მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
არქივი
2015 მაკა ვასაძე - ლიტველების საჩუქარი თბილისელ მაყურებელს ფესტივალის – „საჩუქარი“ – პრიზმაში

ლიტველების საჩუქარი თბილისელ მაყურებელს ფესტივალის – „საჩუქარი“ – პრიზმაში

მადაგასკარი - მარიუს ივაშკევიჩიუსი დამდგმელი რეჟისორი: რიმას ტუმინასი რეჟისორის ასისტენტი: არვიდას დაფშისი მხატვარი: ვილმა დაბკიენე კომპოზიტორი: ფაუსტას ლატენასი მოქმედი პირნი და შემსრულებლები: დედა - ეგლე გაბრენაიტე მამა- არვიდას დაფშისი, ალმანტას შინკიუნასი კაზიმიერას პოკშტასი - რამიუნას ციცენასი სალე - გინტარე ლატვენაიტე, ინდრე პატკაუსკაიტე მილე - ვალდა ბიჩკუტე ჰელე - ვაიდა ბიუტიტე ვერონიკა - ილონა კვიეტკუტე ოსკარასი - მანტას ვაიტიეკიუნასი ფრენჩი - ლეონარდას პობედონოსცევასი სტეპონასი - აუდრიუს ბრუზასი სტასისი - ჯოკიუბას ბარეიკისი ლიტველები - ინეტა სტასიულიტე, ჯოკიუბას ბარეიკისი, აუდრიუს ბრუზასი, ბალის ლატენასი, ვიტაუტას რუმშასი (უმცროსი) ჯარისკაცები - აუდრიუს ბრუზასი, ბალის ლატენასი

მაკა ვასაძე

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც სათეატრო რუკაზე ეიმუნტას ნეკროშიუსის სპექტაკლები ჩნდება, დღევანდელი დღის ჩათვლით, ლიტვური თეატრი – სარეჟისორო ძიებებითა თუ სამსახიობო სკოლით, მსოფლიოში  ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. სახელგანთქმულ რეჟისორთა სპექტაკლებით: ნეკროშიუსის – „ფიროსმანი“, „ფაუსტი“, ოტელო“, „ჰამლეტი“, კამა გინკასის „სამი და“, ტუმინასის „ძია ვანია“, კორშუნოვასის „რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“ „ფსკერზე“ – ლიტვური თეატრი თბილისელი მაყურებლისათვის უკვე კარგადაა ცნობილი, ჩამოთვლილი დადგმები კი ჩვენს მეხსიერებაში საუკეთესო და წარუშლელ მოგონებად დარჩება. მათ რიცხვს, 30 და 31 ოქტომბერს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“, თუმანიშვილის თეატრში წარმოდგენილი, ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრის – რიმას ტუმინასის „მადაგასკარი“ და გაბრიელე ტუმინაიტეს „ბიძიები და დეიდები“ – შეემატა.

