავი წუთი დიმიტრი კრიმოვის შეუსრულებელ „ბლიუზამდე“.

ძნელია, ნებისმიერი არტმოვლენა თუ გრძელვადიანი სახელოვნებო ფესტივალი ბეჭდური გამოცემის კონკრეტულ და ულმობელ დედლაინს მოარგო. ამიტომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, რომელიც წელს 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე გაიმართება, ბოლომდე ვერ აისახა ჟურნალ „ლიბერალში“. თუმცა ის, რაც ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა, ანუ საფესტივალო ცხოვრების 24 დღესა და 8 საათში ჩაეტია, უკვე საკმარისია თუნდაც მოკლევადიანი შეფასების, ან სუბიექტური შთაბეჭდილების გასაზიარებლად.

მაყურებელსაც და კრიტიკოსებსაც მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდათ: სახელოვანი გერმანელი ქორეოგრაფის, საშა ვალცის ქორეო-ოპუსი „მოგზაურის დღიური I, რვას უკლია ოცი წუთი“; არანაკლები მასშტაბისა და სახელის მქონე ლიტველი რეჟისორის, რიმას ტუმინასის ორი სპექტაკლი -„მადაგასკარი“ ვილნიუსის მცირე თეატრში და „ევგენი ონეგინი“ მოსკოვის, ვახტანგოვის სახელობის თეატრში; რიგის რუსული დრამატული თეატრის  „ხანუმა“ (რომელიც ქორეოგრაფმა და რეჟისორმა ალა სიგალოვამ დადგა, გია ყანჩელმა ხელახლა „გააჯაზა“ და გოგი ალექსი-მესხიშვილმა საოცარი ფერებით შემოსა);  

სანკტ-პეტერბურგის თოჯინების დიდი თეატრის მიერ წარმოდგენილი „ქებათა ქება“ (რეჟისორი რუსლან კუდაშოვი) და ვილნიუსის მცირე თეატრის სპექტაკლი „ბიძები და დეიდები“ (რეჟისორი გაბრიელე ტუმინაიტე)...

ფესტივალ „საჩუქარის“ ლამის ყოველწლიური სტუმარი, რეჟისორი, მხატვარი და სცენოგრაფი, დიმიტრი კრიმოვი ამჯერადაც ახალი სპექტაკლით ეწვია თბილისს.  თუმცა „რუსული ბლუზით“ მიღებულ შთაბეჭდილებას  მოგვიანებით, „ლიბერალის“ ვებგვერდზე გაგიზიარებთ ისევე, როგორც, ავანგარდისტულ, „დადა-კარმენულ“ ცეცხლოვან განწყობას, რომელსაც 26 წლის თავგადაპარსული სამხრეთ აფრიკელი მოცეკვავე და ავანგარდისტი ქორეოგრაფი -დადა მაზილო სცენაზე ქმნის...

და  ვიდრე დიმიტრი კრიმოვის ჯერ კიდევ შეუსრულებელ „რუსულ ბლუზამდე“ უამრავი წუთი რჩება, სოლომონის სიბრძნით, ანუ სპექტაკლ „ქებათა ქებით“ დავიწყოთ. მით უმეტეს, რომ სანკტ-პეტერბურგის თოჯინების დიდი თეატრის ახალგაზრდულმა დასმა (სამხატვრო ხელმძღვანელი რუსლან კუდაშოვი) თბილისში გამოსამგზავრებელი ფული, თურმე, ინტერნეტითა და მეგობრების დახმარებით შეაგროვა.

მხატვარ მარინა ზავიალოვას შექმნილი საგნები და თოჯინები ოდნავ ჯადოსნურ, უფრო მეტად კი აღმოსავლური სილამაზით შთაგონებულ სამყაროს ქმნის, საიდანაც ორიოდე ნაბიჯია სერგო ფარაჯანოვისა და ნიკალა ფიროსმანის ფერწერულ „კადრებამდე“.

