მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
ფესტივალი

მრავალ სახელოვან ფესტივალთა შორის (კანის, ედინბურგის, ავინიონის და სხვ.) მხოლოდ ერთია ისეთი, რომელიც რეჟისორის სახელობისაა. ის შემოდგომით იმართება საქართველოში და დიდი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებს. რატომ მაინც და მაინც ამ რეჟისორის? იმიტომ რომ სადღეისოდ, მსოფლიოში სახელგანთქმული ეს ხელოვანი თავის ქმნილებებში ხელოვნების ყველა სახეობას უმაღლეს დონეზე აერთანებდა. მისი სპექტაკლები ხელოვნების ყველა დარგის სახეობრივი ენით არწმუნებდა ადამიანებს, რომ ცხოვრებაში რწმენა და სიყვარულია უმთავრესი,რადგან სწორედ მასშია მაღალზნეობრიობის საფუძველი.
ხელოვნების ფესტივალი მხატვრულ ქმნილებათა საზეიმო დემონსტრაციაა. მესვეურთა უდიდესი შრომა უძღვის წინ მსოფლიოში გაფანტულ მხატვრულ ფასეულობათა შერჩევას, საქართველოში მათ თავმოყრას და მისი მოქალაქეებისთვის ესოდენ მრავალფეროვანი სულიერი საზრდოს მიწოდებას. ამავე დროს, უცხოელთათვის იმ ქვეყნისა და მისი ხელოვნების გაცნობა, რომელიც მათ მასპინძლობს. ასე რომ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი `საჩუქარი~ საქართველოს მსოფლიო შემოქმედებით ცხოვრებაში ჩართვის ერთ-ერთი პირდაპირი გზაა, ამიტომაც სახელმწიფოებრივია მისი მნიშვნელობა.
ჩვიდმეტიდან ოცდაათ სექტემბრამდე საქართველო გამდიდრდება ძალიან ბევრი მშვენიერი ადამიანით. ისინი დაუკრავენ, იმღერებენ, იცეკვებენ, წარმოადგენენ დრამატულსა და საოპერო სპექტაკლებს, გამართავენ ახალი სახის სანახაობებს, გამოფენებს, საუბრებს ხელოვნებაზე, გაიცნობენ ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას. აუცილებლად შეიყვარებენ, რადგან არ წასულა აქედან ადამიანი, საქართველოს სიყვარული რომ არ გაჰყოლოდა თან.
რა დარჩება ჩვენთან? ის აზრები, განცდება და გულის სითბო, უცხო ხელოვანთა შემოქმედებამ რომ აღძრა ჩვენში და ის ანარეკლები, მათ ხელოვნებაზე გამოძახილის სახით რომ აღიბეჭდა პრესის ფურცლებზე, კინო და ვიდეოფირებზე, ფოტოსურათებზე, ხმის ჩანაწერებში, შემდეგ - მოგონებებში... მათ დაიცავენ მუზეუმები და არქივები და ასე აუწყებენ მომავალ თაობებს, რომ საქართველო ქვეყნის აღმშენებლის უმძიმეს წლებშიც კი ზრუნავდა სულის საზრდოზე და უკანასკნელს გაიღებდა მისთვის. იმიტომ, რომ გამღებთ სავსებით გაცნობიერებული ჰქონდათ ის ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ სულით ძლიერ ადამიანს შეიძლება მიენდოს ქვეყნის ბედი.
ნათელა ურუშაძე
პროფესორი, კრიტიკოსი.

