მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პრესა
Sasha Waltz & Guests

მარიამ იაშვილი

Sasha Waltz & Guests

„ერთი ვარსკვლავი უფრო მაღლაა, ვიდრე სხვა დანარჩენი. ეს აპოკალიფსის ვარსკვლავია. მეორე ვარსკვლავი - ასცენდენტისაა, მესამე ადგილი ელემენტებს უკავიათ, და ისინი ოთხია. ასე რომ, მთლიანობაში, სულ ექვსი ვარსკვლავი გვაქვს სახეზე. ამათ გარდა, არსებობს კიდევ ერთი ვარსკვლავი - ფანტაზია, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ ვარსკვლავებს ბადებს.“

ედგარ ვარეზი

 

20-21 ოქტომბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე, საშა ვალცის ქორეოგრაფიული დადგმა -Continu გაიმართა. წარმოდგენა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში შედგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პროექტი ერთ-ერთია იმ დანარჩენ სახელოვნებო ღონისძიებებს შორის, რომლებიც ქართულ-გერმანული დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების წლის - 2017 - ეგიდით გაიმართა და რომელთა მხარდამჭერადაც, სახელოვნებო მიმართულების ჭრილში, ტრადიციულად, გოეთეს ინსტიტუტი გვევლინება.

სანამ უშუალოდ „საშავალცისდასტუმრების“ ქორეოგრაფიულ დადგმაზე ვისაუბრებდე, რომელიცციურიხისსახელმწიფოოპერისსახლისადაციურიხისფესიტვალისთანამშრომლობით, ასევებერლინისფესტივალისადალონდონისსედლერ’სუელსისთეატრისდაკვეთით განხორციელდა, ორიოდ სიტყვით შევჩერდები თავად ამ კომპანიის მრავლწლიან, წარმატებულ სახელოვნებო-შემეცნებით პროექტზე, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და უკვე მრავალი წელია დღემდე  „მოგზაურობს“  სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით.

1993 წელს ბერლინში სტიპენდიით ჩასულმა საშა ვალცმა და დრამატურგმა იოჰან ზანდინგმა საფუძველი ჩაუყარეს დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ დამოუკიდებელ კომპანიას „საშა ვალცი და სტუმრები“. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (იხ.: http://www.sashawaltz.de/) ვკითხულობთ, რომ ბერლინში დაფუძნებული ორგანიზაცია დღეს უკვე 300-ზე მეტ ხელოვანს ითვლის, 25 ქვეყნიდან მოწვეული და „შემოქმედებითად ჩართული“ ჰყავს სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების „სტუმრები“, რომელთა შორისაც გამოირჩევიან არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, ქორეოგრაფიის, კინორეჟისურის, სცენოგრაფიის, მუსიკოსი შემსრულებლების, კომპოზიტორებისა და მოცეკვავეთა დარგის ცნობილი წარმომადგენლები.