კუდაშოვის სპექტაკლი ბიბლიის ოდნავ ნაივურ ილუსტრაციას ჰგავს, რომელიც მაყურებელს ლოცვისა და პოეზიის უცნობ ლაბირინთებში ეპატიჟება. ამავე დროს, ის ხელშესახები სიბრძნისა და სიყვარულის აუცილებლობაზე ქადაგებს, რადგან ხსნა მხოლოდ სიყვარულშია. თუ ამის ძალა მაინც არ შერჩება ადამიანს, რა გადაარჩენს ცოდვილ სამყაროს? ამგვარი გლობალურ-კეთილშობილური სურვილის მიუხედავად, ძველი აღთქმის ყველაზე იდუმალი და პოეტური ტექსტით შთაგონებული წარმოდგენა მალე დიდაქტიკური და მოსაბეზრებელი ხდება, თუმცა რაღაც იდუმალი, გასხივოსნებული პოეზიისა თუ განცდების შენაკადები ბოლომდე მაინც მიგყვებათ. 

სამაგიეროდ, ალა სიგალოვას მიერ დადგმულ „ხანუმაში“ (მიხეილ ჩეხოვის სახელობის რიგის რუსული სახელმწიფო თეატრი) ავქსენტი ცაგარელის უკვე არქეტიპულ პერსონაჟებს სასიყვარულო ჭმუნვისა და იდუმალებისთვის დრო არ რჩებათ. მათ ბევრი რამ უნდა მოასწრონ, სცენაზე ცოცხლად შესრულებული ჯაზის თანხლებით (გია ყანჩელმა ამ სპექტაკლისთვის მუსიკა ხელახლა დაწერა, ხოლო გოგი ალექსი-მესხიშვილმა საოცარი ფერადოვანი სცენოგრაფია და კოსტიუმები შექმნა) -კარგად იმღერონ და ცუდად იცეკვონ, ან პირიქით, მსუბუქად ინავარდონ, ერთმანეთი მზაკვრულად გააცურონ, ბაზარში ივაჭრონ და თან იჩხუბონ, უკბილო თუ ბასრი იუმორით მაყურებელი გაართონ...

ტოვსტონოგოვისა და სტურუას კლასიკური ვერსიებისგან განსხვავებით, სიგალოვას „ხანუმას“ არ აქვს, ასე ვთქვათ, რეჟისორულ-სიღრმისეული პრეტენზია. პირველივე სცენიდან ფინალამდე წარმოდგენას რაღაც კარნავალური შეგრძნების მსგავსი თუ  უმიზეზო ოპტიმიზმი  გასდევს, რომელიც მსახიობების -ვერონიკა პლოტნიკოვას, ნატალია ჟივეცის, იაკობ რაფალსონის, მაქსიმ  ბესულის, ევგენი კორნეევისა და ა.შ. -წყალობით, ბოლომდე უშრეტია და არ ქრება.

ბორის კონსტანტინოვი და ბორის რაცერი ხშირ შემთხვევაში პიესის აქცენტებს საგანგებოდ ცვლიან და ამბავს ათანამედროვებენ. ამას გარდა, მათ მიერ „ჩამატებული“ ტექსტი და იუმორი ალაგ-ალაგ უადგილო, ან უხამსი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ უცველელი რჩება მთავარი -ვოდევილისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე, ცოცხალი და ლამის აღმგზნები „საკონცერტო“ ატმოსფერო, სახასიათო პერსონაჟების გადამდები ტემპერამენტი და სცენური ენერგია. ამ ყველაფერს „დრაივს“ მატებს ყანჩელის ცოცხლად შესრულებული ჯაზური მუსიკა, რომელსაც ჰაერში გამოკიდებული ფერადი ბატკნები და მუყაოსგან გამოჭრილი, ლამის ბავშვური, აპლიკაციური თბილისი  ერითმება. მიხატული ფერადი აივნებითა და ტაძრების გუმბათებით. მოკლედ, რიგაში დადგმულმა რუსულენოვანმა „ხანუმამ“ მაყურებელს ქართული ვოდევილის ეგზოტიკა ახალ განზომილებაში შეახსენა.

საშა ვალცი - უკეთესი, ვიდრე ვალსი

ცნობილი გერმანელი ქორეოგრაფის, საშა ვალცის ჩამოსვლა ფესტივალზე და მისი ორდღიანი წარმოდგენა რუსთაველის თეატრში ცხადია, განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. „მოგზაურის დღიური I, რვას უკლია ოცი წუთი“  -ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც მან დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ დადგა, თუმცა  2012 წელს აღადგინა და განახლებულმა შემადგენლობამ გარკვეული სიახლის, იმპროვიზაციის სურვილი შთაბერა.

