მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
არქივი
2015 საშა ვალცისა და სტუმრების " საჩუქარი "ქართველ მაყურებელს @ლაშა ჩხარტიშვილი

„საშა ვალცისა და სტუმრების“ საჩუქარი ქართველ მაყურებელს

@ლაშა ჩხარტიშვილისაშა ვალცის და მისი დასის სტუმრობა (კომპანია „საშა ვალცი და სტუმრები“) წარმოდგენით „დღიური პირველი - რვას აკლია 20 წუთი“ ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა ქართველი მაყურებლისთვის. სამი დღის განმავლობაში, წარმოდგენები რუსთაველის თეატრში მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა. აშკარა იყო, რომ სტუმართა სტიმულატორი ქართველი მაყურებელიც გახდა, რადგან „უხილავი ძაფები“ სცენასა და პარტერს შორის წარმოდგენის დაწყებისთანავე გაიბა, თუმცა დარბაზში იყვნენ ისეთებიც, რომელიც ამ ინტიმს უდროო ტაშით (ძირითადად დაუმთავრებელ სცენებზე) არღვევდნენ... მაგრამ ფაქტია, რომ ქართველმა მაყურებელმა ევროპის კულტურის ელჩის სათეატრო ენას   გაუგო და მიიღო კიდეც. სპექტაკლმა არაერთგვაროვანი ასოციაციები აღძრა პროფესიონალებში, რამაც საშა ვალცის ქორეოგრაფიას  კიდევ უფრო ფართო მასშტაბი შესძინა.  საშა ვალცის 1993 წელს დადგმული წარმოდგენა „დღიური პირველი - რვას აკლია 20 წუთი“ ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია მის შემქომედებაში, ამიტომაც სპექტაკლი დღემდე ცოცხლობს და არ კარგავს ინტერესს. წარმოდგენაში არაერთხელ შეიცვალა შემსრულებლები, თუმცა სპექტაკლს არც ხიბლი დაუკარგავს და არც აქტუალობა.საშა ვალცი მხოლოდ ცალკეულ განწყობას და ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს კი არ გვთავაზობს დანაწევრებული იდეების სახით, არამედ ერთ გრძელ, კონტასტული ეპიზოდებით გაჯერებულ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც არა მხოლოდ სემანტიკურად უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ გამომსახველობითი საშუალებებითაც, ქორეოგრაფიულად, მაშინ, როცა ავტორი კონტრაპუნქტულ წყობას მიმართავს. საშა ვალცი გვიჩვენებს ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაციებს და ამბებს, რომელიც სოციალურად აქტიალური თემის გარდა, პრობლემის სიმწვავით არის გადმოცემული, თანაც ისე, რომ დაძაბულობისთანავე განმუხტოს მაყურებელი. ამიტომაც ხდება ეპიზოდები იუმორისტული, რადგან თავად სიტუაციაც კომიკურია, რომელსაც მსახიობები ქმნიან სცენაზე.საშა ვალცი „დღიურით“ გვაცნობს ადამიანებს, მათ ხასიათს და ჩვევებს. აყენებს მათ სხვადასხვა სიტუაციაში და მათივე მოქმედებით ავლენს სწორედ ადამიანის ფიქრებს, ზრახვებს, უკიდურეს თვისებებს (როგორც მანკიერს, ისე საუკეთესოს). ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ პურის გაყოფის სცენა, ედივალდო ერნესტოს გმირი უკიდურეს სულმდაბლობას, გაუმაძრობასა და დაუდევრობას იჩენს მეგობრების, საყვარელი ადამიანების მიმართ, რომელმაც მოხერხებულობის და სიყოჩაღის წყალობით მოიპოვა გამარჯვება. ედივალდო ერნესტის გმირს, დამდგმელი, საპირწონედ საზოგადოებას უპირისპირებს, რომელიც სამაგალითო ჰუმანურობით, მეგობრობისა და სულგრძელობის, ერთმანეთის გატანით გამოირჩევა ხარბი ედივალდოსაგან.  ერთი შეხედვით მუსიკალური ეკლექტიზმი ზუსტი თანხლება აღმოჩნდა იმ მოძრაობების და ცეკვის, რომელსაც მსახიობები: დევიდ კამპლანი, ედივალდო ერნესტო, ტაკაკო სუზუკი, ფლორენცია ლამარსა, იაელი შნელი ემოციურად ასრულებენ. სხვადასხვს კომპოზიტორთა მუსიკალური თემები და კომპოზიციები განსხვავებული სტილისტიკის მიუხედავად, ზედმიწევნით ზუსტად ერწყმის იმ მოძრაობებს, რომელსაც მსახიობები სხვადასხვა განწყობით და ემოციურობით ასრულებენ. ხშირ შემთხვევაში თავად მუსიკაც ხდება მაინსპირირებელი ძალა.