მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
არქივი
artarea.tv - სამხრეთ აფრიკული კარმენის ტემპერამენტი და ექსცენტრულობის ოკეანე @ ლაშა ჩხარტიშვილი -artarea.tv

 სამხრეთ აფრიკული კარმენის ტემპერამენტი და ექსცენტრულობის ოკეანე

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

   

ექსცენტრული- ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე უფრო გამოხატავს ალბათ, დადა მაზილოს ცეკვის არსს. ექსცენტრულობას, სითამამესა და ფულახდილობას არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის შესრულებაში ვხვდებით, არამედ მის წარმოდგენებში, რომელიც გადამდები აღმოჩნდა ჯერ მისი დასის წევრებისთვის, ხოლო შემდეგ მაყურებლისთვის, რომელიც სუნთქვაშეკრული ადევნებს თვალს ოცეკვავეთა მოძრაობის ყველა დეტალს. ამ ინტერესს განაპირობებს ისიც, რომ აქ ნახავ იმას, რაც აქამდე არ გინახავს, არ ელოდები იგივე კომპოზიციას, იგივე გადაწყვეტას, იგივე სტრუქტურას, რაც სხვა სპექტაკლებში გინახვს, აქ ყველაფერი განსხვავებულია და დადასეული.

ფესტივალის „საჩუქარი“ პროგრამაში გაჩენილმა დადა მაზილოს „კარმენმა“ ცოტა არ იყოს დამაეჭვა, რადგან შეუძლებელია ერთ ფესტივალზე თავი მოუყარო საშა ვალცის, რიმას ტუმინასისა (ერთდროულად ორ სხვადსხვა) და დადა მაზილოს წარმოდგენებს, თანაც ისე, რომ თითოეული წარმოდგენა რამდენჯერმე „ათამაშო“. თუმცა, რა გასაკვირია, ვინც არ უნდა იყოს, ქეთი დოლიძე და სოფო თორთლაძე თუ „გადაეკიდა“, ყველაფერზე დაითანხმებენ და შენც დაიჯერებ ამ თითქმის შეუძლებელ ამბავს და თავგადასვლების დასასრულს, შენი თვალითაც ნახავ სცენაზე მოციმციმე დადა მაზილოს კარმენის ამპლუაში. დადა მაზილო ქართველი მაყურებლისთვის თითქმის უცხო კუნძულია, რომლის შესახებაც მხოლოდ ვიწრო პროფესიულ წრეებში თუ სმენიათ. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ მაყურებელი აკლდა დადა მაზილოს წარმოდგენებს.

დადა მაზილო სამხრეთ აფრიკელი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, რომლის „ცეკვის ფაბრიკა“ კლასიკური ბალეტის, თანამედროვე ცეკვის და ტრადიციული ფოლკლორის უნიკალური სინთეზით გახდა ცნობილი. მსოფლიო შედევრების დადასეული ინტერპრეტაციები, მისთვის დამახასიათებელი ენერგიით, იუმორით და დინამიზმით არა მხოლოდ ცეკვის ახალ უნიკალურ მანერას ქმნის, არამედ მაგიურად აჯადოვებს აუდიტორიას. ასე მოაჯადოვა ქართველი მაყურებლის დიდი ნაწილი  დადამ თავისი ექსცენტრულობითა და გულწრფელობით.

პირველად იგი ლეგენდარული Bouffes du Nord თეატრის სცენაზე წარსდგა პარიზში, 2011 წლის ნოემბერში. ეს იყო მისი სოლო წარმოდგენა „როზმარინის მწარე გემო“ სადაც შექსპირის „ჰამლეტში“ შეკითხვებს უსვავდა ოფელიას, ცეკვავდა მის სიგიჟეს სრულად ახლებური, ექსპრესიული ფორმით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა გმირის უკიდურესად მგრძნობიარე ბუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მას გაცილებით აღელვებს პერსონალური გამოწვევა ქორეოგრაფიაში ვიდრე პოლიტიკური განცხადებები, თუნდაც თანამედროვეობის ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა ჰომოსექსუალიზმი და რასობრივი ურთიერთობა, პატარა აფრიკელი მოცეკვავე საკუთარი ხელოვნებით ყველა ცნობილ ტაბუს არღვევს და საზოგადოებას სწორედ რომ ამ თემებზე სასაუბროდ იწვევს.