ალბათ, ბედის ირონიაა, რომ საქართველოს ცნობილი გერმანელი თეატრალური რეჟისორის, ტომას ოსტერმაიერის შემდეგ (მისი სპექტაკლი „ხალხის მტერი“ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი) თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი ქორეოგრაფი, საშა ვალცი ეწვია. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ 2000-2004 წლებში ისინი ერთობლივად განაგებდნენ ბერლინის ცნობილი თეატრის, „შაუბიუნეს“ ბედს -ორივენი ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები იყვნენ. შემდგომში მათი გზები გაიყო და დღეს ორივე დამოუკიდებლად მუშაობს. ოსტერმაიერი „შაუბიუნეში“ დარჩა,  საშა ვალცმა კი ახალი საცეკვავო კომპანია, „საშა ვალცი და სტუმრები“ დააარსა და აღმოსავლეთ ბერლინში ახალი თეატრალური სივრცე, სახელწოდებით -„რადიალური სისტემა“ შექმნა.

...ორი კაცი და სამი ქალი ერთი საათის განმავლობაში ამოუხსნელი, მიუწვდომელი ურთიერთობის დამყარებას ცეკვით ცდილობს. მათი მოძრაობები წარმოუდგენლად დაძაბული, სხარტი, მაგრამ ავტომატიზმამდე  სრულყოფილია; სხეულის ენა და ჟესტები -გასაგები, დატვირთული და ირონიული გზავნილებით სავსე. ფინალში თავს შეგვახსენებს შავი იუმორიც და მუნჯი კინოსათვის დამახასიათებელი ექსცენტრიკაც („მოგზაურის დღიურში“ გამოყენებულია ჟან-მარკ ზელვერის ცნობილი მუსიკალური კომპოზიცია  Lე თოურმენტ დე Vასსსილისა ლა ბელლე”).

საშა ვალცი განუწყვეტლივ და რადიკალურად ცვლის ცეკვისადმი მიდგომას, დამოკიდებულებას  და ამიტომაც დროს მუდამ უსწრებს. მის მიერ შეთხზული მოძრაობები, ჟესტები, ფრაგმენტები, სურათები, დიზაინი, ირონიული მინიშნებები და ინსტრუქციები -გვიბიძგებს სრულიად სხვაგვარად შევხედოთ დღევანდელი „ცეკვის თეატრის“ ლამის უსაზღვრო შესაძლებლობას. მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი საშა ვალცი გუშინდელ ვალსზე უკეთესია!

დიდი და პატარა ლიტვა

ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრმა ფესტივალზე ორი კამერული და ძალიან დახვეწილი სპექტაკლი წარმოადგინა: ლიტვური ლიტერატურის კლასიკოსის, იუზას ტუმას-ვაიჟგანტასის მოთხრობის მიხედვით დადგმული „ბიძიები და დეიდები“ (რეჟისორი გაბრიელე ტუმინაიტე) და უკვე სახელოვანი რეჟისორის, რიმას ტუმინასის „მადაგასკარი“, რომელმაც თანამედროვე ლიტველი დრამატურგის, მარიუს ივაშკიავიჩუსის პიესას  ისტორიული, პოეტური და ირონიული განზომილება შესძინა.

პიესა „მადაგასკარი“ რამდენიმე წლის წინ, ერევანში, პოსტსაბჭოთა დრამატურგიის სემინარზე აღმოვაჩინე, ავტორთან ერთად. მაშინ ივაშკიავიჩუსი უკვე  ცნობილი დრამატურგი იყო და არამხოლოდ ბედკრულ პოსტსაბჭოეთში. ის მრავალი საერთაშორისო თეატრალური პრემიისა და კონკურსის გამარჯვებულია. კარგა ხანია, ლონდონში ცხოვრობს, თუმცა თითქმის ყველა პიესაში ჯიუტად უბრუნდება სამშობლოს, ლიტვის ევროპული იდენტიფიკაციის მტკივნეულ თემას.

დრამატურგი ერთდროულად მძაფრად, ტკივილითა და ირონიული დისტანციით განიცდის თავისი ქვეყნის ბედს, მის წარსულსა და დღევანდელობას.  ლიტვა ხომ ორ დიდ გეოგრაფიულ სივრცეს -ევროპასა და რუსეთს შორის მუდმივად „გაჩხერილი“ პატარა, მაგრამ დრამატული წარსულის მქონე ქვეყანაა. ივაშკიავიჩუსის პიესაში  იგრძნობა პოეტური უსასოობა, ისტორიის უცნაური, მე ვიტყოდი სექსუალურ-ტრავმატული განცდა და ამავდროულად, ამ განცდიდან თავდახსნის მძაფრი, ირონიული და თვითირონიული სურვილი.