საოცარი ძალა აქვს ჭეშმარიტ ხელოვნებას, დაღლილ-დაქანცულსაც კი, ხელოვნების ნებისმიერი დარგის თუ ლიტერატურული ჟანრის კარგ ნაწარმოებთან ზიარება, ახალი ენერგიით და ძალით აგავსებს.  რიმას ტუმინასის სპექტაკლი „მადაგასკარი“, რომელიც მან  მარიუს ივაშკევიჩიუსის პიესის მიხედვით დადგა, 3 საათი გრძელდება. 3 საათი საკმაოდ ბევრია – აჩქარებულ, ინტერნეტ სივრცეში მცხოვრები თანამედროვე ადამიანისათვის, მაგრამ „მადაგასკარის“ შემთხვევაში ვერც კი ხვდები როგორ გადის დრო. უფრო მეტიც, საოცრად პირობითი, თეატრალური, კარნავალური ენით მოყოლილი, იუმორით, სევდით, გროტესკით გადმოცემული, ერთდროულად გულისამაჩუყებელი, ხან სიცილის, ხან ხარხარის, ხან სევდის მომგვრელი ამბავი, დრამატურგისა და რეჟისორის მიერ ისეთ რიტმში, ისეთი ოსტატობით არის მოყოლილი, რომ გინდა კიდევ გაგრძელდეს, არ დასრულდეს.სხვასთან ერთად ეს, რა თქმა უნდა, სცენასა და მაყურებელს შორის არსებული იმპულსებით,  სცენასა და მაყურებელს შორის გამართული დიალოგის წყალობით მიიღწევა.რიმას ტუმინასის „მადაგასკარი“, ნათელი მაგალითია იმისა, რასაც უდიდესი თეატრის პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი, ბრიტანელი რეჟისორი პიტერ ბრუკი თეატრის უმთავრეს დანიშნულებად აცხადებს, კერძოდ: „ირაციონალური იმპულსების გამოსხივებას სცენიდან, რაც დაამყარებს უმჭიდროვეს კავშირს სცენასა და მაყურებელთა დარბაზს შორის“. დრამატურგისა და რეჟისორის მიერ სპექტაკლში ასახული მოვლენები, პრობლემები, პერსონაჟები, ტიპაჟები იმდენად ნაცნობია, რომ აბსოლუტური შთაქბეჭდილება გექმნება, რომ ეს პიესა, ეს სპექტაკლი შენ ქვეყანაზე, შენ ხალხზე, შენ სიხარულზე, შენსიყვარულზე, შენდამსხვრეულ ოცნებებზე,  შენტკივილებზეა…

სპექტაკლი მეოცნებე, სიყვარულის მაძიებელ, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებზეა, რომლებსაც უყვართ სამშობლო, თავიანთი ხალხი, ცდილობენ რაღაც სასიკეთო გააკეთონ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ მათი არ ესმით, უტოპიური ოცნებები კი ოცნებებად რჩება. რიმას ტუმინასის სპექტაკლი კონკრეტულ, ლიტვურ პრობლემებზეა, მაგრამ რეჟისორის კონცეფციაში ეს კონკრეტიკა განზოგადოებულია. დიდი ქვეყნებით გარშემორტყმული გეოგრაფიულად პატარა ქვეყნის ბედ-იღბალი, ტერიტორიების დაკარგვის გამუდმებული შიში, ყველა პატარა ქვეყნისთვის ნაცნობი და მტკივნეულია. მთავარი გმირი, იდეალისტი კაზიმირ პოკშტი (მისი გვარი ითარგმნება, როგორც – ხუმრობა), ჯერ მშობლებს, შემდეგ კი მთელ ქვეყანას მოუწოდებს, რომ თავი დაანებონ აღმოსავლეთისკენ ყურებას და თავიანთი მზერა – ზღვისკენ, დასავლეთისკენ – პროგრესისკენ მიმართონ.სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი  პოკშტი მტრული, დიდი ტერიტორიების მქონე ქვეყნებით – რუსეთი, პოლონეთი, გერმანია – გარშემორტყმული ლიტვისთვის, მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს, მთელი მოსახლეობის (ლიტველების) ემიგრირებას აფრიკაში – მადაგასკარზე. პოეტური, მეტაფორული, კომიკური, ფარსული, დრამატული და ტრაგიკული ელემენტებით გაჯერებული დრამატურგიული ნაწარმოები, ტუმინასმა  პირობითი, თეატრალური და ამავდროულად რეალისტური ხერხებით განახორციელა. თითოეული სცენისა თუ ეპიზოდის მოცემულობა უაღრესად პირობითი, კარნავალურია, მაგრამ მსახიობთა შესრულების მანერა აბსოლუტურად რეალური და დამაჯერებელია.ისევ ბრუკს დავესესხები და ვიტყვი, ტუმინასის მსახიობები (სპექტაკლში მონაწილე მსახიობთა უმრავლესობა მისი მოწაფეები იყვნენ): ეგლე გაბრენაიტე, არვიდას დაფშისი, ალმანტას შინკიუნასი, რამიუნას ციცენასი, გინტარე ლატვენაიტე, ინდრე პატკაუსკაიტე, ვალდა ბიჩკუტე, ვაიდა ბიუტიტე, ილონა კვიეტკუტე, მანტას ვაიტიეკიუნასი, ლეონარდას პობედონოსცევასი, აუდრიუს ბუზასი, ჯოკიუბას ბარეიკისი, ინეტა სტასიულიტე, ჯოკიუბას ბარეიკისი, აუდრიუს ბრუზასი, ბალის ლატენასი, ვიტაუტას რუმშასი – სცენაზე მიმდინარე მოვლენებს, „ამბის ქსოვლის სრული განცდით და მასში განზავებით“, განასახიერებენ. მსახიობები არა მარტო „გონებით“, არამედ „სხეულითაც“ პასუხობენ პიესაში ასახულ მოვლენებს. სხვასთან ერთად, სწორედ ამიტომაც, „მადაგასკარი“ წარმოშობს „სცენისა და მაყურებელთა დარბაზის დამაკავშირებელ უხილავ საკრალურ ძაფებს“. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სამი მეგობარი ქალის – სალე, მილე და ჰელეს – შემსრულებელი მსახიობების მაღალი პროფესიონალიზმი.

