მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
არქივი
ლიტველი და რუსი ტუმინასი - ლაშა ჩხარტიშვილის ბლოგი Lasha Chkhartishvili's Blog

ლიტველი და რუსი ტუმინასი

@ ლაშა ჩხარტიშვილიმრავალფეროვან, გამორჩეულ და მუდამ სიახლის მატარებელ ლიტვურ თეატრს ქართველი ფართო მაყურებელი კარგად იცნობს ჩვენი თეატრალური ფესტივალების წყალობით.  ლიტვური თეატრის ევროპაში აღიარებული წარმომადგენლების იემუნტას ნეკრეშუსისა და ოსკარას კორშუნოვასის საუკეთესო ნაწარმოებები მაყურებელმა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე უკვე ნახა, ხოლო რიმას ტუმინასის შემოქმედებას ჩვენი მაყურებელი ფესტივალ „საჩუქარის“ წყალობით გაეცნო. იმედია ამ ფესტივალების წყალობით ლიტვური თეატრის გამორჩეული რეჟისორების იონას ვაიტკუსისა და კამა გინკასის შემოქმედებასაც გავიცნობთ.წლევანდელ „საჩუქარზე“ ლიტვური თეატრის გამორჩეულ რეჟისორთაგან ერთ-ერთი საუკეთესოს, რიმას ტუმინასის ორი სპექტაკლი „მადაგასკარი“ და „ევგენი ონეგინი“ იყო წარმოდგენილი, პირველი ადგილობრივი წარმოების, ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრის პრუდუქციაა, ხოლო მეორე,  მოსკოვის ვახტანგოვის თეატრის. ტუმინასის ამ ორმა სპექტაკლმა ჩვენი მაყურებლის ინტერესებიც გამოკვეთა. ტუმინასის „მადაგასკარს“, რომელიც ერთხელ იყო წარმოდგენილი თუმანიშვილის თეატრში (დარბაზი 183 მაყურებელს იტევს ) დარბაზი ძირითადად უბილეთო მაყურებელმა (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, თეატრის მსახიობები, რეჟისორები, ჟურნალისტები და კრიტიკოსები) შეავსო (კარგია, რომ ფესტივალი სტუდენტებს და ჟურნალისტებს აძლევს სპექტაკლებზე დასწრების უფლებას), ხოლო იგივე რეჟისორის მეორე სპექტაკლი, დადგმული ვახტანგოვის თეატრში, სამი დღის განმავლობაში სრული ანშლაგით მიმდინარეობდა გრიბოედოვის თეატრში (დარბაზი 776 მაყურებელს იტევს). აქედან ნათელია, რომ ქართველ მაყურებელს იმდენად სახელმოხვეჭილი ლიტველი რეჟისორის სპექტაკლი კი არ აინტერესებს, რამდენადაც ის რუსი მსახიობები, რომელსაც იცნობს კინოდან და ტელესერიალებიდან. საერთოდაც, ინტერესი რუსული თეატრის მიმართ უფრო დიდია, ვიდრე, რომელიმე სხვა ქვეყნის უფრო წარმატებული და საინტერესო  თეატრის (მაგ. პოლონური, გერმანული, იგივე ლიტვური) მიმართ. არადა, ვფიქრობ, იმ მაყურებელმა, რომელმაც ტუმინასის „მადაგასკარი“ არ ნახა, ბევრი დაკარგა, მათ შორის, ისიც, რომ ვერ ნახა, რას ნიშნავს ნამდვილი თეატრი, უკიდურესი პირობითობით, უნივერსალური არტისტებითა და განსაკუთრებული იუმორით.„მადაგასკარი“ დაახლოებით სამი საათის განმავლობაშსი გრძელდება, ეს არც ისე მცირე დროა თანამედროვე თეატრში დროის გასაყვანად და განსამუხტად, მაგრამ რიმას ტუმინასი თანამედროვე ლიტველი დრამატურგის მარიუს ივაშკევიჩიუსის ტექსტზე ისე ოსტატურად აგებს მიზანსცენებს, რომ ეს დროც გავიწყდება და ისიც, რომ მსახიობები ლიტვურ ენაზე მეტყველებენ, სინქორნული თარგმანის პულტსაც გვერდით გადადებ და სცენას მისჩერებიხარ, აკვირდები უკიდურეს პირობითობას, რომელსაც ბოლომდე იგებ და იღებ, აკვირდები არტისტებს, როგორ მუშაობენ ისინი სცენაზე და რამდენი შეუძლიათ და ყველაფერში ერთად როგორ იკვეთება რეჟისორის „ბრალეულობა“, რომ თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და რომ თანამედროვე ტექნიკური ეფექტების გარეშეც, თუკი რეჟისორს ფანტაზია აქვს, შესაძლებელია უფრო ძლიერი ეფექტის მოხდენა, ვიდრე ეს ტექნიკური პროგრესით გამოწვეულ „მანქანებს“ შეუძლიათ. ერთ ოთახში თამაშდება რამდენიმე ადამიანის მთელი ცხოვრება. მაყურებელი თვალს ადევნებს გმირების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მომენტს და უკიდურესი თეატრალური პირობითობით გვიჩვენებს ყოფით რეალობამდე დასულ სინამდვილეს. ერთი კონკრეტული ოთახი სპექტაკლის მსვლელობისას მრავალგზის განიცდის მეტამორფოზას და ის რადიკალურად განსხვავებულ სივრცეებად გადაიქცევა. ის ხან ზღვის სანაპიროა, ხანაც ქალაქის მოედანი, ხანაც პარიზის ვიწრო ქუჩები და ხანაც საძინებელი. ამ ატმოსფეროს ლიტვის მცირე თეატრის არტისტები ქმნიან, რომლებიც არა მხოლოდ გარდასახვის ოსტატები არიან, არამედ ატმოსფეროს შექმნის ტექნიკის უბადლო მატარებლები.სპექტაკლი ერთი შეხედვით, თითქოს მხოლოდ ვიწრო ლიტვურ პრობლემას ეხება (მათ ურთიერთობას პოლონეთთან და რუსეთთან), მაგრამ აღნიშნული პრობლემა სპექტაკლში ზოგადდება და ის მცირე ერების საერთო ტკივილად იქცევა, როცა მცირე ერების კომპლექსების ჭრილში მოიაზრება. დიდი ქვეყნების კალთის ქვეშ არსებული პატარა ქვეყნების ბედ-იღბალი, შეშინებული, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ადამიანები ტერიტორიების, ღირსების, ფასეულობების დაკარგვის შიშით, ფრთხილობენ და ცდილობენ ბრძოლას ამ ფასეულობათა შესანარჩუნებლად. გამოსავალი კი მაგდასკარშია, აფრიკაში, ეგზოტიკურ და შორეულ ქვეყანაში გადაბარგებაში საცხოვრებლად.რიმას ტუმინასი სპექტაკლში „მადაგასკარი“ ირონიისა და სარკასტულობის დიდოსტატია, ის არც კეთილ იუმორზე  ამბობს უარს და რაც მთავარია, თითქმის არ გვხვდება უარყოფითი პერსონაჟები. მართლია, ყველას ერთმანეთი არ უყვარს, მაგრამ რეჟისორს გამორჩეულად უყვარს ისინი, თავიანთი ხასიათითა და სისუსტეებით.„მადაგასკარში“ ყველაფერი ეტიუდების პრინციპით არის მოთხრობილი, თითოეული ეპიზოდი გარკვეული ამოცანის შესრულებაა, რომელიც ეტიუდების მსგავსად, შევსებულია გამომსახველობითი საშუალებების უხვი გამოყენებით, ამით რეჟისორი პერსონაჟთა ხასიათის სიღრმეებს გვიჩვენებს და ცდილობს გვაჩვენოს ადამიანთა ფართო ტიპაჟები, პროტოტიპები, რეალური გმირები, რომლებიც ყველა დროში არსებობდნენ და არსებობენ დღესაც. „მადაგასკარის“ გმირები სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული მეოცნებეები არიან, რომლებიც ცდილობენ უკეთესი პირადი და საზოგადო მომავლის შექმნას, მაგრამ მათი არ ესმით. სამშობლოს სიყვარული ერთ-ერთი იმ გრძნობათაგანია „სიყვარულებს“ შორის, რომელსაც სპექტაკლის გმირებს უწევთ შეხება. ისინი არ არიდებიან სარკაზმსა და ირონიულობას, ცდილობენ გულწრფელად თქვან ის, რასაც ფიქრობენ.რიმას ტუმინასს უყვარს მეტაფორებით აზროვნება, მისი სათეატრო ენა უნივერსალურია, მაშინ როდესაც ის პირდაპირია და მაშინაც, როცა ის მხატვრულად კაზმავს იდეას. ასე მაგალითად, მთავარი გმირის ცხოვრების გზის არჩევის ეპიზოდი, როცა ბავშვობის ნახატს ისე აგდებს გამჭირვალე ჯამში, როგორც საარჩევნო ყუთში ხმას, რომელსაც თითოეული ადამიანი მის მიერ არჩეული მომავლისთვის აგდებს.