მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
არქივი
2015 როცა „საჩუქარი“ ფესტივალია

წელს, მიხეილ თუმანიშვილის პრიზი მიენიჭათ მსახიობებს: მარი ჯანაშიას, ნანა ფაჩუაშვილს, ნანი ჩიქვინიძეს; მომღერალს - მანანა მენაბდეს; რეჟისორს - დავით დოიაშვილს; კომპოზიტორს - გია ყანჩელსა და ქორეოგრაფს - საშა ვალცს.

  მანანა ტურიაშვილი

  17 ოქტომბერს უჩვეულო საზეიმო განწყობილება იდგა „გარდენ ჰოლში“, ვინაიდან „თბილისობაზე“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის — „საჩუქარის“ ოფიციალური გახსნა შედგა. სტუმარი სტუმარს ემატებოდა და საორაგანიზაციო ჯგუფის წევრები განურჩველად ყველას გულთბილად და პატივისცემით ხვდებოდნენ. სამხატვრო ხელმძღვანელს — ქალბატონ ქეთი დოლიძეს ულოცავდნენ ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდებასა და ხელოვნების ზეიმის დაწყებას, რომელიც თბილისში ერთი თვე გასტანს.

 თავყრილობა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთი დოლიძემ გახსნა. მაყურებელთა დარბაზმა წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო რეზო ჩხეიძის ხსოვნას, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის მიხეილ თუმანიშვილის თეატრის ჩამოყალიბებაში. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა არც რამაზ ჩხიკვაძე დაივიწყა, ვინაიდან დიდი მსახიობი 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. საღამოზე გულთბილი სიტყვები არ დაიშურეს თბილისის მერმა — ბატონმა დავით ნარმანიამ და საქართველოს კულტურის მინისტრმა — ბატონმა მიხეილ გიორგაძემ. მათ ფესტივალების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 მიხეილ გიორგაძე — საქართველოში ჩატარებულ ფესტივალებს მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უკავია და მერწმუნეთ, ამაზე საუბრობენ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროსაბჭოს, იონესკოს მაღალი რანგის წარმომადგენლები. თბილისის მერია, კულტურის სამინისტრო მახარს უჭერს „საჩუქარს“ და დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ფესტივალის მხარდამჭერ კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

 თბილისის ბიზნესცენტრის პრეზიდენტი (TBS) ბატონი მამუკა ხაზარაძე: მე მიყვარს და ყოველთვის მხარს ვუჭერ იმ ადამიანებს, რომლებიც პროცესს ქმნიან — ასეთია ქეთი დოლიძე. მიუხედავად ფინანსური და პოლიტიკური პრობლემებისა, მან შეძლო ფესტივალის შენარჩუნება. ჩვენ „საჩუქრისთვის“ არ გვიღალატია და მუდამ მხარში ვედექით. დღესასაწაულებს მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ასეთი პროექტები მოგვწონს და ქეთი დოლიძესთან ვთანამშრომლობთ.  ჩვენ პარტნიორები ვართ და 15 წელია მათ ვასპონსორებთ. 

 მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე: ამ ფესტივალის დაკარგვა არ შეიძლება და ძალიან მიხარია, რომ აღადგინეს. თუ გადავხედავთ შარშანდელ და წლევანდელ პროგრამას, მივხვდებით, რომ  ფესტივალის მაღალი დონე ბევრ ქვეყანას შეშურდებოდა. ფესტივალი ქვეყნის სიმდიდრეა და ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიონალებისათვის, რომლებიც ამ დღეებს ველოდებით, როგორც ანკარა წყაროს, როგორც სუფთა ჰაერს, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის. ჩვენ არ გვაქვს საშუალება წავიდეთ და ეს სპექტაკლები ვნახოთ საზღვარგარეთ და როცა ერთ სივრცეში, ერთ ქალაქში ადევნებ თვალყურის თეატრალურ პროცესებს — ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფესტივალს დღეგრძელობას ვუსურვებ. დაე, ყოველთვის იყოს ღრმა და შინაარსიანი იმიტომ, რომ ის მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებს და მან მაღალი ხარისხი უნდა შეინარჩუნოს.

 მარი ჯანაშია — ეს ფესტივალი ბატონ მიშას ეძღვნება და გულწრფელად გეუბნებით — ამაზე კარგი და მნიშვნელოვანი რამ, არასდროს მიმიღია იმიტომ, რომ მიხეილ თუმანიშვილი ჩემთვის იყო არა მარტო პედაგოგი და დიდი რეჟისორი, არამედ გზის მანათობელი, რომელიც გვასწავლიდა მარადიული ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლოს. დღეს ცხოვრების რიტმი აჩქარდა, ამიტომ „ზევით“ საყურებლად აღარ გვცალია, არადა იქ ზევით უფრო საინტერესოა, ეს გვასწავლა ბატონმა მიშამ.

