მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პრესა
საშა ვალცის „Continu“-თი გაგრძელებული შთაბეჭდილებები

მაკა ვასაძე

 

საშა ვალცის „Continu“-თი გაგრძელებული შთაბეჭდილებები

 

 

წელს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის სპექტაკლების პროგრამა, თბილისელი მაყურებლისათვის უკვე ცნობილი, მსოფლიოში სახელგანთქმული, თანამედროვე ცეკვის (Contemporary Dance) ერთ-ერთი განმავითარებლის, გამორჩეული ქორეოგრაფის საშა ვალცის „Continu“-თი („დაუსრულებელი“) დაიწყო. 2015-ში ჩვენ, ამავე ფესტივალის წყალობით, 1993 წ.  ბერლინში იოჰან ზანდიგთან ერთად დაარსებული კომპანიის „საშა ვალცი და სტუმრები“ (Sasha Waltz & Guests), ადრეული ნამუშევრი  ტრილოგია „თრეველოგის“ I ნაწილი - „დღიური, რვას აკლია ოცი წუთი“ (Travelogue – Twenty to Eight) ვიხილეთ. სწორედ ამ წარმოდგენამ მოუტანა ქორეოგრაფს მსოფლიო აღიარება. მას შემდეგ უამრავი საინტერესო, წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

„თრეველოგის“ I ნაწილი - „დღიური, რვას აკლია ოცი წუთი“ და „Continu“ განსხვავებული მსოფლმხედველობით შექმნილი წარმოდგენებია. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ქორეოგრაფს („თრეველოგის“ I ნაწილით თუ ვიმსჯელებთ), უფრო, ურბანულ სივრცეში მოთავსებული, კონკრეტული ადამიანი აინტერესებდა. კონკრეტულ ადამიანთა ყოფა-ცხოვრება, განცდები, ვნებები, ფიქრები, ოცნებები, სურვილები... სხეულის ენით  გადმოცემული ადამიანთა ურთიერთობები: ნაზი თუ აგრესიული სიყვარული, მარტოობა, მეოგობრობა თუ ღალატი. ქალისა და მამაკაცის, ქალისა და ქალის, მამაკაცის და მამაკაცის ურთიერთობები. სიყვარულის სხვადასხვა გამოვლინებები:  ხან ნაზი, ხან ჰარმონიული, ხან აგრესიული, ხან შეუთავსებელი, სიყვარულში გამუდმებული ბრძოლა დომინანტობაზე, ჰეგემონობაზე, უპირატესობაზე. საშა ვალცის სპექტაკლის ძირითადი ამბავი სწორედ ამ პრიზმაში იყო დანახული და გადაწყვეტილი.

„Continu“-ში საშა ვალცი ისევ ადამიანის ბედს იკვლევს, ამჯერად „კოსმიურ სივრცეში“ განზოგადებულს.  „Continu“ -  სამყაროსა თუ ადამიანის შექმნის, საწყისების, ადამიანის საზოგადოებაში ადგილის ძიების, სხეულის ენით გადმოცემაა. დღეს, საშა ვალცს, როგორც შემოქმედს, ალბათ, სათეატრო ანთროპოლოგია იტაცებს. იგი გარკვეული თვალსაზრისით გურჯიევის, არტოს, ბრუკის, ბარბას გზას აგრძელებს - სხვადასხვა ხალხთა რიტუალურ საწყისებს იკვლევს, ადამიანის ირაციონალურ თუ რაციონალურ ლაბირინთებში ჩაწვდომას  ცდილობს და საკუთარ ფიქრებს, ემოციებს არავერბალური, სხეულის ენით გადმოსცემს. საშა ვალცი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ცეკვით, ადამიანთა ურთიერთობებზე ბევრი რამის მოყოლაა შესაძლებელი. შესაძლოა მიაგნო და გამოხატო ადამიანის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ღრმად დაფარულ არაცნობიერზეა დაფუძნებული. ის, რაც შეუძლებელია ვერბალურად გამოთქვა, ვინაიდან ამ ენას არ აქვს ამგვარი პოეტური გამომსახველობა“.

2013 წელს, პეტერბურგში მარინის თეატრში, საშა ვალცის ქორეოგრაფიით  განხორციელდა სტრავინსკის „წმინდა გაზაფხული“. youtube-ზე დადებულ 5 წუთიან წინასარეკლამო რგოლში, ქორეოგრაფი ამბობს, რომ მას დადგმაში სიცოცხლის ციკლების ჩვენება უნდა, საზოგადოებამ (ადამიანებმა) თავიდან დაბადებისთვის რაღაც უნდა შესწირონ, ამიტომ იგი მიუბრუნდა რიტუალებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, მაგალითად ინდურს.