 

დიდებული საქმეა, თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მოწყობა. ყველს ტაშს გიკრავთ იმ თავდადებისათვის, ფესტივალი რეალობად რომ აქციეთ. საქართველო ასეთი გამოკვეთილი გზით კვლავბრუნდება საერთაშორისო სარბიელზე - ეს მეტად სასიხარულოა, ბედნიერება! ხომ იცოდით როგორ მწყინს, რომ ვერ დავესწრები ამ ფესტივალს, თუმცა ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მომიწვიეთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელსაც მომიწვევთ, რადგან ძალიან მინდა თქვენთან ჩამოსვლა და ქართველი ხალხის გაცნობა.
გისურვებთ უდიდეს წარმატებას ამ დაუვიწყარ დღესასწაულზე.
საუკეთესო სურვილებით
სერ ენტონი ჰოპკინსი

საუკეთესო დრო დადგა იმისათვის, რათა საქართველოსთან არსებული კულტურული კავშირები განვაახლოთ, გავაღრმავოთ და ავიყვანოთ ახალ სიმაღლეზე.
ფატივალი `საჩუქარი~ საუკეთესო შესაძლებლობაა ასეთი კულტურული კავშირების მნიშვნელობის წარმოსაჩენად ნგრევის პერიოდის შემდეგ.
ამ ფესტივალის ჩასატარებელი ენერგია და თავდადება ნამდვილად რომ საუკეთესო წვლილია, რაც კი შეიძლება შეტანილ იქნას ამ უკვე დაწყებული კულტურული დიალოგის გამდიდრების და გაღრმავების საქმეში.
ღრმა პატივისცემით,
ტერი სენდელი

ძვირფასო მეგობრებო!
მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ბედი კვლავ გვიხმობს სტუმართმოყვარე, მზიანი საქართველოსკენ.
რაც უნდა მოხდეს ამქვეყნად, ჩვენი მეგობრობა ხელშეუხებელია. წლების მანძილზე თქვენი ქვეყნის სიყვარული ჩაგვინერგა ჩვენმა ძვირფასმა მასწავლებელმა, წინამძღვარმა და მეგობარმა გიორგი ტოვსტონოგოვმა. მას თბილისი მშობლიურ ქალაქად მიაჩნდა. ტოვსტონოგოვის ხელოვნებაში ყოველთვის იგრძნობოდა ქართველი ხალხის ნიჭიერება, მიდრეკილება ხელოვნებისადმი, თეატრალური გამბედაობისადმი, იუმორისა და ადამიანის პატივისცემისადმი.
ჩვენ არაერთხელ ვესტუმრეთ საქართველოს და დავუმეგობრდით უამრავ ნიჭიერ ადამიანს. სამწუხაროდ ბევრი მათგანი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ის, ვინც დღეს ცოცხალია, განმსჭვალულია რუსეთისადმი დიდი სიყვარულით და ინტერესით.
შვიდი წელია, რაც ჩვენთან მუშაობს ქართული სკოლის ერთ-ერთი ნიჭიერი წარმომადგენელი თემურ ჩხეიძე. დიდი დრამატული თეატრი უკვე ვეღარ შეძლებს არსებობას ქართული სისხლის გარეშე.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ასეთი კავშირი არასდროს შეწყდება, ჩვენი სიმდიდრე ჩვენს მეგობრობაშია, ეს დიდებულია...
მომავალ შეხვედრამდე.
სანკ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
კირილ ლავროვი

მსურს შევუერთდე ჩემს კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და უდიდესი წარმატება ვუსურვო საქართველოს ხელოვნების სართაშორისო ფესტივალს. საქართველოს ხელოვნება დიდ ბრიტანეთში, 1970 წლიდან იქცა საერთაშორისო კულტურის საოცარ მნიშვნელოვან მოვლენად, ხოლო საქართველო ყველა ჭეშმარიტი ხელოვანისათვის საყვარელ ქვეყნად. გიღებდით როგორც სტუმრებს, მაგრამ ვერ ჩამოვდიოდით ...
კეთილი იყოს ჩვენი ურთიერთობის ახალი ეტაპი. სამწუხაროდ, ფეტივალს ვერ დავესწრებით ყველანი, მაგრამ გვიგულეთ თქვენთან, თქვენს გვერდით!
ტელმა ჰოლტი
იმპრესარიო ინგლისი

ბედნიერები ვართ წვლილი შევიტანოთ ფესტივალში `საჩუქარი~ და მისი მეშვეობით განვაგრძოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ვებერ დაგლასის აკადემიასა და საქართველოს შორის. განსაკუთრებით ბედნიერები ვართ იმით, რომ გვეძლევა საშუალება პატივი მივაგოთ უდიდესი რეჟისორის თუმანიშვილის შემოქმედებას. მიშა შთაგონებას მატებდა მეგობრებს თეატრის სამყაროდან, საქართველოს საზღვრებს გარეთაც. როცა იმ ტრაგიკულ შემოდგომაზე, 1991 წელს, `ანტონიუს და კლეოპატრას~ ვდგამდი მარჯანიშვილის თეატრში, თუმანიშვილი სიმამაცის, სიძლიერის და მხნეობის ციხე-სიმაგრედ მესახებოდა. `თეატრი მუზეუმი არ არის!~ შესძახებდა ხოლმე იგი, `წინ, წინ უნდა წავიდეთ, მოვძებნოთ ახალი, უკეთესი გზები~.
მას შთააგონებდა იდეა კლასიკური თეატრის თანამედროვედ აჟღერებისა, ამიტომ ჩვენი არჩევანი შემთხვევითი არ არის.
`ძლიერი გრძნობები~, ახალგაზრდა მოქმედი გმირებით აღსავსე სპექტაკლი, თანამედროვეცაა და კლასიკურიც.
მე მგონი მიშას მოეწონებოდა.
ჰილარი ვუდი

ქეთი,
მინდა გისურვო წარმატება შენ და შენს თბილისელ კოლეგებს თქვენი დიდებული ფესტივალის ჩატარებაში. ალბათ ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავიწყეთ საუბარი ასეთი დიდი მნიშვნელობის ფესტივალის დაარსებაზე თბილისში. კარგად მახსოვს ის აღტაცება, რასაც განვიცდიდი ხოლმე ამ თემაზე საუბრის დროს თბილისში, ედინბურგსა თუ პერტში, როცა ვეძებდით იმ ფორმულას, რის მიხედვითაც უნდა ჩაგვეტარებინა ეს ფესტივალი.
მას შემდეგ გამუდმებით ვადევნებდი თვალყურს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მიმდინარე სევდიან მოვლენებს და განუხორციელებლად მესახებოდა თქვენი მიზნების ოდესმე ასრულება, მაგრამ ხანდახან ხდება სასწაული და თქვენი პრეზიდენტის დახმარებით, ხელოვანთა საზოგადოებისა და კეთილი ფერიის დახმარებით, რომელსაც ქეთი ჰქვია, ეს საოცრება ახდა - ფესტივალი რეალობად იქცა.
ახლა კი ვსარგებლიბ შემთხვევით და მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ სიამოვნებისათვის, რაც დიდებულმა ქართველმა მუსიკოსებმა - ლიანა ისკაძემ, და საქართველოს კამერულმა ორკესტრმა მიანიჭა ავსტრალიელ მსმენელებს.
ყველას გისურვებთ დიდ წარმატებას, ბედნიერებას და სიხარულს თქვენს პირმშოსთან - `საჩუქართან~ ერთად. პატივისცემით,
პერტის ფესტივალის დირექტორი
დეივიდ ბლენკინსოპი

დიდი ხნის ნანატრმა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა საქართველოში შემოაბიჯა და ბოლოს და ბოლოს ხორცს ისხამს!
საოცრად დროულია, რომ იგი მსოფლიოს უდიდესი თეატრალური რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებს, რომელიც ყველას გვენატრება და გვაკლია.
ხელოვნების საერთაშორისო ფესივალის `საჩუქარის~ დირექტორთა საბჭოს წევრი
ნინა პარი

