მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
არქივი
მეცამეტე „საჩუქარი“ გაიხსნა ლაშა ჩხარტიშვილი
 
 
თარიღი: 25/10/2015
 
კატეგორია: სტატია
 

მეცამეტე „საჩუქარი“ გაიხსნა

ლაშა ჩხარტიშვილი

     

 

შემოდგომის თბილისის მეორე მნიშვნელოვანი თეატრალური აკორდი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარია“, რომელიც წელს მეცამეტედ საზეიმოდ გაიხსნა და ფესტივალის გახსნა თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა. ტრადიციულად ფესტივალის გახსნაზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს მიხეილ თუმანიშვილის პრიზის წლევანდელი ლაურეატები, რომელთა შორის ხელოვნების სფეროს გამორჩეულ ქართველ მოღვაწეებთან ერთად, უცხოელი ხელოვანებიც არიან. მიხეილ თუმანიშვილის პრიზით დაჯილდოვდა მსოფლიოში აღიარებული ქორეოგრაფი საშა ვალცი, რომელიც წელს ფესტივალის მონაწილეცაა და ქართველი ხელოვანები, რეჟისორი - დავით დოიაშვილი, კომპოზიტორი - გია ყანჩელი, მსახიობები: ნანა  ფაჩუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, მარი ჯანაშია, ასევე მომღერალი მანანა მენაბდე.

ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელი რამდენიმე ქართულ წარმოდგენასთან ერთად ნახავს მსოფლიოში აღიარებული ხელოვანების წარმოდგენებს, მათ შორის, ფესტივალის პროგრამაში არის დადა მაზილოს „კარმენი“, საშა ვალცის „დღიური -1, რვას აკლია 20 წუთი“, დიმიტრი კრიმოვის „რუსული ბლუზი. სოკოზე წასვლა“, რიმას ტუმინასის „ევგენი ონეგინი“. ეს ის სახელებია, რომელთა გარეშეც თანამედროვე თეატრი დღეს წარმოუდგენელია. ამ პროგრამით ფესტივალმა ქართველ მაყურებელს და თეატრის მოყვარულებს ნამდვილი საჩუქარი მოუმზადა.

ფესტივალი სანქტ-პეტერბურგის თოჯინების დიდი თეატრის წარმოდგენით „ქებათა ქება“ გაიხსნა, რომლის რეჟისურაც რუსლან კუდაშოვს ეკუთვნის. სპექტაკლი წარმოადგენს გაცოცხლებულ ილუსტრაციას ძველი აღთქმის წიგნიდან „ქებათა-ქება სოლომონისა“. ცალკულ ეპიზოდებად და სურათებად დანაწევრებული ილუსტრაციები მთლიანობაში აცოცხლებს სოლომინის სიბრძნის იმ მხარეებს, რომელიც ცხოვრების აღქმას, ჯადოსნობას, სიბრძნესა და უკვდაობას უტოლდება. ცოცხალი სურათებით ჩვენს თვალწინ ნახევრად მისტიკურ გარემოში ცოცხლდება ბიბლიურ-მითოლოგიური სიუჟეტები, პერსონაჟები და მაყურებელიც მათთან ერთად მოგზაურობს ამ ჯადოსნურ სამყაროში.

სპექტაკლის მისტიკურობას ხელს უწყობს მხატვრული განათების (ლარისა ნოვიკოვა) ისეთი ეფექტი, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ თუმანიშვილის თეატრის ტექნიკური შესაძლებლობებით მიუღწევიათ თურმე პეტერბურგელ სტუმრებს. მხატვრულ განათებას ამ სპექტაკლში განმსაზღვრელი როლი ჰქონდა, რომელიც ქმნიდა ზუსტ და გადამდებ ატმოსფეროს, სიტუაციებს. მისტიკურ ატმოსფეროს მუსიკალურ ხმოვანი რიგიც უწყობდა ხელს და ტექსტი, რომელსაც მსახიობები რეჩიტატიულად კითხულობდნენ, როგორც ბიბლიურ ტექტსტებს სასულიერო პირები წირვა-ლოცვის წარმოების დროს. სპექტაკლში მუსიკალურ-ხმოვანი რიგი მრავალფეროვანი ფორმით გვხდებოდა, კერძოდ, ხმაურების (ლითონის ფირფიტებზე დარტყმის შედეგად), გალობის, რეჩეტატიულად წაკითხული ტექსტის სახით.