2013 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დამოუკიდებელი პროექტი „საშა ვალცი და სტუმრები“ მსოფლიოს მასშტაბით „კულტურის ევროპულ ელჩად“ დაასახელა, კომპანია განაგრძობს სხვადასხვა სახელოვნებო თუ კვლევით ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, ინტენსიურად აწარმოებს რა კოპროდუქციებს, ვორქშოპებს და საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულების სხვადასხვა აქტივობებს არაერთ ქვეყანაში. მსგავს აქტივობებსა და პროექტებში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ კულტურათა-შორის დიალოგზე აგებულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე, შეისწავლის რა მათ ინდივიდუალურ კულტურულ თუ პოლიტიკურ ასპექტებს. ამ მხრივ აღსანიშნავია სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალური ოპერისა და ბალეტის, აგრეთვე აკადემიურ თეატრებთან, მუზეუმებთან და სხვ. საშემსრულებლო თუ სახელოვნებო დაწესებულებებთან წარმოებული კოპროდუქციები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული თეატრის სცენაზე წარმოდგენილი ქორეოგრაფიული დადგმა Continu, ანუ „გაგრძელება“ მსგავსი კოპროდუქციაა და სწორედ იმ ძირითად ქორეოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს თავისთავში, რომლებიც ქორეოგრაფმა  წლების განმავლობაში დააგროვა და გადაამუშავა სხვადასხვა დროს განხორციელებული საკუთარი სახელოვნებო პროდუქტებისგან. თავად, კი ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 2009 წელს განხორციელებულ ორ სამუზეუმო პროექტს: დევიდ ჩიპერფილდის (David Chipperfield) მიერ ბერლინში დაარსებული „ახალი მუზეუმისა“ და რომში გახსნილი ზაჰა ჰადიდის (Zaha Hadid) MXXI-ის მუზეუმის  ინაუგურაციებს. „საშა ვალცი და სტუმრების“ ოფიციალურ პროგრამაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ ორი ახალდაარსებული სამუზეუმო პროექტიდან წამოსულმა იმპულსებმა განუსაზღვრეს CONTINU-ს ძირითადი სადადგმო ფორმები, რომელთაგან წამყვანი როლი, ვფიქრობ, დიალოგის ფორმატზე აგებულ სტრუქტურას აკისრია. დიალოგია აგრეთვე ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის მატარებელი წარმოდგენის როგორც დრამატურგიული ისე, საშემსრულებლო- კონცეპტუალური გადაწყვეტის თვალსაზრისითაც.

ქორეოგრაფიული დადგმა მუსიკალური „პროლოგით“ იწყება, რომელსაც გამოჩენილიამერიკელიპერკუსიონისტი, რობინშულკოვსკი ცოცხლადასრულებს და შავ ფერებში გადაწყვეტილ, დეკორაციებისგან დაცლილ, მკვეთრად სიმეტრიულ გარემოში გადაწყვეტილ სცენაზე სიცოცხლე შემოაქვს. ეს ბუნების პირველყოფილი, აბორიგენული რიტმები წარმოდგენის დასაწყისშივე გვაუწყებენ იმ აუცილებელი „ენერგომატერებელი“ ძალების არსებობაზე სამყაროში, რაზედაც „დგას“ მთელი შემდგომი ქორეოგრაფიული წარმოდგენის კონცეფცია და რაზედაც წერენ ფესტივალის ორგანიზატორებიც:

სახელწოდება „CONTINU“ ანუგაგრძელებაქორეოგრაფიის, მუსიკისადავიზუალურიხელოვნებისადამიანზეუწყვეტრეაქციაზესაუბრობს, რადგანესენერგომატარებლებიბუნებისამოუწურავიძალებითიკვებებიანდამათისიცოცხლეუსასრულოა. კოსმიურიუწონადობა, როგორცადამიანისსულიერისუბსტანცია, ვალცისნაწარმოებშიხორციელფორმასიძენსდათავისუფალისამყაროსთანამკვიდრია“

შთამბეჭდავ მუსიკალურ „პროლოგს“ არქაულ „ტოგებში“ გამოწყობილი მოცეკვავეების ქორეოგრაფიული „ჩანახატი“ აგრძელებს. დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულებული აბორიგენული რიტმები წარმოდგენის პირველ, შესავალ ნაწილშივე ქორეოგრაფიული მოძრაობის ერთგვარ გამოძახილებად გვევლინებიან. ვიზუალური ხელოვნება, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც მთელი დანარჩენი სასცენო მოძრაობის გამომსახველობითი მხარე, ემოციური აღქმის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ფუნქციას ტვირთულობს. ვიზუალურ ნაწილზეა გათვლილი ასევე წარმოდგენის შუა, დასკვნითი ნაწილი და დადგმის კულმინაცია, როდესაც თეთრად გაკაშკაშებულ იატაკზე მოცეკვავეთა ერთ-ერთ ჯგუფს სცენაზე „სახვითი ხელოვნების“ უზარმაზარი ნიმუში გამოაქვს და როდესაც აშკარა ხდება, რომ ჩვენ წინ, სხეულის ენის დინამიკაში განვითარებული ქორეოგრაფიული „ჩანახატი“,  სწორედ რომ ამ „გადანათებულ“, თეთრ ფონზე უხეში, ფერადი მონასმებით შესრულებულ გრაფიკულ ტილოზე  ცოცხლდებოდა.