„კარმენში“ ამ პრობლემებისა და თემების ნაკადი ვერ შევნიშნეთ, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ თვალში საცემი იყო ირონიული სცენები, სადაც ქალები ძირითადად მამაკაცებს დასცინიან, მათ იყენებენ და შემდეგ სანაგვეზე აგდებენ, დამცირებულს და დამონებულსაც კი.

სპექტაკლი კონტრაპუნქტულად იწყება, პირველი ეპიზოდი სრულ სიჩუმეში მიმდინარეობს, ბიზეს მუსიკა ოდნავ მოგვიანებით შემოდის სპექტაკლში. მოცეკვავეთა ირონიული ტონი და ექსცენტრულობა მაყურებელსაც რთავს წარმოდგენის მსვლელობაში და მოულოდნელობებით ავსებს მათ. ტემპო რიტმი თითქოს მონოტუნურია, მაგრამ ვიზუალური მხარე და კომპოზიცია იმდენად მიმზიდველია, რომ ჟანრიდან ჟანრში მოგზურობ არავერბალური თეატრის სამყაროში. აქ ყველაფერს შეხვდებით, ფოლკლორს, მოძრაობას, ცეკვას და კლასიკური ბალეტის ელემენტებსაც კი. ეს ნაზავი დიდი ემოციურობით და გულწრრფელობითა შექმნილი, რასაც გრძნობს კიდეც მაყურებელი.

უაღრესად ექსცენტრულ სცენებს, ლირიკული სცენები ესაზღვრება, რომელიც ამაღლევებელთან ერთად დიდი ტკივილის, ვნებისა და სიყვარულის მატარებელია. თავად დადა მაზილო სახასიათო მოცეკვავეა, რაც მას გმირების განსხვავებული ვერსიების, ინტერპრეტაციების შექმნაში ეხმარება. 

დადა მაზილო 12 მოცეკვავესთან ერთად ჯორჯ ბიზეს „კარმენის“ აფრიკულ ფოლკლორთან ნაზავ თანამედროვე ვერსიას ქმნის და ის არ წარმოადგენს მისივე „გედების ტბის“ მსგავსად კლასიკური ნაწარმოების ირონიზაციას. პირიქით, ამ სპექტაკლში ყველაფერი ბიზესეულია და ტემპერამენტით სავსე. დადა მაზილო ბოშათა პროტაგონისტის შინაგან არსს ახლებურად ხსნის. წარმოდგენა ყველას აღფრთოვანებას იწვევს და ამავე დროს ძალიან პერსონალურია. აქ მუსიკაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილია: როდინ შჩედრინი, ბიზეს ორიგინალური მუსიკა, მარია კალასის „ჰაბანერა“ და არვო პარტის ცნობილი „Lamentate“ ნამდვილად განსხვავებულ მუსიკალურ შეგრძნებებს აცოცხლებს.

დადა მაზილოს სპექტაკლში სცენოგრაფია მხოლოდ მხატვრული განათებისა და კოსტიუმების სახით არის წარმოდგენილი. თანამედროვე კოსტიუმებთან ერთად სხვადასხვა ეპიზოდში „კარმენის“ ტრადიციულ კოსტიუმებსაც ვხვდებით. დროსა და სივრცეში განფენილი კოსტიუმები, სპექტაკლის მასშტაბსაც (დროისა და ადგილის მიხედვით) აფართოვებს. ყველაზე მთავარი იარაღი, რითაც დადა მაზილოს დადგმები ფართო აუდიტორიას ხიბლავს, ეს გულწრფელობა და უშუალობაა, მის დადგმებში არაფერია ხელოვნური და ფორმალური. გულწრფელობა კი, თუნდაც და ზოგჯერ ვულგარულობამდეც დასული მაყურებელს არ აღიზიანებს.

დადა მაზილოს „კარმენით“ და ამაღლებული ესთეტიკური განწყობით დაიხურა ფესტივალი „საჩუქარი“ და მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა. ვიმედოვნებთ, მომდევნო წელსაც ფესტივალის ორგანიზატორები მოახერხებენ არა მხოლოდ ახალი „პლანეტების“ თბილისში გადმოსროლას, არამედ მოციმციმე ვარსკვლავების თბილისში ანთებას. 

 

 
CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com