მეტად გამახარა თქვენმა სიტყვებმა და მოწვევამ ფესტივალზე. ეს ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ამჯერად იძულებული ვარ უარი ვთქვა ჩამოსვლაზე, რადგან ოქტომბერში ვიწყებ ახლი ფილმის გადაღებას კანადაში.
გისურვებ უზარმაზარ წრამატება ფესტივალის ჩატარებაში.
საუკეთესო სურვილებით,
ლორდ რიჩარდ ატენბორო

მე პრივილეგირებული პიროვნება გახლდით, არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ავსტრალიაში უდიდეს ქართველ ხელოვანთა ჩამოყვანაში. ეს იყო რუსთაველის თეატრი, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი და ლიანა ისაკაძე, `ჟურნალისტები~ (ქართული ხმები), ეს ის ხელოვანნი იყვნენ, რომლებმაც აქ, ავსტრალიაში, წარმოადგინეს თქვენი ლამაზი ქვეყნის კულტურის, მისი უზარმაზარი სიმდიდრის მხოლოდ ნაწილი, რომლის გაცნობის ბედნიერებაც მხვდა წილად. აღტაცებული ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ, დიდი ორომტრიალის დროს დაბადებული ფესტივალი საბოლოოდ ჩამოიყვანს დიდ ხელოვანთ საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კულტურული გაცვლა-გამოცვლა და ამ კულტურების აღქმა, უდიდესი ძალაა მშვიდობიანი და კეთილმოსურნე მსოფლიოს შესაქმნელად და რა სასიამოვნოა, რომ საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ფესტივალების ოჯახს, რომელიც თუნდაც პატარა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასეთი მსოფლიოსათვის ბრძოლაში.
ავსტრალიიდან მოგესალმებიან და გამხნევებენ თქვენი მეგობრები, გისურვენთ ყოველივე საუკეთესოს, ხოლო საკუთარ თავს ვუსურვებდი კიდევ ერთხელ დავმტკბარიყავი ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობით.
რობ ბრუკმენი
ავსტრალიის კულტურული პროექტების დეპარტამენტი

დიდი მადლობა ესოდენ გულითადი მოწვევისათვის. მწყინს, რომ ვერ დავესწრები ფესტივალს, რადგან ოქტომბერში ჩინეთში ვიქნები.
ჩემთვის დიდი პატივია თქვენს ფესტივალზე მოწვევა. მჯერა ფესტივალი ისეთი ლამაზი და მნიშვნელოვანი იქნება, თქვენ რომ იმსახურებთ.
საუკეთესო სურვილებით და უთვალავი მადლობით,
ემმა ტომსონი

ეს საოცარი გრძნობა, როცა ხვდები და გესმის, რომ იდეა, რომელიც მეგობრებს და კოლეგების წრეში დიდი ენთუზიაზმით ყალიბდებოდა, სადღაც შვიდი წლის წინ, ახლა უკვე ნამდვილ და ნაყოფიერ საჩუქრად გადაიქცა თბილისში.
მინდა ვუსურვო ყოველივე საუკეთესო ყველას, ვინც ჩართულია ამ მეტად მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალში და კულტურულ გაცვლაში.
იან სკუბი
ადელაიდის ფესტივალის დირექტორი
ათი წელი! თითქოს გუშინ იყო, როცა ჩვენმა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა პირველად დავიწყეთ საუბარი თბილისში თეატრლაური ფესტივალის გამართვაზე, რის შედეგადაც იშვა `საჩუქარი~. წლების შემდეგ, ეს აღმოჩნდა შესანიშნავი საშუალება არა მხოლოდ რეალური, უცხოური კულტურის შემოტანისა საქართველოში, არამედ თავად საქართველოს ფანტასტიური კულტურისა და დიდსულოვნების დემონსტრირება ამ ფესტივალში მონაწილე უცხოელი სტუმრებისთვის. ეს არის ნამდვილი კულტურული ინტეგრაცია. ქეთი დოლიძისა და მისი შემოქმედებითი გუნდის შეუპოვრობითა და მონდომებით, წარმატებებისა და სირთულეების გავლით `საჩუქარმა~ უკვე თავისი არსებობის ათი წელი მიითვალა. ყველას გილოცავთ ამ თარიღს. გაგიმარჯოთ!
ნინა პარი
ფესტივალ “საჩუქრის” დირექტორთა საბჭოს წევრი,
პიტერ ბრუკის ასისტენტი,