სპექტაკლის მხატვარი ბარბარა სტეპია, რომელიც წარმოდგენის ხასიათისა და მასში მოტხრობილი ამბის შესაბამის და კონცეპტუალურ სცენოგრაფიას ქმნის. როგორც პერსონაჟები, ისე სივრცე (ოთახი) სადაც ადამიანები ცხოვრობენ, კონტრასტულია და სტატიკური. ერთ მხარეს შავი კედელია, ცარცით დახატული ავეჯით, მეორე მხარეს კი ფერადი მისაღები ოთახი. ამ ნახევრად ფერად და ნახევრად ბნელ ოთახებში მხოლოდ ორი კარი და ერთი ფანჯარა იღება. ასე გადადის დინამიკაში სტატიკური დეკორაცია. ამ ფანჯარაში ხშირად იცქირებიან მეოცნებეები და რომანტიკოსები, რომლებიც სივრცეს გაჰყურებენ. რაც შეეხება ორ მოძრავ კარებს, ისინი სპექტაკლის მთავარი იდეის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ღერძი და გასაღებია. სწორედ კარებში პერსონაჟთა გასვლა-შემოსვლის ეპიზოდში ვლინდება პერსონაჟთა ხასიათები, ადამიანების სხვადასხვა ტიპაჟები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ფინალში სცენოგრაფი კიდევ ერთ სიურპრიზს გვიწყობს, როცა „შავი ოთახის“ კედელი ჩამოიშლება და საწოლად გადაკეთდება. თითქოს კედელიც გიჟდება და რაღაც კიბერ-ტექნოსამყაროში გადადის, როგორც თავად პერსონაჟები ფინალურ სცენაში. გაგიჟების პირველი ეტაპი, მაშინ გამოჩნდა, როცა ფლორენცია ლამარსა დევიდ კამპალანის კედელზე დააატარებს. ეს ეპიზოდი რამდენიმე მეტაფორის შემცველია. ქალი როგორც ძლიერი ძალა და საყრდენი მამაკაცის სიძლიერისა და მეორე ორი მეგობრის შესაშური თანამეგობრობა.საშა ვალცის სპექტაკლი ტაკაკო სუზუკის ტექსტური მონოლოგით იწყება, რომლის შინაარსიც ჩვენ არ გვესმის. აქ ტექსტი ბოლომდე უფუნქციოა, აქ ნომინალური სხეულის  ენაა, რომლითაც მეტყველებენ საშა ვალცის პერსონაჟები, ჩვენი თანამედროვეები და ჩვენი ცხოვრების ამრეკველები სცენაზე.საშა ვალცის სპექტაკლში ბევრჯერ, ზომიერად და ზუსტ დროს გვხდება იუმორი, ირონია, სევდა და ტკივილი. საშა ვალცი არ გვთავაზობს გამოსავალს როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი უკეთესი, არც „დამნაშავე“ პერსონაჟები გამოჰყავს უარყოფით გმირებად, ის უბრალოდ გვიჩვენებს რეალობას და გვიტოვებს არჩევანის გაკეთების უფლებას. მას, როგორც ხელოვანს, უყვარს ადამიანები ისეთები როგორებიც ისინი არიან, ამიტომაც ყველაზე მანკიერ მხარეებსაც კი იუმორითა და ირონიით წარმოაჩენს.საშა ვალცის „დღიური პირველი - რვას აკლია 20 წუთი“ არატრადიციული კოსტრუქციის წარმოდგენაა, მოვლენები აქ ეტაპობრივად ვითარდება და კულმინაციას ფინალში აღწევს. კულმინაციურ მომენტში სრულდება წარმოდგენა, რომელიც თავისი ფორმით  წარმოდგენის ამბის მოულოდნელი წერტილია (ან მრავალწერტილი). მოქმედებები სპექტაკლში დინამიკურად მზარდი და განვითარებადია, რომელიც მაყურებელს ეფექტური და პოლიფონიური ფინალისთვის ამზადებს. საბოლოოდ, ადამიანები მეტამორფოზას განიცდიან, ისინი ერთდროულად ხდებიან ჭკუიდან შეშლილები, მარიონეტები, მექანიკურები, ტექნოკრატულები და რობოტულიც კი, მაგრამ არ კარგავენ მთავარს-ხასიათს, ისინი ისეთებად რჩებიან, როგორებიც პრესოციუმში იყვნენ.1993 წელს „საშა ვალცისა და სტუმრების“ მიერ განხორციელებული დადგმა თანამედროვე პოსტ პოსტდრამაული თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, სადაც თეტრს გამომსახველობითი საშუალებები ერთმანეთს ერწყმის და სადაც, სიუჟეტი კი არ არის მთავარი, არამედ სათქმელი.

 

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com