სურათები, რომელსაც პეტერბურგელი მსახიობები სცენაზე აცოცხლებდნენ იყო მაქსიმალურად რეალისტური, რათა ახლოს და თვალნათლივ შეგვეგრძნო სოლომონის სიბრძნის საიდუმლოება. სიმბოლოებით და მეტაფორებით გაჯერებული მიზანსცენები მოძრაობის თეატრის ჟანრშია გადაწყვეტილი, სადაც ქმედება და მოძრაობა ზუსტად გამოხატავს ადამიანთა განწყობებს, ხასიათებს და ზედმიწევნით ზუსტად ასახავს მხატვრულ რეალობას, რომელიც სცენაზე ცოცხლდება. პეტერბურგელი მსახიობები საოცრად კონცენტრირებულებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც რთულ მხატვრულ ამოცანებს წარმატებით ართმევდნენ თავს.

საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი სპექტაკლის სცენოგრაფია (მარიანა ზავიალოვა), აქ მოქმედება ერთდროულად რამდენიმე სიბრტყეზე ვითარდება, სცენოგრაფი იყენებს სამ დომინანტს ფერს: წითელს, შავსა და თეთრს და როგორც უხსოვარ დროში, ამ სპექტაკლშიც, ფერებს სხვა სიმბოლური დატვირთვა და გააზრება აქვს. აქ ერთმანეთს ორგანულად შეერწყა მსახიობის ცოცხალი პლანი და სხვადასხვა ტიპის თოჯინა, რომელებიც მსახიობებს ღირსეულ პარტნიორობას უწევენ.

მიუხედავად ზღაპრული სამყაროს შექმნისა და მუდმივი ცვალებადობისა სპექტაკლში ამბები გაცოცხლებული სურათების სახით, მაინც მონოტონურად მიმდინარეობს. არ იცვლება ატმოსფერო, განათების ფერი და განწყობა. სპექტაკლი ერთ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და ოდნავ მოსაწყენიც კი გახდა, ვინაიდან ეპიზოდთა მუდმივი ცვლის მიუხედავად არ იცვლებოდა სპექტაკლის ტემპო-რიტმი. ამასთანავე სპექტაკლს სამი ფინალი აქვს, რომელიც კულმინაციასაც ემთხვევა. მართალია შინაარსობრივად სამივე ფინალი ერთსა და იმავე იდეას გამოხატავდა, მაგრამ პირველი კულმინაციის შემდეგ, როცა წერტილი უკვე ისმება, მომდევნო ეპიზოდები სპექტაკლის ერთიანობას არღვევს.

რუსლან კუდაშოვის სპექტაკლი „ქებათა ქება“ ერთი დიდი სიზმარია სიყვარულზე, უხსოვარი დროიდან მოყოლებული დღევანდელობამდე, კოსმოსზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, არსებობს, იბრძვის და მუდმივად ეძებს ადგილს დამკვიდრებისთვის. ფორმის თვალსაზრისით კი ამ სპექტაკლმა დაგვარწმუნა იმაში, რომ თეატრს და ფანტაზიით სავსე რეჟისორს შეუძლია უკიდეგანოდ მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით შექმნას შთამბეჭდავი სანახაობა და გვიჩვენოს ადამიანის, ამ შემთხვევაში მსახიობის უნივერსალურობა.

ფესტივალის მომდევნო დღეებში ქართველი მაყურებელი ბევრი მნიშვნელოვანი საჩუქარი ელის: საშა ვალცისა და დადა მაზილოს წარმოდგენები, რომელსაც ქართველი მაყურებელი პირველად სწორედ „საჩუქარის“ ფარგლებში ნახავს.

 

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com