`საჩუქარი~ ყველასთვის საჩუქარია და იცით რატომ? ამ სამყაროში, სადაც ყოველგვარ გამონათებას ულმობლად აქრობენ, თითოეული ცალ-ცალკე თუ მილიონი ადამიანი ერთად, ნებისმიერი ნაპერწკალი ღირებულია. დაე `საჩუქარმა~ კვლავ მოგვგვაროს ბრწყინვალე წუთები წყვდიადზე გასამარჯვებლად.
პიტერ ბრუკი და ნატაშა პარი

ჩემთვის დიდი პატივია მისასალმებელი სიტყვის დაწერა ფესტივალ `საჩუქრის~ გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც ვარსკვლავივით ისევ გამოჩნდა ცის კაბადონზე. არაჩვეულებრივი რამ არის უმასპინძლო ასეთ ფესტივალს, მიიღო ძველი და ახალი მეგობრები, რათა აზიარო საქართველოს უმდიდრეს კულტურას, რომლის გაცნობის ბედნიერებაც მე უკვე მქონდა. დიდი ხნის წინ ქართველი მსახიობები ქარიშხალივით შემოიჭრნენ ლონდონის თეატრალურ სამყაროში ახალი და დინამიკური ესთეტიკით. `რიჩარდ მესამეში~ მათ ისეთი შექსპირი გვიჩვენეს, რომელიც მანამდე არასოდეს გვენახა და ერთდროულად შოკირებულნიც ვიყავით და გასხივოსნებულნიც. ინტერნაციონალური ფესტივალების ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვეცნობით ერთმანეთს, ვნახულობთ ერთმანეთის ნამუშევრებს და ვსწავლობთ ერთმანეთისაგან. თბილისის კინომსახიობთა თეატრის მსახიობებმა თავიანთ თამაშში თვალნათლივ დაგვანახეს ენერგია და ფიზიკური მზაობა. ჩვენ ვიხილეთ მსახიობები, რომელთაც ხელეწიფებათ როგორც ფიზიკური, ასევე ვერბალური ქმედებები. მათი ხელოვნება შესანიშნავად აისახა გამომსახველობითი ელეგანტურობის, სისადავისა და შთამაგონებელი რეჟისორული ხერხების შერწყმით. ყველანი, ვინც იმ ღამეს ლონდონის ჩრდილოეთში მდებარე რაუნდ ჰაუსის არარეკონსტრუირებულ, ძველ შენობაში ვისხედით, სამუდამოდ გარდავიქმენით. (გადავსხვაფერდით, შევიცვალეთ). მოგვიანებით შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა მოლიერის `დონ-ჟუანის~ მათეული ვერსია, რის შემდეგაც ჩამოვედი თუმანიშვილის გასაცნობად და ჩემი კოლეგის, სცენოგრაფ გიორგი ალექსი-მესხიშვილის გასაცნობად, რომლის ნახატები და თეატრალური ნამუშევრები აღგვაფრთოვანებს. გაცილებით გვიან, ჩვენ კვლავ ვიხილეთ `ზაფხულის ღამის სიზმარი~ ლონდონში - ბარბიკანის პატარა, ჯიბის თეატრში. როგორ გაფართოვდა პაწაწკინტელა თეატრის სივრცე და რა ხალისით შევისრუტეთ ეს ჩახლართული სიუჟეტი! მაყურებელი ისე იცინოდა, თითქოს ეს პიესა აქმდე არ ენახათ. ამას ჰქვია ჭეშმარიტი ხელოვნება!! და რათქმა უნდა, ქართული მარიონეტების თეატრის მრავალგზის სტუმრობამ ლონდონსა და ედინბურგში რადიკალურად შეცვალა წინასწარ შექმნილი აზრი იმის თაობაზე, რომ თოჯინები მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ხელოვნებას საზღვრები არ გააჩნია და ამიტომაც არის ესოდენ მნიშვნელოვანი. ხელოვნების ნამუშევრები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებენ და მისი ზემოქმედება ნებისმიერ ჩვენს წარმოსახვას აღემატება. ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღონ და გაიზიარონ ის ინიციატივები, რომლებიც მათ თვალსაწიერს გააფართოვებს და გააცნობიერონ თუ რისი მიღწევა შეუძლიათ. როცა გიორგი ალექსი მესხიშვილმა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა შემომთავაზა, ჩვენ ორივემ ვიცოდით, რომ ეს უდავოდ მნიშვნელოვანი რამ იყო. თანხა მოვიძიეთ და ბევრი სხვა გაცვლითი პროგრამებიდან პირველი უკვე განხორციელდა. ლონდონში ჩვენმა თეატრალურმა კოლეგებმა თავიანთ სახლებში მიიღეს ქართველი სტუდენტები და იგივე მოხდა საქართველოშიც. სტუდენტები ერთობლივ პროექტებზე მუშაობდნენ, აწყობდნენ ერთობლივ გამოფენებს, რომლებიც ლონდონში საზეიმოდ გახსნა პრინც ჩარლმა და აწ გარდაცვლილმა პეტრე უსტინოვმა. ერთი წყვილი დაქორწინდა კიდეც და ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ხელგაშლილობისა და კეთილშობილების წყალობით და იმ დასკვნამდე მისვლით, რომ ამის გაკეთება ჩვენ ყველას შეგვიძლია.
ასე, რომ მივესალმები ფესტივალ `საჩუქრის~ კვლავ ჩატარების ფაქტს მისი დირექტორის, ქეთი დოლიძის თავდაუზოგავ სწრაფვას. გილოცავთ ფესტივალის გახსნას და ქართული კულტურის გაცნობას უფრო ფართო წრეებისთვის, რომლებიც აქ მიღებული გამოცდილებით უდავოდ ბევრ რამეს შეიძენენ.
რეჟისორი, სცენოგრაფი, პროფესორი
პამელა ჰოვარდი
აშშ.