რიმას ტუმინასი „მადაგასკარში“ მაყურებელთან პირდაპირი გზით ინტერაქტივსაც შეეცადა, მეორე მოქმედება სწორედ მაყურებელთან ინტერაქტივით იწყება, როცა მთავარი გმირი დარბაზიდან სცენაზე ადის და დიალოგს გამართავს მაყურებელთან. ვფიქრობ, ეს ინტერაქტიული ჩანართი, ყურით მოთრეულ ჩანაკერს ჰგავდა, რომელიც არაფერს მატებდა სპექტაკლს, უფრო მეტიც, მსახიობი მანტას ვაიტიეკიუნასი ან ნაწილში უსუსურ ჯამბაზად იქცა, რომელმაც მაყურებელი ვერც კი გააცინა.რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ პირობითობის ხერხს იდეალურად ერწყმის მისი მსახიობების მაღალი საშემსრულებლო დონე და დახვეწილი სამსახიობო ხელოვნება, კონცეფტუალური და დინამიკური სცენოგრაფია, რომელიც მთლიანობაში ნამდვილ თეატრს ქმნის, რომელიც გათავისუფლებულია „ზედმეტებისგან“ და მხოლოდ არტისტული, რეჟისორული და სცენოგრაფიული ნიჭის ამარაა დარჩენილი.გაცილებით დიდი ინტერესი გამოიწვია რიმას ტუმინასის ვახტანგოვის თეატრში დადგმულმა სპექტაკლმა „ევგენი ონეგინი“. პუშკინის პოემის სათეატრო ნაწარმოებად ქცევა ტექსტის ფორმატიდან გამომიდნარე იოლი სულაც არ არის. ნაწარმოები, რომელიც სცენისთვის არ არის განკუთვნილი და ჩაფიქრებული, სცენაზე გააცოცხლო და თან წარმატებაც მოიპოვო, ეს დიდ გამბედაობას, ნიჭს და ფანტაზიას მოითხოვს. ეს უნარები კი, წარმოშობით ლიტველ რიმას ტუმინასს ნამდვილად არ აკლია. ლექსად დაწერილი რომანის სპექტაკლად ქცევის ტრადიცია ახალი არ არის და მსგავსი წარმატებული პროექტებიც ახსოვს თეატრის ისტორიას, მათ შორის, ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული და ყველასთვის ცნობილი, ალბათ, რობერტ ვილსონის „შექსპირის სონეტებია“...ცნობილი რუსი კრიტიკოსი და ფილოსოფოსი ბესარიონ ბელინსკი ალექსანდრე პუშკინის „ევგენი ონეგინს“ „რუსული ცხოვრების ენციკლოპედიასაც“ უწოდებდა. ამ ნაწარმოების მიხედვით არაერთი მხატვრული ფილმი და სპექტაკლია შექმნილი, პეტრე ჩაიკოვსკიმ კი ოპერაც დაწერა. „ევგენი ონეგინის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს შორის, თეატრის ისტორია, ალბათ, რიმას ტუმინასის სპექტაკლს, ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულ ადგილს მიუჩენს, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს, სავსებით ლოგიკურად, ვერ მივაკუთვნებთ უახლესი (გნებავთ, თანამედროვე) თეატრის საუკეთესო ნიმუშად. რიმას ტუმინასის მონუმენტური სპექტაკლი უფრო უკვე ჩავლილი თეატრის (ფორმის, ესთეტიკის თვალსაზრისით) ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში შესაძლოა იყოს, ვიდრე ჩვენი დროის თეატრის მისათითებელი ნიმუში, რომელიც პირველწყაროს განსხვავებული ინტერპრეტაციით, ან ახალი ფორმების დამკვიდრებით გამოირჩევა თანამედროვე თეატრში.