აღსანიშნავია, რომ „მადაგასკარის“ ორი მთავარი პერსონაჟი- პოკშტი და სალე, ლიტვის ისტორიაში არსებული რეალური ადამიანები იყვნენ: ლიტველების აფრიკაში გადასახლების უცნაური იდეებით აღვსილი პატრიოტი, გეოგრაფი-მოგზაური კაზის პაკშტასი (1893-1960) და  ლიტველი პოეტი ქალი სალომეა ნერისი (ნამდვილი გვარი ბაჩინსკაიტე, 1904-1945).

თეატრალური პირობითობა და კარნავალურობა, მხატვარ ვილმე დაბკიენეს მიერ შექმნილ, სპექტაკლის სცენოგრაფიაშიცაა ასახული. სასცენო სივრცე არ არის გადატვირთული დეკორაციით, ყოველ რეკვიზიტს ზუსტი, კონკრეტული დანიშნულება აქვს და თამაშდება. იქნება ეს ორი კარი, მაგიდა, სკამები, აკვანი, სათლი, ვარცლი, კედელზე ჩამოკიდებული კოსტიუმები… რეჟისორმა, წარმოდგენის კარნავალურობასა და თეატრალურ პირობითობას,  სცენაზევე, მსახიობთა მიერ მაყურებლის წინაშე  კოსტიუმების გამოცვლაშიც გაუსვა ხაზი. ტუმინასმა სპექტაკლის დაწყებისთანავე განსაზღვრა წარმოდგენის სტილისტიკა: მაყურებლის თვალწინ გათამაშებული ამბავი, უსაზღვრო ფანტაზიის მქონე პოკშტასის მოგონებებია, საკუთარი დაბადებიდან დაწყებული, აფრიკაში ლიტველების გადასახლების კრახით და სალეს გარდაცვალებით დამთავრებული.რეჟისორმა დადგმა, ერთი შეხედვით თითქოს, შეუთავსებელის შეთავსებაზე, დაპირისპირებულის შეპირისპირებაზე ააგო – დრამატული, ტრაგიკული მოვლენების, ამბების გადმოცემა კომიკურ-გროტესკული მეტაფორებით. მაგალითად, ფინალისკენ – ბანჯგვლიანი, უზარმაზარი გორილას შემოყვანა, მადაგასკარზე პოკშტის ოცნებების მსხვრევისას; ან მანამდე, I მოქმედების ბოლოს, პოკშტისდა ოსკარასის საღ აზრს მოკლებული მონოლოგებისა თუ დიალოგების შემდეგ, მაგიდაზე ახტომა და ქაღალდის გემების დაწვა. უფრო ადრე კი, I მოქმედების შუა ნაწილში, რომანტიკულ სიყვარულზე მეოცნებე სალის ანთებული, მგზნებარე მონოლოგის ფონზე, ნახევარდმძინარე ელას მოსასაქმებლად სათლზე დაჯდომა სცენის შუაგულში და სხვ.

