მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
არქივი
ლაშა ჩხარტიშვილი - მხატვრის მორიგი ნახატები სერიიდან „რუსული ბლუზი, სოკოზე წასვლა“

მხატვრის მორიგი ნახატები სერიიდან „რუსული ბლუზი, სოკოზე წასვლა“

@ ლაშა ჩხარტიშვილიდიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიას და მის შემოქმედებას, რომელსაც რუსულ თეატრში განსხვავებული ადგილი უჭირავს და დაკავებულია პრობლემების კვლევითა და ახალი სათეატრო ფორმის ძიებით, ფესტივალის „საჩუქარი“ წყალობით კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი. მხატვრის თეატრის ტრადიციების გამგრძელებელი და ერთ-ერთი უიშვიათესი მოღვაწე თანამედროვე თეატრში სწორედ მხატვარი დიმიტრი კრიმოვია, რომელიც მუდმივად ეძებს, იკვლევს, ცდილობს დაანგრიოს ძველი და შექმნას ახალი სათეატრო სივრცე, ალტერნატიული ფორმებითა და განსხვავებული აქცენტებით.წელს ფესტივალი კრიმოვის ლაბორატორიის ახალ სპექტაკლს: „რუსული ბლუზი, სოკოზე წასვლა“ მასპინძლობდა. თუ არ ვცდები, მსოფლიო პრემიერაც თბილისში, სწორედ ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში გაიმართა.სპექტაკლში მოთხრობილია რუსული ტრადიციის, სოკოზე წასვლის, შესახებ, რომელიც რუსებისთვის ერთგვარი რიტუალიც კი არის და ამ ტრადიციულ სოკოს დასაკრეფად გასვლაში ვლინდება კიდეც ამ ხალხის ხასიათი, ტრადიციები, მისწრაფებები, სურვილები. ფაქტობრივად სპექტაკლი რუს ხალხზეა, რომელიც საკმაოდ ორიგინალური პოზიციითა და ფორმით გადმოსცა დიმიტრი კრიმოვმა თავის არტისტებთან ერთად.კრიმოვის სპექტაკლებში თეატრის მკველვარებისთვის ყოველთვის საინტერესოა ფორმა, მის მიერ შემოტავაზებული არტისტების მუშაობის პრინციპი და სტილისტიკა, გაცილებით დიდ ინტერესს იწვევს მისი მეტაფორული ენა, რომელიც არა მხოლოდ მიზანსცენებში, არამედ სცენოგრაფიაშიც ვლინდება უპირველეს ყოვლისა. მნიშვნელოვანია, რომ დიმიტრი კრიმოვი, როგორც მხატვარი ისე ხატავს სპექტაკლს, სადაც დომინინატი სცენოგრაფია კი არ არის, არამედ თანაბრად ლიდერობს არტისტების ხელოვნება, მუსიკალური თანხლება და რეჟისორული გადაწყვეტა. ამჟერადაც, დიმიტრი კრიმოვმა გაგვაოცა გამომგონებლობით, ფანტაზიის უნარითა და პოზიციით, თუმცა მისი პოზიცია მის მიერ დადგმული სხვა სპექტაკლებიდანაც აშკარად ნათელია. ასე რომ, კრიტიკული და თვითკრიტიკული დამოკიდებულება ამ სპექტაკლშიც საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა და ამაში არაფერია გასაკვირი. ნებისმიერი ხელოვანი თავისუფალი, კრიტიკული და პოზიციის მატარებელი უნდა იყოს. ამ პრინციპს კი დიმიტრი კრიმოვი არასდროს არღვევს, თუმცა კრიტიკისას ის სულაც არ არის აგრესიული (ან რატომ უნდა იყოს?!), მას უყვარს ისინი ვისაც აკრიტიკებს და ირონიულად ხატავს სცენაზე რეალური გმირების სცენურ პროტოტიპებს.დიმიტრი კრიმოვი, ფაქტობრივად პრიმიტიული ტექნიკით, მუყაოს ქაღალდებით ქმნის მრავალფეროვან სცენურ სივრცეს, რომელიც ყოველი ეპიზოდის დასრულების შემდეგ ტრანსფორმირდება სასცენო-სათეატრო მეურნეობის ფონზე, უკიდურესი და მომხიბვლავი პირობითობა ქმის თეატრალიზებულ სამყაროს, რომელიც ჩვენი ცხოვრების პატარა და მხატვრული მოდელია. მოქმედება სპექტაკლში ერთდროულად ოთხ სიბრტყეზე ვიტარდება. პირველი სიბრტყე, ხმის რეჟისორის, ერთგვარი სპექტაკლის წამყვანის, კორიფევსის ჯიხურია, რომელიც სცენის მარცხენა მხარეს კუთხეში საგანგებოდ არის აგებული, როგორც გამჭირვალე სივრცე, საიანაც ავტორი-მსახიობი  ახმოვანებს პერსონაჟებს (მსახიობებს კი ავტორის ტექსტის ილუსტრირება უწევთ), მეორე სივრცე ორ ნაწილად იყოფა, რომელიც წარმოადგენს სცენაზე საგანგებოდ აშენებულ ახალ სცენას, რომლის ქვემოთაც და ზემოტაც ხდება მოქმედების დიიდ ნაწილი, ხოლო მეოთხე სივრცე- ეს სცენის სიღრმეა, სადაც უკვე როლებს დიმიტრი კრიმოვის შექმნილი სცენოგრაფია, მხატვრული განათება და დეკორაციის დეტალები, რეკვიზიტები, რომლებიც ამჟერადაც ორიგინალურად ცოცხლდებიან და საინტერესო ფუნქციებს იძენენ.