მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პრესა
Lähtö / განშორება

მარიამ იაშვილი
Lähtö / განშორება
2017 წლის თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალის GIFT ფარგლებში, 10-11 ნოემბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე ფინური ვიზუალური თეატრის (WHS) წარმოდგენა - Lähtö / განშორება - გაიმართა.
რეჟისორ კალე ნიოს (Kalle Nio) თეატრალიზებული დადგმა საქართველოში ფინეთის კულტურის სამინისტროს (Suomen Kulttuurirahasto), საფრანგეთის საცირკო ხელოვნების ასოციაციის (Les Migrateurs / associés pour les Arts du Cirque) ასევე, ფონდების: Koneen Säätiö, Taiteen keskustoimikunta and Alfred Kordelinin Rahasto დახმარებით განხორციელდა.
უნდა აღვნიშნო, რომ ქართველი მაყურებელი თანამედროვე ვიზუალური თეატრის წარმოდგენებით, არც თუ ისე განებივრებულია. ამიტომ, ფესტივალის საფინალო სპექტაკლს დიდი ინტერესით ველოდებოდი. კიდევ უფრო საინტერესოდ მეჩვენა ორგანიზატორების მხრიდან პროგრამაში მოცემული ინფორმაცია, რომელსაც, მიუხედავად რიგი გრამატიკული და სტილური შეცდომებისა, უცვლელად გთავაზობთ:
„ახალგაზრდა ფინელების ჯგუფმა თანამედროვე საცირკო ხელოვნება, ჟანგლიორობისა და თოჯინების თეატრის შერწყმით, თუ გამოსახვის ფორმათა წარმოუდგენელი მაშტაბით და უზადო ფანტაზიით, ნამდვილ მაგიად აქციეს. თავიანთი წარმოდგენებით, გასული დეკადების მანძილზე ფინური ცირკის მნიშვნელოვან განთვითარებას საკუთარი ავანგარდით გაუსწრეს და არა თუ ამ ჟანრის, არამედ ზოგადად, თანამედროვე ფინური თეატრის მაშტაბით, მეტად საინტერესო კვალი დატოვეს.
თანამედროვე ცირკის „WHS“ ხელმძღვანელი კალე ნიო, ვიზუალი ხელოვნების ოსტატი და ჯადოქარია ჰელსინკიდან. მის ნამუშევრებში იგი არა ერთ კვლევასა და ცდას ატარებს ამოიცნოს ვიდეო გამოსახულების უამრავი შესაძლებლობები, რომელიც გარკვეულ დროსა და სივრცეში სხვადასხვა ფორმით ცოცხლდება“.
თანამედროვე ცირკის WHS ხელმძღვანელმა, რეჟისორმა და მსახიობმა კალე ნიომ ვიდეო-გამოსახულებებისა და სცენური განათების ტექნიკური უზრუნველყოფის დახმარებით, მარჯანიშვილის თეატრში მისულ მაყურებელს ვიზუალური ხელოვნების მაგიური შესაძლებლობები ნამდვილად აჩვენა. მთავარი სიძნელე, კი რომელიც, ჩემი აზრით, შემოქმედებით გუნდს იმ საღამოს სპექტაკლის მსვლელობისას გაუჩნდა, წარმოდგენილი სცენური მასალის დამაჯერებლობა და მაყურებლის მხრიდან აღძრული ინტერესის შენარჩუნება იყო.
სხეულის პლასტიკისა და მინიმალისტური ქორეოგრაფიული ელემენტების გამოყენებით, ჩვენ თვალწინ განვითარებული სცენური ამბავი, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ყველაზე სევდიან ეტაპზე - განშორებაზე - გვიყვებოდა. გვიყვებოდა საცირკო - მაგიური და ვიზუალური - ვიდეო-არტის გამომსახველობითი საშუალებების რიტმული მონაცვლეობითაც, რაც მსახიობებს - კალე ნიოსა და ვერა სალენე ტეგელმანს - იმ საღამოს სასცენო ილუზიის მიღწევაში უდავოდ უწყობდნენ ხელს. სასცენო ილუზია მიიღწეოდა აგრეთვე სპექტაკლში უხვად გამოყენებული „საცირკო ილეთების“ საშუალებითაც.
მედიასაშუალებების ტექნიკური მიღწევებისა და ადამიანის სხეულის შესაძლებლოების წინა პლანზე წამოწევა, ვიზუალურ თეატრში, რა თქმა უნდა, უმთავრესი ფაქტორია. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კი თანამედროვე არტისტს კიდევ უფრო მეტად ეხმარება სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების ექსპერიმენტულ განხორციელებასა და გამოსახვაში. თუმცა, მათი შესაძლებლობების ათვისება და სცენური სურათების ერთ მთლიანობაში შეკვრა, რეჟისორის მხრიდან, დღესდღეობით, განსაკუთრებულ მიღწევად, ნამდვილად აღარ უნდა ითვლებოდეს. მით უმეტეს, როდესაც საქმე XX საუკუნის ხელოვნებაში აღიარებულ ისეთ პოპულარულ მიმდინარეობასთან, გვაქვს, როგორიც ვიზუალური თეატრია.
ვიზუალური ხელოვნების არტისტმა ჰელსინკიდან - კალე ნიომ თანამედროვე თეატრისთვის დამახასიათებელი ყველა ზემოაღნიშნული გამომსახველობითი ფაქტორი და მათ შორის, „საცირკო ილეთები“ წარმოდგენაში უდავოდ ინდივიდუალური მიდგომით გამოიყენა. ამ „საცირკო ილეთების“ გამოყენების გარეშე კი, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გათამაშებული ამბავი, უბრალოდ, ზედმეტად მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა. არადა, თანამედროვე ვიზულაური თეატრი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ტექნიკური შესაძლებლობებისა და „საცირკო ილეთების“ ფლობის გარდა, რეჟისორის მხრიდან, უდიდეს გემოვნებასა და სცენურ იტელექტსაც მოითხოვს.
სპექტაკლის რეჟისორმა ნამდვილად მოახერხა და შეძლო, რომ საკუთარი ფანტაზიისა და ხედვის საფუძველზე ერთმომქდებად შეკრული „ჯადოსნური სანახაობა“ ფესტივალის მაყურებლისთვის, საზღვრებს მიღმაც, მთელი თავისი სცენოგრაფიული მომხიბვლელობითა და ესთეტიკური სიკეკლუცით შემოეთავაზებინა. თუმცა, რამდენად იყო წარმოდგენა ამ „ჯადოსნური სანახაობის“ მიღმა საინტერსო, ვფიქრობ, ეს უკვე მაყურებლის გემოვნებისა და ინტელექტის საკითხია.

 

11/16/2017
CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com