სევდანარევი იუმორით, ზოგჯერ გროტესკით, იმავდროულად დიდი სიყვარულით აქვს მარიუს ივაშკევიჩიუსს  შექმნილი პერსონაჟთა სახეები და პიესაში ასახული მოვლენები გადმოცემული. ტუმინასის სპექტაკლიც სწორედ სიყვარულით აღსავსე, ღიმილნარევი სევდის შეგრძნებას გიტოვებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ტექსტის თარგმანს რუსულ ენაზე (რომელსაც მაყურებელი ყურთსასემენებით ისმენდა), ამავე თეატრის მსახიობი ვირტუოზულად კითხულობდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თარგმანი ისეთი ნიუანსებით არის გაკეთებული, რომ ვფიქრობ, რუსულ თარგმანზე თავად რეჟისორმა და დრამატურგმა იმუშავეს.

ტუმინასის „მადაგასკარი“ ბრუკის (ზოგადად ინტუიტივისტების) თეზის – „გაიგო (მიხვდე) – ნიშნავს შეიგრძნო“ – საუკეთესო მაგალითია.

იმავე თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორის გაბრიელე ტუმინაიტეს (რიმას ტუმინასის ქალიშვილი) მიერ დადგმული „ბიძიები და დეიდები“, ამაღლებული, რომანტიკული, სევდიანი სიყვარულის ფონზე, XIX საუკუნის მეორე ნახევრის, ჯერ კიდევ ბატონყმობის პერიოდის ლიტვის, უფრო სწორად, მშრომელი, არაფრის მქონე, მაგრამ მაინც მეოცნებე   ლიტველების ისტორიას მოგვითხრობს. სპექტაკლი, ცნობილი ლიტველი მწერლის, დრამატურგის, კრიტიკოსის, პუბლიცისტის, ლიტერატურათმცოდნის, საზოგადო მოღვაწის იოზასტუმას ვაიჟგანტასის, იმავე სახელწოდებისმოთხრობისმიხედვით არის დადგმული.  „ბიძიები და დეიდები“ ვაიჟგანტასის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე  (1921) მოუტანა მწერალს აღიარება.