დიმიტრი კრიმოვი ნამდვილი მხატვარია, ამ სიტყვის პირდაპირი და ფართო გაგებით, რადგნაც ის ხატავს მიზანსცენებს, ქმნის სიუჟეტურ სურათებს და პორტრეტებს, მისი სამყარო ნათელია და ფერადი, მისი პერსონაჟები მეოცნებეები არიან, მათ შორის შინაური ცხოველებიც კი, თოჯინა-ძაღლი სპექტაკლის ერთ-ერთი მნიშნელოვანი, სენსიტიური და მომხიბვლელი პერსონაჟია, რომელსაც მყისიერი რეაქცია და პოზიციაც კი, აქვს მიმდინარე, გარშემო მოვლენებზე.დიმიტრი კრიმოვი თავის სპექტაკლებში ოსტატურად იყენებს თეატრის საუკუნოვან გამოცდილებას და სიახლეებს და ასწორედ ამაზე აშენებს მის განსხვავებულ თეატრალურ ფორმას, რომლის ჩამოყალიბების პროცესი (მის სპექტაკლებზე დაყრდნობით) ჯერ არ დასრულებულა და კვლავ კვლევის პროცესშია. სპექტაკლში ვხვდებით ორ განსხვავებულ ინტერაქტივს; სოპრანოს, რომელიც წარმოდგენის ირონიულობის ბოლომდე შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტია და ამავდროულად სპექტაკლის ერთგვარი რეფრენიც კი. მსახიობები ერთდროულად სხვადასხვა სტილისტიკაში ასრულებენ როლებს, ამის პარალელურად კი წარმოდგენის ავტორი არასდროს გვავიწყებინებს, რომ ეს თეატრია, შუა სპექტაკლის მსვლელობის დროს შესაძლოა გამოჩნდეს სცენის დეკორატორ-მემონტაჟეები, ტექნიკური პერსონალი.პირობითობების მიუხედავად, კრიმოვი იმდენად ეფექტურ სამყაროს ქმნის, რომ უნებლიეთ გავიწყდება რომ ეს თეატრია და იმ სივრცის მონაწილე და მხილველი ხდება მაყურებელი, რომელსაც ის იქვე ხატავს. პირობითად ყინულზე დასრიალებენ ერთ-ერთ ეპიზოდში მსახიობები, მაგრამ შეგრძნება გრჩება, რომ ისინი მართლა ყინულს ჭრიან სათევზაოდ, გგონია, რომ წყალქვეშა ნავი მართლაც დგას სცენაზე და ეკიპაჟის წევრები, პერსონაჟები მართლაც სხდებიან წყალქვეშა ხომალდში. გამორჩეულად დამაჯერებლები და გულწრფელები არიან კრიმოვის სახელოსნოს მსახიობები, რომლებიც იმ რეალობას ხატავენ, რომელიც მუდმივია და დროთა ცვალებადობის მიუხედავად იგივენი რჩებიან. ისინი ჩვენი დროის ადამიანებს კი არ ასახიერებენ, არამედ ზოგადად ადამიანთა ტიპაჟებს, რომლებიც მანამ იარსებებენ, სანამ კაცობრიობაც იარსებებს.გულწრფელად უნდა ვთქვა ისიც, რომ კრიმოვის სპექტაკლში „რუსული ბლუზი, სოკოზე წასვლა“ არაფერი გვხდება ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს, ან არ გვსმენია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ კრიმოვთან გვინახავს ისე, როგორც არავისთან. მაგალითისთვის კვამლის გამოყენებაც კმარა, რომელიც იმდენად ზომიერია და ზუსტი, რომ არც მაყურებელს აწუხებს და არც სპექტაკლს უშლის ხელს. აქ ყველაფერი ნორმაშია და ზომიერებაში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია სპექტაკლის წარმატებისთის. რაც შეეხება ირონიულობის ზომიერებას, ეს ზღვარიც დაცულია, რათა ირონია იყოს ბუნებრივი, ლოგიკური და დამაჯერებელი, გულწრფელიც კი, განსაკუთრებით ეს საფინალო სცენას ეხება, როცა ყველაფერი იწვის და ცეცხლის ალში ეხვევა, მაგრამ მარადიულად ტრიალებს ბოძზე ჩამოკიდებული რუსი სპორტსმენი, შეუფერხებლად და შეუბღალავად, რაც სპექტაკლის ლოგიკური და ბუნებრივი დასასრულია. 

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com