სხეულის ენა ამ დადგმაში ქორეოგრაფიული დადგმის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ექსპლიკაციის უმთავრეს ატრიბუტად გვევლინება, რომელსაც გერმანელი ქორეოგრაფი უდიდესი პროფესიონალიზმით ამეტყველებს სცენაზე. საოცარია, რომ 24 მოცეკვავით დაკომპლექტებულ დასში, თითოეული თავისებურად, მაგრამ მაინც - გამახსოვრდება. საოცარია, რადგან მიუხედავად სცენაზე წარმოდგენილი ქორეოგრაფიული ჩანახატებისა და მათი დრამატურგიული ამბის განვითარების შესაბამისად გადაწყვეტილი სცენოგრაფიისა, რომლის მიხედვითაც, მასში მონაწილე მოცეკვავეთა გუნდის კოსტიუმები ერთმანეთისგან, მხოლოდ ფერთა გამით თუ განსხვავდება, თითოეული მათგანი ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია როგორც ვიზუალური, ისე ქორეოგრაფიული ტექნიკისა და შესრულების თვალსაზრისითაც. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ესაა უიშვიათესი პროფესიონალიზმი... როდესაც ამ უზარმაზარი დარბაზის მასშტაბის მიუხედავად, ხედავ და გრძნობ, თუ როგორ მოძრაობს მათი თითოეული კუნთი, დაწყებული ფეხის თითებიდან თმის ღერამდე დამთავრებული. სწორედ ამ პროფესიონალიზმით აღწევს საშა ვალცის ქორეოგრაფია ემოციურობას. ხაზს ვუსვამ ემოციურობას, რადგან საშა ვალცთან ყველაფერი - თითოეული მოძრაობა, მოცეკვავეთა მიერ სინქრონში შესრულებული პანტომიმის ელემენტები, თუ დროულად გამოყენებული პაუზა - ერთმანეთთან მიკროსკოპული სიზუსტით გათვლილი და საათივით აწყობილია.

დაბოლოს, შეუძლებელია ისაუბრო გამომსახველობით საშუალებებზე, რომელთაც საშა ვალცი ქორეოგრაფიული დადგმისთვის იყენებს, და გვერდი აუარო მუსიკას, ხმას, სიჩუმეს - რომელთაც, ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ დადგმაში, როგორც სცენაზე მოძრავ თითოეულ მოცეკვავეს.

შემთხვევით არ მითარგმნია დასაწყისში ციტირებული ედგარ ვარეზის სიტყვები, რომლებსაც თავად საშა ვალცის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადავაწყდი ინფორმაციის ძებნისას. ედგარ ვარეზი ის ცნობილი ფრანგი კომპოზიტორია, რომლის ერთ-ერთი საორკესტრო კომპოზიცია - „არკანა“ (Arcana) დადგმის უდიდეს ნაწილში ჟღერდა წარმოდგენის მსვლელობისას. როდესაც ორგანიზატორები და, სავარაუდოდ, თავად „გაგრძელების“ დადგმის ავტორებიც, ამ ქორეოგრაფიული ნაწარმოებში ჩადებულ კოდებზე: კოსმიურ უწონადობაზე თუ სამყაროს უსასრულობასა და ადამიანების სულიერ სუბსტანციებზე საუბრობენ, ვფიქრობ, სწორედ ამ კომპოზიციურ შედევრსაც უნდა გულისხმობდნენ. თუმცა, ამ დასკვნაში, სულაც არაა გამორიცხული ჩემი, საკუთარი ფანტაზიის ნაწილიც იყოს ჩადებული... ახლაც კი, როდესაც საშა ვალცის ქორეოგრაფიულ პროექტზე „გაგრძელება“ მიწევს წერა, სწორედ ედგარ ვარეზის  საორკეტრო ნაწარმოების მართლაც რომ კოსმიური მუსიკის ხმა ჩამესმის ყურში.

10/25/2017
CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com