ლიტერატურული პირველწყაროს მონუმენტურობა (პუშიკინის „ევგენი ონეგინს“ ლექსად დაწერილ რომანსაც უწოდებენ) დარჩა ალბათ იმპულსი რეჟისორ რიმას ტუმინასის სპექტაკლის ფორმისთვის, რომელიც არა მხოლოდ სცენოგრაფიაში (ადომას იაცოვსკისი), არამედ მონოლოგებსა და დიალოგების ტუმინასეულ კონსტრუქციაში ვლინდება, რომელიც ყველაზე მეტად საოპერო ჟანრს უახლოვდება. კონკრეტული მონოლოგები მსახიობთა დეკლამატორული და მელოდიკური კითხვით საოპერო არიების შესრულების პრინციპს ექვემდებარებოდა. ბუნებრივია, ტექსტის მელოდიურობა ნაწარმოების ფორმატით იყო ნაკარნახევი (რეჟისორი არც შეეცადა ტექსტის გაპროზაულებას), რომელსაც რუსული ტრადიციული დეკლამატორულობით კითხულობდნენ მსახიობები, მთელი გრძნობითა და ემოციებით, რომელიც სპექტაკლში ჩართულ ცალკეულ ნომრებსაც კი დამესგავსა (ისე როგორც მინი კონცერტს მეორე მოქმედების დასაწყისი).პერსონაჟთა ხასიათები ნიუანსებში იკვეთებოდა, რომელსაც ხშირად მიმართავდნენ ვახტანგოვის თეატრის მსახიობები, რომლებიც გამოირჩეოდნენ  გარდასახვის ხელოვნებისა და სამსახიობო ოსტატობის ფლობით. იუმორი და ირონია, რომელიც თავად ნაწარმოებშიც გვხდება, რიმას ტუმინასმა მსახიობთა გამომსახველობით საშუალებების მთავარ ინსტრუმენტად აქცია, თუმცა ზომიერება მან არ აქ დაარღვია, სამაგიეროდ არ მორიდებია ტექსტის თეატრალურ ილუსტრაციას.  ადომას იაცოვკისის სცენოგრაფია მიუხედავად მონუმენტურობისა და სივრცეში მასშტაბურობისა, სრულებითაც არ ამძიმებდა სივრცეს და მსახიობებს საშუალებას აძლევდა სიმსუბუქის. სივრცე, რომელშიც სარკისებურად აირეკლებოდა სცენაზე მიმდინარე მოქმედება, მაყურებელს შეგრძებასა და აღქმას უორმაგებდა. სარკეში არეკლილი ამბავი ის ცხოვრებაა, რომელიც მაყურებლის წინ შორეული ნახატიდან ცოცხლდება, ან საულაც სცენოგრაფისა და რეჟისორის ჩანაფიქრი შესაძლოა ტრივიალურ მეტაფორად აღვიქვათ, რომ სამყარო, თეატრია და თეატრი ჩვენი ცხოვრების სარკის ანარეკლში გაცოცხლებული რეალობაა.ვახტანგოვის თეატრის მსახიობები ნამდვილად არიან მაღალი რანგის მსახიობები, რომელთაც უნივერსალურ არტისტებს ვუწოდებთ, დახვეწილი პლასტიკით, გამორჩეული ვოკალური მონაცემებით, გარდასახვის უჩვეულო უნარითა და სამსახიობო ოსტატობით, ზოგადად ნიჭიერი და მაღალი საშემსრულებლო ხელოვნებით, მაგრამ ისინი, ჩვენ ტრადიციული თეატრალური ხერხებით დადგმულ სპექტაკლში ვნახეთ, რომელშიც არტისტები უკვე მოძველებული და თანამედროვეობას მოშორებული ხერხებით აგებენ გმირების ხასიათებს. ვახტანგოვის თეატრის მსახიობთა მაღალ საშემსრულებლო ტექნიკას უკვე განვლილ, პოეტურ, ამაღლებულ და ოდნავ პათეტიკურ თეატრალურ ესთეტიკასთან მივყავართ. იცვლება ეპოქა და შესაბამისად იცვლება მსახიობთა საშემსრულებლო ტექნიკა, ხერხები, ამიტომაც მსახიობთა მიერ როლების შესრულების მანერამ ჩვენს თვალწინ საუკეთესო სამუზეუმო ექსპონატი გააცოცხლა ჩვენს დროში, რომელსაც ოდნავ ნაფტალინის სურნელიც კი დაჰკრავდა.განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ევგენია კრეგძეს მიერ შესრულებული ტატიანა, რომლის საფინალო მონოლოგი სამსახიობო ხელოვნების უმაღლესი მწვერვალის ნიმუშია. ამ მსახიობის მიერ შესრულებული როლი ცალკე სპექტაკლია, რომელსაც დამოუკიდებელი დრამატურგია აქვს, განვითარებითა და ფინალით. მსახიობი ყველაფერს ნათელს ხდის და ზედმიწევნითი უშუალობით, სცენური გულწრფელობით გადმოსცემს ტატიანას საბოლოო განაჩენს, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე გრძნობა იყრის თავს. ამ მსახიობის წარმოთქმულ-გათამაშებული საფინალო მონოლოგი მთლიანად აღებს კარებს თვალნათლივ დასანახავად ტატიანას სულში დატრიალებული განცდების.