 „Continu“ საშა ვალცმა 2010 წელს დადგა. აქ უკვე ჩანს მისი ეზოტერიკულ-რიტუალური ძიებები. უფრო ადრეულ დადგმებში კი, ქორეოგრაფს არაორდინალურ, არატიპურ სივრცეებში იზიდავდა მუშაობა (ბერლინის თუ რომის მუზეუმები). საშა ვალცმა კაცობრიობის მისეული ისტორია (საწყისებიდან დღევანდელობამდე), იოჰან ზანდიგის დრამატურგიულ ქარგაზე აგებული, ედგარ ვარეზეს, იანის ქსენაკის, კლოდ ვივერის, მოცარტის მუსიკასა და რაც მთავარია, სიჩუმეში განსხეულებული გადმოსცა. ამ შემთხვევაში, სცენოგრაფია ტომას შენკმა, პია მაიერ შრივერმა და  თავად საშა ვალცმა, რომელიც ქორეოგრაფიასთან ერთად რეჟისურის ფუნქციასაც ითავსებს, მინიმალისტური ხერხებით გადაწყვიტეს. დარბაზში შესულ მაყურებელს შავი კედლები და მარცხენა კუთხეში მოთავსებული დასარტყამი ინსტრუმენტები დაგვხდა. აქ აქცენტი განათებაზეა გადატანილი. II მოქმედებაში  ფიცარნაგზე თეთრი ტილო გადაჭიმეს, რომელსაც ფუნქციური და აზრობრივი დატვირთვა მიანიჭეს.

სათეატრო ისტორია საკულტო, სარიტუალო (თავიდან პრიმიტიული, შემდეგ რწმენის თუ რელიგიების, ფილოსოფიურ მიმდინარეობათა გაჩენასთან ერთად, უფრო სიღრმისეული) თამაშობებიდან იწყება. ეს, ადამიანს, სამყაროს ამოცნობასა თუ თვითშემეცნებაში ეხმარებოდა. სათეატრო საწყისებთან მიბრუნება მე-19-ე საუკუნის ბოლოდან იწყება (თეოსოფოსთა, ანტროფოსოფოსთთა, ეზოტერიკოსთა, ოკულისტთა დაჯგუფებები იქმნება) და დღესაც გრძელდება. მეოცე საუკუნიდან უკვე სათეატრო მოღვაწეები ინტერესდებიან ამ მიმდინარეობებით და საკუთარ თეორიულ თუ პრაქტიკულ ნაშრომებს ქმნიან (არტო, ბრუკი და ა.შ.). ადამიანის მიერ სამყაროსა და ამ სამყაროში საკუთარი თავის შემეცნების პირველი „თამაშობები“ (ვერბალური ენის გაჩენამდე), სწორედ სხეულის ენით იქმნებოდა. 

საშა ვალცის „Continu“-ს ქორეოგრაფიაში, სხვადასხვა ხალხთა ძველი სარიტუალო მოძრაობები, ორგანულადაა შერწყმული, ახალ „თანამედროვე ცეკვის“ უკვე არსებულ, თუ მის მიერ მიგნებულ-შექმნილთან. საშა ვალცის არაჩვეულებრივი მოცეკვავეები ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებენ ქორეოგრაფ-რეჟისორის ჩანაფიქრს. ისინი საოცრად ფლობენ საკუთარ სხეულს, სხეულის ნებისმიერ ნაწილს (ფეხის თითებსაც კი). მათი ექსპრესიული, ზოგჯერ ტეხილი, ზოგჯერ ჰაეროვანი მოძრაობები, საშა ვალცის ქორეოგრაფიულ ნახაზში ზუსტად ჯდება და ამბავს გადმოსცემს. საშა ვალცი და მისი დასი  მაყურებელთან იმპულსურ კავშირს, იმპულსურ დიალოგს ამყარებს. თანაც, რაც ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, არ ზღუდავენ მაყურებლის ფანტაზიას. დარწმუნებული ვარ თიოთოეულმა ჩვენგანმა, ჩვენ-ჩვენი ამბავი-ისტორია შევქმენით, საშა ვალცის „გაგრძელებაზე“. ჩემს აღქმაში, დადგმის სახელწოდებას ორმაგი დატვირთვა აქვს, საშა ვალცი, როგორც ქორეოგრაფი აგრძელებს თავის გზას (ქორეოგრაფიული) სხეულის ენის ძიებებს, ჩვენ, მაყურებელს კი, შეგვიძლია მის მიერ შექმნილ-გადმოცემული ამბავი გავაგრძელოთ, ხელოვანის მიერ შექმნილი აღვიქვათ, გავიაზროთ, ემოციურ პრიზმაში გარდავტეხოთ.