რეჟისორის კონცეფციით, მხატვარ ვილმა გალკაიტე-დამკიენის სცენოგრაფია, კოსტიუმები, თავთუხისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი და ისეთი ემოციურიდატვირთვის მქონეა,  რომ მაყურებელს თივის ზვინების და მინდვრის ყვავილების სურნელების შეგრძნებაგეუფლება. სცენაზე ოდნავ ამაღლებული ფიცარნაგია გაკეთებული, რომელსაც სიღრმეში ხის კარიბჭე კრავს. ფიცარნაგის ორივე მხარეს სხვადასხვა, სოფლის მაცხოვრებელთა მოხმარების საგნებია მიმოფანტული:გრძელი ხის მერხები, სათლები, ვარცლები, მაღალი სარკე, სკივრი და სხვ. ფიცარნაგის ქვევიდან კი სოფლის მაცხოვრებელთა, სხვადასხვა ზომის ფეხსაცმელები მოჩანს. ამაღლებული ფიცარნაგი თეატრში თეატრის თამაშის მიმანიშნებელია. სპექტაკლი, ავტორის მიერ მოთხრობილი ამბის გათამაშების პრინციპზეა აგებული. ავანსცენის მარჯვენა კუთხეში, ერთმანეთზე ახორხოლავებული ტონეტის სკამებია, იქვე პატარა მაგიდა დგას ზედ მოთავსებული სასმელებით. ეს სივრცე კაბარეს, ან, კაფეს, ან ბარის ანტურაჟს ქმნის, სადაც მთხრობელი ულამაზეს ფრანგ ქალბატონს – მიკოლიუკას და სევრიუტას – ერთდროულად რომანტიკული, ვნებიანი, მაგრამ ძალიან სევდიანი სიყვარულის ამბის მოყოლას უწყებს.  თანდათანობით ფიცარნაგზე, მოთხრობილი ამბის, პერსონაჟები ჩნდებიან და ავტორის მიერ დასახელებული ტიპაჟების – სახეებს ქმნიან.  წარმოდგენის ასეთ, პირობით სტილისტიკაში გადაწყვეტის მიუხედავად, მსახიობების თამაში, რომლებიც როლებში გამუდმებით „შედიან“ და „გამოდიან“,იმდენად მართალია, რომ ფინალში მაყურებელთა უმრავლესობას თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლის ემოციურ დატვირთვას, მაყურებელზე ზეგავლენას, კომპოზიტორ გეიდრიუს პუსკუნიგის მიერ შექმნილი მუსიკალური რიგიც (რომელსაც ლეიტმოტივად ცნობილი ესპანური სიმღერის – „პალომა“ – მელოდიის ნაწყვეტი გასდევდა) ქმნიდა.

გაბრიელე ტუმინაიტეს სათეატრო ენა კინოენის ხერხებითაა გაჯერებული. იგი თხრობისას, სცენაზე რამდენიმე ამბის ერთდროულად გათამაშების პრინციპს მიმართავს: მსხვილი, ახლო, შორი კადრების მეშვეობით. კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რეჟისორი მიკოლიუკას და სევრიუტას გვერდით არსებული სახეებს: გეიშე რაპოლა, დოვიდენე თუ დოვიდჟიუკასი- არ ყოფს მკვეთრად გამიჯნულ დადებით და უარყოფით პერსონაჟებად, არავის არ განსჯის, ყოველ მათგანს თავისი სიმართლე აქვს. მხოლოდ ეს არის, რომ ამ ადამიანთა შორის ყველაზე ნათელი პიროვნებების – მიკოლიუკასის და სევერიუტასის – სიყვარულს მომავალი არა აქვს. რეჟისორის კონცეფციით, ამაში კონკრეტული ბრალი არავის მიუძღვის, ასე დალაგდა, ასე აეწყო ცხოვრება, ყველამ, მათ შორის ამ ორმა ახალგაზრდამაც, თავისი არჩევანი გააკეთა.

ამ ერთდროულად რომანტიკული, იუმორითა და სევდით აღსავსე წარმოდგენის ფინალი, ძალიან ლამაზი და გულისამაჩუყებელია.  სევერიუტას და გეიშეს ქორწილის შემდეგ, სადაც სევერიუტას თხოვნით, მისთვისვიოლინოზებოლოჯერ დაუკრავს მიკოლიუკასი, სადღაც ქრება, თითქოს რეალურიდან ირეალურ სამყაროში გადადის. სათამაშო მოედანზე, ფიცარნაგზეჩამობნელდება, მხოლოდ ხის ოდნავ შეღებული კარიბჭის მიღმა, ნახევარტონებში – ცისფრად, ვარდისფრად განათებული სივრცე გამოსჭვივის.

ვილნიუსის მცირე თეატრის მსახიობებმა:  არვიდას დაპშისმა, აგნე სატაიატემ, ვაინუას სოდეიკამ, მინდაუგას კაპასიმ, გინტარე ლატვენაიტე-გლუშაევამ, ინდრე პატკაუსკაიტემ, –  ამ სპექტაკლშიც ცოცხალი, ნამდვილი, დაუვიწყარი სახეები შექმნეს.

 

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com