ჩემი გულითადი მილოცვები საქართველოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ათი წლის იუბილეზე. მისი დაარსებიდან (1996) მოყოლებული `საჩუქარი~ ყველაზე ძლევამოსილი დესპანი იყო ქართული კულტურის წარმოსაჩენად საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები, კინოხელოვანები, იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ფესტივალში და შეიყვარონ საქართველო. შედეგად კი ბევრი ქართველი მსახიობი ღებულობს მიწვევას საზღვარგარეთ სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებში. 1996 წელს ფესტივალი დაიწყო უდიდესი რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის ქანდაკების საზეიმო გახსნით იმ თეატრის წინ, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს. როგორ გაახარებდა მას ფესტივალის ასეთი წარმატებული მოღვაწეობა და ჩვენ ყველანი მას კვლავ ჩვენს მფარველ ანგელოზად მივიჩნევთ. სულით და გულით ვულოცავ ფესტივალის დამაარსებელსა და დირექტორს ქეთი დოლიძეს და ყველას, ვინც ასე დაუღალავად შრომობდა იმისათვის რომ ფესტივალი წარმატებული ყოფილიყო. დაე სულ წარმატებით ევლოს ამ ფესტივალს და მიშას სული ყოველთვის ცოოცხლობდეს ჩვენში.
ჰილარი ვუდი
ფესტივალის `საჩუქარი” საერთაშორისი საბჭოს წევრი,
ლონდონი.

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com