რიმას ტუმინსის სპექტაკლი „ევგენი ონეგინის“ თეატრალური (გამომსახველობითი საშუალებებით მდიდარი, ფერადი, კარნავალური) დადგმა უფროა, ვიდრე სცენური ინტერპრეტაცია, რაც გულისხმობს ნაწარმოების ახლებურ წაკითხვას აქამდე შეუმჩნეველი და ამოუცნობი, განსხვავებული აქცენტების დასმით. სპექტაკლი გაჯერებულია არა ერთი ორიგინალური სათეატრო მეტაფორით, ნატიფი და დახვეწილი მიზანსცენებით, სათეატრო ეფექტებით, რომელიც მაყურებელს ნამდვილ ზღაპარში აგრძნობინებს თავს და ანიჭებს უზარმაზარ ესთეტიკურ სიამოვნებას.სპექტაკლის ერთიან სიუჟეტურ ხაზს ჩართული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, რომელსაც მომხიბვლელად ასრულებენ რუსი მსახიობები, ერთგვარად აფერხებს მოქმედების დინამიკურობას და სიუჟეტს, თუმცა სპექტაკლი იმდენად ოსტატურად არის აწყობილი რეჟისორის მიერ, რომ მაყურებელი ამ ხანგრძლივი სპექტაკლის მიმდინარეობაში  ბოლომდე ჩართულია და არ დუნდება.ფსტივალზე „საჩუქარი“ ყველაზე დიდი გამოხმაურება სწორედ რიმას ტუმინასის ვახტანგოვის თეატრში დადგმულ „ევგენი ონეგინს“ მოყვა. მაყურებლის დიდი ნაწილი სპექტაკლმა აღაფრთოვანა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან წარმოდგენა მხატვრული და საშემსრულებლო თვალსაზრისით მაღალ სტანდარტებს ეთამაშება, მაგრამ გაოცება იმით, რომ ჩვენი თეატრისთვის მსგავსი სპექტაკლები უჩვეულოა, რეალობასაა მოკლებული. არ მესმის რატომ მიგვიწევს გული უცხოელი რეჟისორების ისეთ სპექტაკლებზე, როცა აქვე, რუსთაველის თეატრში, რამდენიმე ათეული წელია მოღვაწეობს რობერტ სტურუა, რომელიც გაცილებით ადრე ქმნიდა და ამკვიდრებდა განსხვავებულ სათეატრო ენას და დგამდა  პოლისტილისტურ სპექტაკლებს. „ევგენი ონეგინიც“ პოლისტილისტური სპექტაკლია, სადაც ირონია, სარკაზმი, იუმორი და ბევრი ლირიკა ერთმანეთს ენაცვლება, სადაც დრამატულობა, კომიზმი და გროტესკი ერთმანეთის ტკბილი „მეზობლები“ ხდებიან, სადაც რეჟისორი შემაწუხებელ სენტიმენტალიზმს და პათეტიკას მომენტალურად გაურბის და ამ ემოციას იუმორით, ან გროტესკით აბალანსებს. რობერტ სტურუას სპექტაკლებშიც ხომ გვხდება სფეციფიკურად მოსიარულე პერსონაჟები,  ქალთა ქორეოები...?!თუკი, ვახტანგოვის თეატრის სპექტაკლის „ევგენი ონეგინის“ მაგალითზე ვიმსჯელებთ, სად არის თანამედროვე რუსული თეატრი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოდნავ უკან, ვიდრე ევროპული თეატრი. რუსული თეატრი ტრადიციების აღორძინებაზე და ამ ტრადიციების მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის კარგავს დროს და იოლად არ უშვებს ახალ ტენდენციებს იმ მოტივით, რომ „ევროპულმა თეატრმა არ გააფუჭოს და წაბილწოს წმინდა რუსული თეატრი“. ტრადიციების შენარჩუნება, ბუნებრივია, კარგი ტენდენციაა, მაგრამ ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, მუდმივი განახლების და ახალი გამოცდილებების გაზიარების კვლადაკვალ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსული თეატრი მოწყდება ზოგადსათეატრ

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com