 ნანი ჩიქვინიძე: დღეს ყველაზე საამაყო ჯილდო მივიღე. თეატრალურ ინსტიტუტში, რეჟისორებისა და მსახიობების გაერთიანებულ ჩვენს ექსპერიმენტულ ჯგუფს — „მე-11 აუდიტორია“ ერქვა. აქ დაიბადა  ახალი თეატრის იდეა. მიხეილ თუმანიშვილმა  გვასწავლა სცენური კანონები, გვასწავლა ცხოვრების წესი და ასე მგონია, რომ ჩვენმა ჯგუფმა შეძლო მისი სწავლების შენარჩუნება და დაცვა. ჩვენ ამაზე აქტიურად არ ვფიქრობდით, არა! უბრალოდ, ასე გაგვზარდა და სხვანაირად ცხოვრება არ შეგვეძლო.

 დავით დოიშვილი: ქალბატონმა ნანიმ თქვა, რომ ჩვენ ვიცხოვრეთ ისე, როგორც საჭიროა. სამწუხაროდ მე ვერ ვიცხოვრე ისე, როგორც მარიგებდა ჩემი პედაგოგი. ის მეუბნებოდა: იცხოვრე ერთი წამით წინ, შექმენი სპექტაკლები, რომელიც იბადება ჩვენ თვალწინ, აქ, ახლა… სამწუხაროდ, ადამიანები ბევრ რამეს ვივიწყებთ და მეც ბევრი რამ დავივიწყე. მჯერა, რომ ქეთი დოლიძემ ეს პრიზი „ჩააწყო“ და ამიტომ მომცეს, და ქეთის, ჩემ სიყვარულში ვერ გაეჯიბრებიან და მეორე — ეს პრიზი მომცეს იმიტომ, რომ გვერდით მყავდეს ჩემი პედაგოგი, ვინაიდან მუდმივად მახსოვდეს — დავდგა სპექტაკლები იქ, სადაც საჭიროა და ვიცხოვრო ერთი წამით წინ…

 მანანა მენაბდე: თუ მე პიროვნება მქვია, თუ მე დღეს მიცნობენ — ეს მიხეილ თუმანიშვილის დამსახურებაა. როგორც ხელოვანი, მან შემქმნა. სიმღერას მარტო ნიჭი არ შველის, მას ცოდნა სჭირდება. მიხეილ თუმანიშვილს უნდოდა, რომ რეჟისორი ვყოფილიყავი და სიმღერას მიშლიდა — ამ საკითხზე გვქონდა უთანხმოება.  ჩემი იგავ-არაკების მიხედვით, პიესა დავწერე და  დადგმას ვაპირებ. ასე მგონია,  ყველაფერი ბრუნდება.

ქეთი დოლიძე: ყველა ფესტივალი ასეთი ზეიმით უნდა გაიხსნას იმიტომ, რომ ფესტივალი ზეიმია და საზეიმოდ გვაქვს საქმე — არაჩვეულებრივი პროგრამაა, შესანიშნავი ლაურეატები გვყავს და თეატრმცოდნეების გულშემატკივრობასაც ვგრძნობთ…

 ფესტივალის დირექტორი ზურაბ გეწაძე: ფესტივალის ორგანიზაცია რთულია. ვალუტის კურსის ცვლილებამ დიდი ზიანი მოგვაყენა, ვინაიდან უცხოურ დასებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს დოლარზე და ევროზე. ვიმედოვნებ, რომ მაყურებელი დროს გამონახავს და იხილავს: რიმას ტუმინასის სახელგანთქმულ „ევგენი ონეგინს“, „მადაგასკარს“ (სხვათაშორის ამ რეჟისორთან დაგეგმილია შეხვედრა), საშა ვალცის „დღიური I, 8-ს აკლია 20 წუთი“, დადა მაზილოს „კარმენს“,  დიმიტრი კრიმოვის ახალ წარმოდგენას „რუსული ბლიუზი, სოკოზე წასვლა“, გაბრიელე ტუმინაიტეს „ბიძები და დეიდები“, ალა სიგალოვას „ხანუმას“, გამოფენებს და ა. შ. 18 და 19 ოქტომბერს, შედგება პეტერბურგელების სპექტაკლი „ქებათა ქება“. 

 ფესტივალ „საჩუქარის“ გახსნის დღეს ტრადიციულად მიხეილ თუმანიშვილის პრიზის ლაურეატები სახელდებიან — მათ  მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ შექმნილი ქანდაკების ასლს გადასცემენ. თეატრის მოყვარულები ამ ქანდაკებას კარგად იცნობენ, ვინაიდან ის დიდი ხანია, მიხეილ თუმანიშვილის თეატრის ფასადს ამშვენებს. წელს, მიხეილ თუმანიშვილის პრიზი მიენიჭათ მსახიობებს: მარი ჯანაშიას, ნანა ფაჩუაშვილს, ნანი ჩიქვინიძეს; მომღერალს — მანანა მენაბდეს; რეჟისორს — დავით დოიაშვილს; კომპოზიტორს — გია ყანჩელსა და ქორეოგრაფს — საშა ვალცს. 

 



Sputnik საქართველო http://sputnik-georgia.com/culture/20151019/228823513.html#ixzz48NkAu8mp

 

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com