...პროფესორი პაკშტასი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ცდილობდა, სადღაც  შორს, დედამიწაზე „სათადარიგო სამშობლო“ გამოეძებნა ლიტველებისათვის; ერთგვარი ნანატრი სამოთხე, რომლის აღმოჩენის შემდეგ  შეეძლებოდათ საბოლოოდ ჩამოშორებოდნენ რუსეთის, გერმანიის, პოლონეთის გავლენას... ეს ნანატრი კუნძული მადაგასკარია. სწორედ იქ, იცხოვრებენ მომავალში მისი თანამემამულეები.

ტუმინასი ახერხებს, პიესის კანცელარიულ-ირონიულ-პოეტურ სტილს გამომსახველობითი  უბრალოება, სისადავე და სარკაზმი მოარგოს. სპექტაკლის მთავარი მეტაფორაა უხილავი ზღვა, რომელსაც მაყურებელი  მუდმივად შეიგრძნობს, უსმენს და უყურებს. ამ დრამატულ, ისტორიულ და ირონიულ სანახაობას შესანიშნავად აცოცხლებენ მსახიობები -რამუნას ციცენასი, ეგლე გაბრენაიტე, ვაიდა ბიუტიტე...

რაც შეეხება პატარა ლიტვის კიდევ ერთ დიდ შთაბეჭდილებას, ის გაბრილე ტუმინაიტეს სპექტაკლს უკავშირდება. იუზას ტუმას-ვაიჟგანტასის  პიესა „ბიძები და დეიდები“ მიკოლასისა და სევერიუტეს სასიყვარულო-სევდიან ისტორიაზე მოგვითხრობს. ერთი მხრივ, ეს არის XIX საუკუნის ლიტვური ბატონყმურ-პასტორალური ყოფის ამსახველი სპექტაკლი და მეორე მხრივ, საკმაოდ დახვეწილი და უპრეტენზიო რეჟისურით გამორჩეული ნამუშევარი.

ცეკვები დათვთან

ვისაც გასული წლის „საჩუქარი“ ახსოვს, ცხადია, რიმას ტუმინასის მკაცრი კლასიკური ფორმითა და დეკონსტრუქციული სულისკვეთებით გამორჩეული „ძია ვანიაც“ ემახსოვრება. ამჯერად ვახტანგოვის თეატრის დასმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გრიბოედოვის სცენაზე ორმოქმედებიანი სამსაათნახევრიანი „ევგენი ონეგინი“ წარმოადგინა (ადომას იაცოვსკისის შესანიშნავი მხატვრობა-სცენოგრაფია და ფაუსტას ლატენასის შთამბეჭდავი  მუსიკა).

სხვათა შორის, „ევგენი ონეგინი“ ფორმით, განათებით, სცენოგრაფიით, შავ-ვერცხლისფერი ტონებით ძალიან გავს „ძია ვანიას“. უჩვეულო თეატრალური მეტაფორებისა და ირონიული გამოცანების დიდოსტატი ძველებურად  გულწრფელია მაყურებელთან  მიმართებაში. მკაცრად მოწესრიგებული თეატრალური გროტესკით, სამსახიობო ნამუშევრებით და ამაღლებული განწყობით „ევგენი ონეგინმა“ 2013 წლიდან არა მხოლოდ რუსული კრიტიკის გული დაიპყრო და ლამის ყველა მთავარი თეატრალური პრიზის მფლობელი გახდა, არამედ ტრიუმფალური მსოფლიო ტურნე გამართა ნიუ-იორკიდან ლონდონის ბარბიკანის სცენამდე (სადაც 2015 წლის დასაწყისში თეატრალური სეზონის მთავარ მოვლენად დაახელეს).

პუშკინის უკვდავი პოემა ტუმინასის ინტერპრეტაციით ცოტა მისტიკურად, ცოტა დამცინავად, უფრო მეტად კი შთამაგონებლად და მელოდიურად ჟღერს. რეჟისორი ლიტერატურის შედევრისადმი  თითქმის გასაოცარ  ერთგულებას იჩენს, თუმცა მუსიკალური ფრაზების დანაკუწებით, მთავარი პერსონაჟების „ორეულების შექმნით“ (ორი ონეგინი, ორი ლენსკი, ორი ტატიანა), რიტმის შეგნებული დარღვევითა და ნაწარმოებისადმი ირონიულ-დისტანციური მიდგომით, სრულიად ახლებურად განმარტავს პუშკინის პოემას.

 მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში  სპექტაკლი ემოციურია და თითქმის პათეტიკურიც,  რეჟისორისთვის უცხოა ყალბი პოეტური პათოსი. ვახტანგოვის თეატრის ვარსკვლავები -სერგეი მაკოვეცკი, ალექსეი გუსკოვი, ვლადიმერ სიმონოვი, იულია ბორისოვა, ევგენია  კრეგჟდე, ირინა კუპჩკო და ა.შ. ახერხებენ შტამპებსა და გაცვეთილ სტერეოტიპებს სადა, ბუნებრივი და ოდნავ გაუცხოებული თამაშის მანერა დაუპირისპირონ.

კლასიკური ბალეტის, სასიკვდილოდ განწირული პოეტებისა და მელანქოლიური  რუსი მემამულეების სამყაროს რეჟისორი საოცრად ირონიულ  და მგძნობიარე მეტაფორებს უძებნის. რეალობაც და მოჩვენებებიც სცენის სიღმეში, გიგანტურ  შავ სარკეში აირეკლება, რომლის მიღმა რაღაც სხვა ცხოვრება იგულისხმება. რეჟისორი გასაგებ ირონიას ამჟღავნებს რუსული კულტურის შაბლონური აღქმის მიმართ, თუმცა უნივერსალურ, დახვეწილ, არტისტულ და ოდნავ სიურრეალისტურ სამყაროს ქმნის...

იქ საშინელი სიზმრები უფრო საშიშ რეალობად იქცევა; იქ დათვები ზამთრის ნამქერში ქალებთან ცეკვავენ!

 

12/10/2015
"ბიძები და დეიდები"(ლიტვა)

ფესტივალი საჩუქარი" 2015 

ვილნიუსის მცირე თეატრი

რეჟისორი გაბრიელ ტუმინაიტე

"ბიძები დადეიდები"

 

„ჩვენ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი იუზას ტუმას-ვაიჟგანტასის ეპოქას- ამბობს რეჟისორი - როგორ ცხოვრობდა იგი, როგორი იყო იმ თაობის ადამიანი, მწერალი, ხელოვნების მოღვაწე. ისინი იყვნენ ვაჟკაცურნი, საკუთარი ქვეყნის კულტურის განვითარებაში დარწმუნებულნი, ისინი, რომელნიც შემდგომ მსოფლიოს  მოქალაქენი გახდნენ“.

რეჟისორ გავრიელე  ტუმინატისე სიტყვებით ნოველა „ბიძები და დეიდები“ დიდი გემოვნების მოქალაქის მიერაა დაწერილი, რაც ამ ნაწარმოების ეროვნულ  იდენტობაზე მეტყველებს. ეფუძვნება რა საკუთარ ფუძეს, ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტების გარეშე,

„ბიძები და დეიდები“  ლიტვური სოფლის 1861—1863წწ. კაპიტალისტური განვითარების დასაწყისის ეპოქას მიეკუთვნება.

 

ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე

 

Дяди и тетки

 

Габриеле Туминайте

 

 

 

10/31/2015
"კარმენი" (სამხრეთ აფრიკა)

ფესტივალი "საჩუქარი" 

დადა მაზილოს ცეკვის ფაბრიკა (სამხრეთ აფრიკა)

ჟორჟ ბიზე

"კარმენი"

სცენაზე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ელვისებული სისწრაფითა და თვალშისაცემი სიმსუბუქით მოძრავი მასილო იმასაც ახერხებს, რომ საკუთარი როლი ახლებური თეატრალურობითაც დატვირთოს. ის ძალიან თამამი ქორეოგრაფიც აღმოჩნდა და შესანიშნავად არგებს სცენას სავსებით გათავისებული „დიადი სიუჯეტების“   საკუთარ ვერსიას საცეკვაო ტექნიკის ელემენტების ნაზავითა და კლასიკური მუსიკალური პარტიტურების მე-20 საუკუნის კომპოზიციებთან შერწყმით.

„კარმენზე“ დასწრება 16 წლის ასაკამდე მაყურებლისათვის რეკომენდებული არ არის.

 

ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე

 

REVUE DE PRESSE Carmen Dada Masilo

 

"Carmen"

 

 

 

11/16/2015
12
CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com