სტრავინსკის „წმინდა გაზაფხულის“ დადგმამდე, „Continu“-ში კოსმიური სამყაროდან, სიბნელიდან დაბადება, სიცოცხლის ციკლების ჩვენება, მასებისა და ინდივიდთა დაპირისპირება, საპირისპირო სქესთა ურთიერთობა, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის ძიება, ადამიანის მიერ პიროვნული ნიღბის მორგება თუ ჩამოსხნაა ნაჩვენები (გურჯიევი). დაბადება, სიცოცხლე, განვითარება, გარდაცვალება, ისევ დაბადება... და, ასე, დაუსრულებლად მეორდება ციკლები. მეორე მოქმედების ფინალში კი ფიცარნაგზე დაგებულ თეთრ ტილოს, რომელზეც მანამდე მოქმედი პირები, თურმე ფეხებით სხვადასხვა აბსტრაგირებულ მონახაზებს ხატავდნენ, წყვილის რომანტიკული ცეკვის დროს, სხვა პერსონაჟები, ნახევრად ასწევენ და ამ წყვილის მოძრაობებს ფონს უქმნიან. ფინალში კი ერთ-ერთი პერსონაჟი, ტრაპეციის ფორმის, თეთრი ტილოს ერთ კუთხეს დასწვდება, წამოიღბს და როგორც საბურველში, ისე ეხვევა. სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა რაც სცენაზე ხდება, მაგრამ ეს ფინალი, ჩემს აღქმაში, მომავლის რწმენის, სინათლის, იმედის, გამარჯვების საწინდარია. შესაძლოა, ყველაფერი ისევ თავიდან იწყება, მაგრამ რაც მთავარია, ბნელში დაბადებული სამყარო თეთრში, ნათელში გარდაიქმნება. სიცოცხლე სპირალისებურად ბრუნვადია, განმეორებადია,  მუდმივია...

წარმოდგენიდან გამოსული მაყურებლის ნაწილი, ემოციურად აღვსილი, ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებას ვცდილობდით. დიდხანს ვიდექით და ვსაუბრობდით. ერთმა ადამიანმა პინა ბაუში გაიხსენა და მისი მოცეკვავეები. და, თქვა, პინას უკეთესი მოცეკვავეები ჰყავდაო. ვგონებ არასწორი შედარებაა. რა თქმა უნდა, პინა ბაუში გერმანული „თანამედროვე ცეკვის“ (Contemporary Dance) ერთ-ერთი უდიდესი  წარმომადგენელია (ბევრი რამ შექმნა და განავითარა). ვფიქრობ, ასევე, საშა ვალციც გერმანული „თანამედროვე ცეკვის“ ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია (ადრეული ასაკიდან ეუფლებოდა ცეკვის ხელოვნებას ვალტრაუდ კორნხაასთან, ლეგენდარული, გერმანული ექსპრესიონისტული ცეკვის ფუძემდებლის - მარი ვიგმანის - მოწაფესთან, სწავლა ჰოლანდიასა და აშშ-ში ნიუ-იორკში განაგრძო).  პინა ბაუშმა უკვე არსებულიდან თავისი შექმნა, საშა ვალციც აგრძელებს ძიებებს და თავისას ქმნის. უბრალოდ, ძიებაში თავის ენას მიაგნო და ავითარებეს. მოცეკვავავეებს რაც შეეხება, თბილისში წარმოდგენილ სპექტაკლში ის 21 პროფესიონალი, რომელიც სცენაზე იყო, არაჩვეულებრივად ფლობდა საკუთარ სხეულს. ამ დადგმაში, ეს მოძრაობები, ვფიქრობ, მათთვის გამიზნულად შექმნილი და მიცემული ქორეოგრაფიული ამოცანები იყო.  მათ, ასეთი სხეულის ენით, უნდა ესაუბრათ მაყურებელთან და მათ სხეულებში დაბადებული ემოციები მაყურებელისთვის „გადაედოთ“, ფიქრები და გრძნობები აღეძრათ და „კათარსისი“ გამოეწვიათ.

კიდევ, ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ სჯობს აქ დავსვა წერტილი. ვეცადე, გადმომეცა ის ფიქრები და ემოციები, რაც საშა ვალცმა და მისმა შემოქმედებითმა დასმა „Continu“-თი ჩემში აღძრა.

პ. ს. https://www.youtube.com/watch?v=l4Ou9QPBmsY

აქ შეგიძლიათ იხილოთ, youtube-ზე დადებულ 5 წუთიან წინასარეკლამო რგოლი.

 

10/26/2017
CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com